Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაცნობითი შეხვედრა საქმიანი მიზნებით


ეუთოს დამკვირვებელი და რუსი ჯარისკაცები საქართველოში, 2008 წელი
ეუთოს დამკვირვებელი და რუსი ჯარისკაცები საქართველოში, 2008 წელი
ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში გედრიუს ცეკულოისს დღეს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილი შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა, იმავდროულად, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის მოგვარების გზები და ისაუბრეს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე.
უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ოკუპაციას ეხება ...

გაჭიანურებული კონფლიქტების მოსაგვარებლად ერთობლივი ვალდებულებების აღება და ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა საქართველოში ლიტვამ თავის პრიორიტეტებში ეუთოს თავმჯდომარეობის მოვალეობის შედგომისთანავე დაასახელა. პირველი ოფიციალური შეხვედრა თბილისში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების ხედვისა და სტრატეგიული გეგმის გაცნობას დაეთმო.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუდრონიუს აჟუბალისმა, ვენაში 13 იანვარს, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, განაცხადა, რომ 2011 წლის დეკემბრისთვის, როდესაც ვილნიუსში ეუთოს მინისტერიალი გაიმართება, ორგანიზაციას რეალური პროგრესი უნდა ჰქონდეს გაჭიანურებული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ამ მიმართულებით გამართული პირველი შეხვედრის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა:
სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში ეკატერინე ტყეშელაშვილი

”ჩვენს უწყებაში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ოკუპაციას ეხება; ანუ ორივე რეგიონში დღეს არსებული ვითარება რა არის; ამავდროულად, რა არის საქართველოს ხელისუფლების გეგმები სტრატეგიის განხორციელებასთან მიმართებაში”.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია - ”ჩართულობა თანამშრომლობის გზით” - გამყარებულია ასევე ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმითაც, რომლის განხორციელებაში საერთაშორისო მხარდაჭერას თავისი განსაკუთრებული როლი ენიჭება. რა ფუნქცია შეიძლება დაეკისროს ეუთოს? ამ შეკითხვით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს შოთა მალაშხიას მივმართეთ.

”ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ტერიტორიაზე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ამისთვის პროექტების შემუშავება; ასევე მცირე ბიზნესის განვითარება ოკუპირებული ტერიტორიის ორივე მხარეს. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიებზე ეკონომიკური პროექტების განხორციელებას არანაირი კონსენსუსი არ სჭირდება - მას, უბრალოდ, თანხების მოძიება ესაჭიროება. მერე უკვე, ასეთი წარმატებული პროექტების ნახვის შემთხვევაში, სურვილიც იქით მხარეს რეალურად იქნება, რომ ანალოგიური პროექტები განხორციელდეს, მიმოსვლა და გაცვლა იყოს”, - ამბობს შოთა მალაშხია, რომლის აზრითაც, ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობასთან შედარებით, რთულადაა საქმე საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენის კუთხით.
ლიტვა არ არის ისეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს პროცესებზე. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური და ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანაა...

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი კი ფიქრობს, რომ შანსები ამ მიმართულებით ლიტვის თავმჯდომარეობის პერიოდში მეტია, ვიდრე ეს იყო შარშან, როდესაც ეუთოს ყაზახეთი ედგა სათავეში:

”ვფიქრობ, რომ ლიტვას აქვს რეზერვი, ჯერ ერთი, დააინტერესოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, მეორე მხრივ, გამოიჩინოს აქტიურობა ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებითაც, იმავე რუსეთთან და საქართველოსთან ურთიერთობებში. ვნახოთ, თუმცა ძალიან დიდი რეზერვი ნამდვილად არ არის. ჯერ ერთი, ლიტვა არ არის ისეთი დიდი და ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს პროცესებზე. სამაგიეროდ, ძალიან აქტიური და ჩვენი მხარდამჭერი ქვეყანაა”.

ეუთოს მისია საქართველოში 1992 წლიდან ამოქმედდა და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგობის გამო დაიხურა. მისია დახმარებას უწევდა საქართველოს მთავრობას კონფლიქტების მოგვარებაში, დემოკრატიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში.
XS
SM
MD
LG