Accessibility links

logo-print

სომხეთის პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა


საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესება სომხეთისთვის დღესასწაული იქნებოდა - ამის შესახებ რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთან” დღევანდელ ინტერვიუში განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა. მისივე თქმით, საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი სომხეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ამასთან, როგორც სარგსიანმა აღნიშნა, სომხებს ქართველებთან უკვე საუკუნეებია კარგი ურთიერთობა აქვთ. ”შესაძლოა, რუსეთსა და საქართველოზე მეტად მე მსურდეს, რომ მათ ურთიერთობა მოაგვარონ და დარწმუნებული ვარ, პრობლემების მიუხედავად ასეც მოხდება” - განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისადმი სომხეთის პოზიციაზე საუბრისას, სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის აღიარების გარეშე, ერევანი ვერ ცნობს აფხაზეთს, ოსეთს, ან კოსოვოს, ყარაბაღის აღიარება კი მხოლოდ ბოლო ნაბიჯი იქნება იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი საბრძოლო მოქმედებებს დაიწყებს. სარგსიანის თქმით, სომხეთი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას დე იურედ არ ცნობს, პრობლემის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებს აწარმოებს და რადგან მოლაპარაკება გრძელდება, არ შეუძლია სხვა მსგავსი ქვეყნები აღიაროს. რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, მისი მოგვარების ერთადერთ გზად პრეზიდენტი სარგსიანი რეფერენდუმის ჩატარებას მიიჩნევს.
XS
SM
MD
LG