Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში საპროტესტო ტალღა ძალას იკრებს


საპროტესტო აქცია ეგვიპტეში

საპროტესტო აქცია ეგვიპტეში

ეგვიპტეში მთავრობის მოწინააღმდეგე აქტივისტები განაგრძობენ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის 30-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ მიმართულ გამოსვლებს, რომლებსაც ამ დრომდე, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიცია, პოლიციის ზეწოლის მიუხედავად, აქტიურობს.

აქციები გაიმართა დედაქალაქ კაიროსა და ქალაქ სუეცში. როგორც ჩანს, საპროტესტო ტალღა სულ უფრო ფართოვდება. გავრცელებული ცნობებით, აღმოსავლეთის ქალაქ ისმაილიაში ხუთშაბათს შეტაკება მოხდა დაახლოებით 600 დემონსტრანტსა და პოლიციას შორის.

აქციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი - „6 აპრილის ახალგაზრდული მოძრაობა“ - აქციების ორგანიზებისთვის საინტერნეტო ქსელ ”ტვიტერს” იყენებს. პარასკევს, მუსულმანური ლოცვების შემდეგ, მასშტაბური აქციაა დაგეგმილი.

მუბარაკის მმართველი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები აცხადებენ, რომ „სიტუაციის შესაფასებლად“ კაიროში მართავენ შეხვედრებს. მთავრობა მკაცრი გაფრთხილებით გამოდის და აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების უკან ოპოზიციური მოძრაობა - „ისლამური საძმო“ -დგას. ამ დრომდე ეს ორგანიზაცია თავს იკავებდა დემონსტრაციებისთვის ოფიციალური მხარდაჭერის გამოხატვისგან, მაგრამ ხუთშაბათს მანაც მოუწოდა თავის წევრებს შეუერთდნენ პარასკევის აქციას.

პარალელურად, ერთ-ერთი რეფორმატორი ფიგურა, მუჰამედ ელ ბარადეი, აცხადებს, რომ ვენიდან ეგვიპტეში ბრუნდება და პარასკევის აქციას ისიც შეუერთდება. ელ ბარადეი, რომელიც უწინ გაეროს ბირთვულ უწყებას ედგა სათავეში და ამ პოსტზე ყოფნისას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც მიიღო, ამბობს, რომ ქვეყანაში დაბრუნებას აქციების ლიდერად კი არა, პოლიტიკურ ცვლილებებში წვლილის შესატანად აპირებს.

ყოველივე ეს პარასკევს, 28 იანვარს, დანიშნულ აქციას ძალზე მნიშვნელოვანს ხდის იმ საპროტესტო მოძრაობისთვის, რომელიც ტუნისში თვის დასაწყისში მომხდარი ამბოხებით არის შთაგონებული.

ოფიციალური ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სამშაბათს, 25 იანვარს, ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო, სულ მცირე, 1,000 დემონსტრანტი დააკავეს. ეგვიპტის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მათგან 40-ს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში.

დაპატიმრებათა დიდი ნაწილი ღამით მოხდა - მას შემდეგ, რაც მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით აკრძალა საპროტესტო აქციების გამართვა. თუმცა დემოკრატიის მომხრე აქტივისტები ამ აკრძალვას არ ცნობენ.

დემონსტრანტების უკმაყოფილებას იწვევს სიღარიბე, მთავრობის კორუფცია და ქვეყანაში ადამიანის უფლებების უგულებელყოფა. აქციების ორგანიზებისთვის ხელის შეშლის მიზნით, ოფიციალური სააგენტოები ცდილობენ შეაფერხონ მობილური სატელეფონო ქსელებისა და სოციალური საინტერნეტო ქსელების მუშაობა.

ეგვიპტის გარდა, ანტისამთავრობო აქციები იმართება იემენშიც. ორივე ქვეყანაში დემონსტრანტების შთაგონების წყაროს ტუნისი წარმოადგენს, სადაც ახლახან მომხდარ ამბოხებას ავტორიტარული პრეზიდენტის ჩამოგდება მოჰყვა.

არაბულ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები და არეულობა შვეიცარიის კურორტ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილი მთავრობების ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ყურადღების არეშიც მოექცა.

არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ, რომელიც ეგვიპტელია და მუბარაკის მთავრობაში 10 წლის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრადაა ნამუშევარი, ოთხშაბათს ფორუმს განუცხადა, რომ ყოველივე ეს დემოკრატიული რეფორმების საჭიროებას წარმოაჩენს. „არაბი მოქალაქე გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. ამაშია საქმე. ამდენად, ყოველივე ამას ერთი სახელი აქვს - რეფორმა“, - განაცხადა მან.

ვაშინგტონში აშშ-მა მნიშვნელოვნად გაამკაცრა რიტორიკა ეგვპიტის მთავრობის მიმართ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი არაბი მოკავშირეა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მუბარაკს მოუწოდა გაითვალისწინოს ხალხის მოთხოვნები და რეფორმები გაატაროს. „მტკიცედ გვწამს, რომ ეგვიპტის მთავრობას ახლა მნიშვნელოვანი მომენტი დაუდგა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გასატარებლად, რათა უპასუხოს ეგვიპტელი ხალხის ლეგიტიმურ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს“, - განაცხადა კლინტონმა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მდივანმა ვაშინგტონი დემონსტრანტების მხარეს დააყენა - მთავრობას მოუწოდა თავი შეიკავოს მობილური სატელეფონო ქსელებისა და სოციალური ინტერნეტქსელების ბლოკირებისგან.

მედიის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ აცხადებს, რომ ეგვიპტის მთავრობა ზეწოლას მიმართავს იმ ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც საპროტესტო აქციებს აშუქებენ; არის პოლიციის მხრიდან ფოტოგრაფის ცემისა და ჟურნალისტების დაკავების შემთხვევები.
XS
SM
MD
LG