Accessibility links

logo-print

შუა აზიის ეკონომიკა უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს


ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები დავოსში

ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები დავოსში

იმისათვის, რომ შუა აზიის ეკონომიკებში ინვესტიციები გაიზარდოს, ისინი მრავალფეროვანი, კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს, დაასკვნიან „მდიდარი ქვეყნების კლუბის“ - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის - ანგარიშის ავტორები, რომლებმაც დოკუმენტი დღეს შვეიცარიაში, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს წარუდგინეს.

შუა აზიის ქვეყნების რიგში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარდა, ავღანეთიც იგულისხმება. ანგარიშში წერია, რომ ამ სახელმწიფოებს ბუნებრივი რესურსებიც საკმარისი აქვთ და ადამიანურიც, რამაც გამოიწვია ზოგიერთი მათგანის სწრაფი ეკონომიკური განვითარება. მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ ბუნებრივი წიაღისეულის ქონა აყოვნებს მათი ეკონომიკის გამრავალფეროვნებას. მაგალითად, 2008 წელს ყაზახეთის ექსპორტის ორ მესამედს შეადგენდა ნავთობი და მისთანა პროდუქტი, ხოლო ყირგიზეთის მიერ უცხოეთში გატანილი საქონლის მესამედი ოქრო იყო. სწორედ ეს არის, დავოსში გამოქვეყნებული ანგარიშის ავტორთა აზრით, ამ ქვეყნების ეკონომიკების სისუსტის ნიშანი - ისინი დაუცველები არიან საერთაშორისო ბაზრების არაპროგნოზირებადობის მიმართ. ხოლო საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ეს მათ პოზიციას განსაკუთრებით ასუსტებს. ფადი ფარა, ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პერსპექტივის პროგრამას განაგებს, ამბობს:

„ამ რეგიონის მიმართ ინვესტორთა ყურადღება ძალიან დაბალი იყო. არადა, არის კონკურენტუნარიანობის დიდი პოტენციალი. ახლანდელ მიღწევებსა და სამომავლო წარმატების შესაძლებლობას შორის, თუკი სხვა რეგიონებს შევადარებთ, დიდი უფსკრულია. და აქ არის სწორედ კონკურენტუნარიანობის განვითარების შესაძლებლობა“.

ანგარიშში განხილულ ქვეყნებს შორის დიდია განსხვავება. როცა ყაზახეთი და თურქმენეთი, ძირითადად, წიაღისეულით არსებობენ, ავღანეთი და ტაჯიკეთი ღარიბი სახელმწიფოები არიან, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს აწარმოებენ. ამდენად, მათ შორის განსხვავება დიდია კონკურენტუნარიანობის მხრივაც. კვლავ ფარას მოსაზრება:

„ზოგმა მათგანმა მოახერხა პირველი და მეორე თაობის რეფორმების გატარება და ეს მათ აძლევს საშუალებას ინვესტორების ყურადღება მიიქციონ. ასეთია ყაზახეთი, მაგალითად. სხვები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ სპეციალურ რეფორმებზე. ეს არ ნიშნავს, რომ მათი პოტენციალები განსხვავებულია. მათ, უბრალოდ, რეფორმების გატარება სჭირდებათ“.

ანგარიშში დასაბუთებულია, თუ რატომ აქვთ ამ ქვეყნებს კონკურენტუნარიანობის პოტენციალი. პირველი უპირატესობა გეოგრაფიული მდებარეობაა - ისინი მზარდი და დიდი ეკონომიკებით არიან გარშემორტყმული. რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი იქ ინვესტიციებს არ იშურებენ. ავღანეთის გამოკლებით, ამ ქვეყნების მოსახლეობაში ძალიან მაღალია წერა-კითხვის მცოდნეთა პროცენტული შემადგენლობა. ეს რიცხვი 99-ს აღწევს. მსოფლიოში ეს მაჩვენებელი 83-ია. დიდია მოცულობა იქაური რესურსებისა, ენერგეტიკულისაც და სასოფლო-სამეურნეოსიც. ყახაზეთი და თურქმენეთი ენერგომატარებლებს ფლობენ, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი - წყლის რესურსებს. არის ბევრი სხვა წიაღისეული, ლითონები და სხვა. უზბეკეთი და თურქმენეთი ბამბის მწარმოებელი ქვეყნები არიან და, საერთოდ, შუა აზიაში მსოფლიოს ხორბლის 4 პროცენტი მოდის. ფარა ამბობს, რომ ინვესტიციები ამ ქვეყნებში ნელა იზრდებოდა, ტემპი დაბალი იყო. საჭიროა პოლიტიკური ზღუდეების მოხსნა და რეფორმები განათლებაში, საფინანსო სფეროში, საჭიროა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ხელშეწყობა. დაბოლოს, გეტყვით, რომ ზაფხულში კონკურენტუნარიანობის პერსპექტივის ანალოგიური ანგარიში აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის შესახებაც გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG