Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დომოდედოვოში დაღუპული უკრაინელი მწერალი: „ისეთი გრძნობა მაქვს, ძალიან ცოტა დრო დამრჩა“


პოეტი ანა იაბლონსკა
პოეტი ანა იაბლონსკა
ტერორი იმიტომაა საზარელი, რომ მკვლელი უშუალო მტერს ვერ სწვდება და უდანაშაულო ხალხს ხოცავს. დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების მსხვერპლიც უდანაშაულო იყო. 35-ივე ადამიანის ვინაობა დადგენილია. ერთი მათგანი, 29 წლის პოეტი, ანა იაბლონსკას ფსევდონიმით წერდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ანა მაშუტინა იყო. ანა იაბლონსკა მოსკოვში ჩაფრინდა, რათა რუსეთში გამომავალი ჟურნალის, „კინოხელოვნების“, პრემია მიეღო. მოსკოვში კი პრემიების გადაცემის ცერემონიაზე ელოდნენ და, ალბათ, ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მათი ლაურეატი შეიძლებოდა ასე მოულოდნელად დაღუპულიყო. პრემია ანა იაბლონსკას დაუსწრებლად გადაეცა. მანამდე, აფეთქებამდე 20 წუთით ადრე, მან აეროპორტიდან დარეკა ჟურნალში და მასპინძლებს უთხრა, მგონი, ვაგვიანებო. ჟურნალ „კინოხელოვნების“ რედაქტორი, დანილ დონდურეი, გვიამბობს:

„თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ, 4 საათზე დარეკა და გვითხრა, ვწუხვარ, მგონი, შვიდის ნახევრისთვის ვერ ვასწრებ მოსვლასო. ტელეფონში იგრძნობოდა, რომ კარგ ხასიათზე იყო. ოცი წუთის შემდეგ კი ცოცხალი აღარ იყო.“

თეატრალური პროდიუსერი მიხაილ უგაროვი, რომელიც პირადად იცნობდა ანა იაბლონსკას, გვეუბნება, აფეთქების ამბავი როცა შევიტყვეთ, ისიც ვიცოდით, რომ ანა იმ დროს ჩამოვიდა დომოდედოვოშიო. ცერემონიაზე შეიქნა პანიკა, ატყდა რეკვა, ცდილობდნენ გაეგოთ, რა მოხდაო:

„ცერემონიაზე პანიკა იყო. ყველა უკანასკნელ წუთამდე ელოდა ანას და ბოლოს გადაწყვიტეს, მისთვის პრემია დაუსწრებლად მიენიჭებინათ. ამ დროს კი მართლაც გარდაცვლილი იყო.“

ანა იაბლონსკა, მისი კოლეგების შეფასებით, მომავლის დრამატურგი იყო. მისმა სცენარებმა, პიესებმა არაერთი ლიტერატურული პრიზი მოიპოვა რუსეთში, უკრაინაში, ბელორუსიაში. როგორც დონდურეიმ უთხრა რადიო თავისუფლებას, მისმა სცენარმა - „წარმართები“ - მოხიბლა ჟიური და მან დიდი უპირატესობით მოიგო კონკურსი. დანილ დონდურეი ამბობს, სცენარისტები ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი კინოზეო და „გადავწყვიტეთ მოგვეწყო სასცენარო კონკურსი, რათა მისი მონაწილეებისთვის გზა გაგვეხსნა, შეხვედროდნენ დიდ კინოს, რეჟისორებს, პროდიუსერებს. კონკურსი წარმომადგენლობითი გამოვიდა, მასში ბევრი სცენარისტი ჩაება უცხოეთიდანაც. ანიამ პიესა დაწერა, მაგრამ ჟიური და საკონკურსო კომისია იმდენად იყო აღფრთოვანებული მისი ნიჭით და არაჩვეულებრივი აზროვნებით, რომ ის მოკლე სიაში შეიყვანეს და შემდეგ უკვე მიანიჭეს პრემია კონკურსის საუკეთესო პიესისთვის.“

დონდურეის თქმით, ანა იაბლონსკას პიესა იმაზეა, თუ როგორ ეპყრობა ადამიანი მოყვასს. მისი ნაამბობით, პიესის გმირი ახალგაზრდა ქალია, რომელიც კარგავს კავშირს თავის მშობლებთან, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან და თავის მოკვლას განიზრახავს, მაგრამ ცოცხალი რჩება. შემდეგ „ ნელ-ნელა მის გარშემო ყველა ადამიანი იცვლება, იცვლება პიესის ყველა სხვა გმირი და, ალბათ, ამის გამოც, ისიც გადარჩება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარია მოყვასის მიმართ უყურადღებობის შესახებ. ჩვენ ვერ ვხედავთ, როგორ ცხოვრობს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი.“

დონდურეის თქმით, პიესა „წარმართები“ იდგმებოდა მოსკოვში, მაგრამ გვსურდა უფრო მეტს გაეცნო ეს ნაწარმოებიო. თეატრალურმა პროდიუსერმა მიხაილ უგაროვმა ისიც გვითხრა, რომ ანა იაბლონსკა იყო წევრი გაერთიანებისა, „ახალი დრამა“, და მის ჩარჩოებში მონაწილეობდა არაერთ ფესტივალში, კონკურსში, სამუშაო შეხვედრებში. უგაროვი ახასიათებს ანა იაბლონსკას და კონკურსზე გამარჯვებული მისი პიესის გარშემო სხვა კუთხით ლაპარაკობს:

„ის იყო ძალიან ნიჭიერი და ნათელი ადამიანი. მასში შერწყმული იყო ძლიერი ემოციურობა - ალბათ, უკრაინული - და უკიდურესად მახვილი, ცივი გონება. მისი ნაწარმოებები არ ჰგავდა „ქალურ დრამატურგიას“ , როგორც ის ჩვეულებრივ ესმით ხოლმე, რადგან საკმაოდ ძლიერი ტექსტი ჰქონდა. ის ყველას უყვარდა, რადგან იცოდა მეგობრობა, თავისი აზრების გაზიარება, ყველასთვის დახმარება და რჩევის მიცემა შეეძლო. ამ პიესამ, „წარმართებმა,“ გაიმარჯვა კონკურსზე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანმა ტექსტმა, რომელიც დაწერილია რწმენაზე, შინაგან რწმენაზე და ოფიციალურ რწმენაზე. თანამედროვე ადამიანისთვის პრობლემაა, როგორ ირწმუნოს, როგორ ირწმუნოს ღმერთი ისე, რომ რიტუალებში არ ჩაერთოს, ანუ ირწმუნოს არაოფიციალურად და საკუთარ თავთან დარჩეს.“

მეგობრები ანა იაბლონსკასი, რომელმაც სამი წლოს გოგონა დატოვა, იხსენებენ, რომ მას ცუდი წინათგრძნობა ჰქონდა. ამის დასტური ანა იაბლონსკას ბლოგია, რომელიც „ლაივჯორნალმა“ 21 დეკემბერს გამოაქვეყნა. ის იქ წერდა, „ისეთი გრძნობა მაქვს, ძალიან ცოტა დრო მაქვს დარჩენილიო“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG