Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფართომასშტაბიანი წვრთნები ცხინვალში


რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში
რუსული სამხედრო ბაზა ცხინვალში
ცხინვალში ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებები იწყება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ვალერი იახნოვეცმა ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის და სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შენაერთები თავდაცვით სწავლებებს თებერვლიდან დაიწყებენ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შეცდომების გამოსწორებას და დანაყოფებს შორის კოორდინირებულ მოქმედებებს ისახავს მიზნად. თავდაცვის უწყების გარდა, სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უშიშროების სამსახურების თანამშრომლებიც მიიღებენ.

თვე ისე არ გავა, რომ რუსული სამხედრო ბაზის ან დე ფაქტო რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის გარშემო სამხედრო სწავლებები არ გამართონ, მაგრამ თებერვალში დაგეგმილი წვრთნა ყველაზე მასშტაბური იქნება. გარდა ამისა, რუსული საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ცხინვალში, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაზე დამატებით განთავსებული იქნა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის Точка-У–ს დივიზიონი, რომლის მოქმედების არეალიც 120 კმ-ია. გარდა ამისა, 2010 წლის დეკემბერში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ცხინვალის სიახლოვეს განლაგებულ იქნა „სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონი (მოქმედების არეალი - 70-დან 90 კმ-მდე დისტანცია).
აღსანიშნავია, რომ სწორედ Точка-У-ს სისტემის გამოყენებით რუსეთის ფედერაციამ მთლიანად დაანგრია ქალაქ ბამუტი (ჩეჩნეთის რესპუბლიკა) და გაანადგურა ამ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობა. ამ სისტემის ბალისტიკურ რაკეტებზე შესაძლებელია აგრეთვე კასეტური და ბირთვული ქობინების დაყენება.

როგორც სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რუსულ-ოსური ერთობლივი სწავლებები შესაძლოა მხოლოდ თავდაცვითი მიმართულების არ იყოს, რაც საქართველოსთვის საფრთხის შემცველია. გარდა ამისა, ექსპერტის თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიას Точка-У-ს სისტემებით ჩრდილო კავკასიიდანაც სწვდებოდა, მაგრამ ახლა მათი განთავსება ცხინვალის რეგიონში საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს და, პირველ რიგში, დედაქალაქს დიდ საფრთხეს უქმნის.

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ამას წინათ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც ნათქვამია, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის Точка-У-სა და „სმერჩის" რეაქტიული სისტემით შეიარაღებული საარტილერიო დივიზიონების განლაგება პირდაპირ და აშკარა მუქარას წარმოადგენს საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ტერიტორიის მიმართ. ამ ქმედებებით რუსეთი აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ იმ აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განადგურებისა და მშვიდობიანი ქართული მოსახლეობის მოსპობისაკენ არის მიმართული და აგრეთვე მიზნად ისახავს ფართომასშტაბიან დესტაბილიზაციას კავკასიისა და მთლიანად შავიზღვისპირეთის რეგიონში. შეტევითი სარაკეტო შეიარაღების განთავსება ოკუპირებულ რეგიონში აშკარად ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესიას ამზადებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ მოითხოვს საერთაშორისო თანამეგობრობისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი ქვეყნებისაგან აქტიური და ქმედითი ზომებით აიძულონ რუსეთი შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აგრესიული ქმედებები, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება, აიღოს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მოახდინოს საქართველოს ტერიტორიის სრული და დაუყოვნებელი დეოკუპაცია, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის ხელისუფლება კი საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებას 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულების შესახებ არაფრად აგდებს და განაგრძობს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას და იქ სამხედრო სწავლებების ჩატარებას. გამუდმებული სროლებით და აფეთქების ხმებით კი როგორც ცხინვალის, ისე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა დაიღალა და უკმაყოფილებას გამოთქვამს.
XS
SM
MD
LG