Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა, 28 იანვარი 2011

  • ნიკო ნერგაძე

”ორი დღეა სულ იმაზე ვფიქრობ, რა ითქვა პრეზიდენტის ღია ეთერში ხალხთან და რა მოჰყვა ამას შედეგად” - ასე იწყებს ”რეზონანსის” მორიგე რედაქტორი, ელისო ჩაფიძე, თავის სვეტს დღევანდელ გაზეთში.

”სააკაშვილს ღვაწლი მაინც უნდა დავუფასოთ - ის ყოველთვის ახერხებს ასე თუ ისე მიძინებული პოლიტიკური პროცესის გამოფხიზლებას და ახალი თემების შემოტანას ქართულ რეალობაშიო”, - წერს ”რეზონანსის” მორიგე რედაქტორი და, მართლაც, ეს ტელეპროექტი ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღის შემდეგაც კვლავინდებურად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა ქართული გაზეთებისათვის და აქ გამოქვეყნებული სტატიებისა თუ ინტერვიუების დიდი ნაწილიც სწორედ ამ თემის გარშემო ტრიალებს. აი, მაგალითად, იგივე „რეზონანსი“ დღეს პირველ გვერდზე აქვეყნებს ინტერვიუს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან, რომელიც შეეხება ”თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას, სახელწოდებით ”დაცული მოქალაქე - დაცული პოლიციელი”. თუმცა თავად ინტერვიუს დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის გამოსვლის ანალიზს ეხება. ”ისეთივე ზედაპირული იყო ეს გამოსვლა, როგორიც არის ბოლო დროს მისი პოლიტიკური გუნდის მიერ ამა თუ იმ სფეროში გადადგმული ნაბიჯებიო”, - უთხრა ალასანიამ ”რეზონანსს” და დაამატა: „მის გამოსვლაში მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენის სურვილი ჩანდაო.”

”ვერსია” დღეს აგრძელებს პუბლიკაციების სერიას “საქართველოს რკინიგზის“ შესახებ, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების ეპიზოდების რუბრიკით ქვეყნდება უკვე მეორე თვეა. ამ ნომერში გაზეთი წერს, გადავწყვიტეთ ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას საქმიანობის ზოგიერთი ეპიზოდი შემოგთავაზოთო. ეზუგბაიაზე გაზეთი ასეთ რამეს წერს: ”ყველა სახელმწიფო მოხელისგან ერთი უცნაურობით გამოირჩევა - ყველა ნორმალური ხელმძღვანელი საკუთარ უწყებაში კორუფციაში მხილებულ თანამშრომლებს დაითხოვს და მათ ნაცვლად სხვას მიიღებს. ეზუგბაია კი ყოველგვარი ლოგიკის წინააღმდეგ მუდმივად ხელს აფარებდა მათ, ვინც სხვადასხვა დროს კორუფციაში ამხილა ფინანსურმა პოლიციამ თუ მაშინდელმა გენერალურმა პროკურატურამო“ და ამის რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს. სტატიის სათაურია ”ირაკლი ეზუგბაია - პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესომბუდსმენი”.

”24 საათი” დღეს იმ ქართულ ფილმებზე წერს, რომლებიც 2011 წელს უნდ გამოვიდეს კინოეკრანებზე. ავტორი ხუთ ასეთ ნამუშევარს მიმოიხილავს მოკლედ და იწყებს რენე ჰარლინის ”აგვისტოს ხუთი დღით”, რომელიც უკვე ორი წელია წარმოებაშია და, წესით, მარტში უნდა გამოვიდეს ეკრანებზე. გაზეთში ვკითხულობთ: განსაკუთრებული მოლოდინი კინოს მოყვარულებს ალბათ არც აქვთ. კარგი იქნება, თუ ეს ფილმი, სულ მცირე, უხერხულობის შეგრძნებას მაინც არ დაგვიტოვებსო.
XS
SM
MD
LG