Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დემონსტრაციების ფონზე, ელ ბარადეის შინა პატიმრობა დაუწესეს


ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში მოხდა შეტაკებები საპროტესტო აქციების მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის. დემონსტრანტები მოითხოვენ, ბოლო მოეღოს პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 30-წლიან მმართველობას. კაიროში პოლიციამ რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო აქციის წინააღმდეგ, დემონსტრანტები კი ქვებს ისროდნენ. ზოგი შეტაკება მოხდა ახლოს იმ მეჩეთთან, რომელშიც ოპოზიციის წევრი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი მოჰამედ ელ ბარადეიც იყო მისული პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად. გავრცელებული ინფორმაციით, ელ ბარადეის შინა პატიმრობა დაუწესეს მას შემდეგ, რაც ის დემონსტრანტებს შეუერთდა. ეგვიპტის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღეს საპროტესტო გამოსვლები აღირიცხა ქვეყნის, სულ ცოტა, 11 ქალაქში. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ ინფლაციის, უმუშევრობის ადა პრეზიდენტ მუბარაქის ავტორიტარული მმართველობის გამო. საპროტესტო აქციები სამშაბათს დაიწყო. მას შემდეგ შვიდი ადამიანია დაღუპული. ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა მუბარაქმა არმიას დაავალა, პოლიციასთან ერთად იზრუნოს უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოს კომენდანტის საათის დაცვა.
XS
SM
MD
LG