Accessibility links

logo-print

სახიფათო „მკრეხელობა“ პაკისტანში


პაკისტანის ქალაქი ფეშავარი: არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები პროტესტს გამოთქვამენ პენჯაბის გუბერნატორის, სალმან ტასირის მკვლელობის გამო

პაკისტანის ქალაქი ფეშავარი: არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები პროტესტს გამოთქვამენ პენჯაბის გუბერნატორის, სალმან ტასირის მკვლელობის გამო

ამ თვის დასაწყისში, 4 იანვარს, პაკისტანში მოკლეს ქვეყნის უდიდესი პროვინციის, პენჯაბის გუბერნატორი - პაკისტანის ერთ-ერთი წამყვანი ლიბერალი პოლიტიკოსი, სალმან ტასირი იმ მოტივით, რომ ის არ ემხრობოდა მკრეხელობის შესახებ კანონს. მკრეხელობის შესახებ კანონი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს და ტასირი მას მართლაც კრიტიკულად აფასებდა. ახლა, ლიბერალი პოლიტიკოსის მკვლელობის შემდეგ, პაკისტანში სულ უფრო სახიფათო ხდება ყოფნა ყველასთვის, ვინც ექსტრემისტებისთვის მიუღებელ შეხედულებებს გამოთქვამს.

ამას წინათ პაკისტანის ქალაქ მულტანის სასამართლოში უჩივლეს შერი რეჰმანს - პარლამენტარსა და ყოფილ მინისტრს, რომელმაც ტელეინტერვიუში, მომჩივანის რწმენით, მოციქული მუჰამედი შეურაცხყო. რეჰმანი ბრალდებას უარყოფს, მაგრამ საფრთხე, რომ მის მოკვლას შეეცდებიან, იმდენად მწვავეა, რომ პარლამენტარი ქალი, ფაქტობრივად, შინ გამოიკეტა.

რეჰმანს პაკისტანელი ექსტრემისტები გადამტერებული ჰყავს მას შემდეგ, რაც უარი თქვა, პარლამენტიდან გაეტანა ინიციატივა, რომელიც მკრეხელობის შესახებ კანონს ეხება. კანონპროექტით, რომელსაც ის ემხრობა, სასჯელი უნდა დაწესდეს მკრეხელობის ბრალდების უსაფუძვლოდ წაყენების შემთხვევაში.

რეჰმანი ერთადერთი არ არის, ვინც ბოლო ხანს მწვავე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მკრეხელობის კანონის გამო. ამას წინათ პენჯაბში სასულიერო პირი დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან თავისი მეჩეთიდან ჩამოხსნა პლაკატი, გაკრული ისლამისტი აქტივისტების მიერ. მანამდე მოლას ნათქვამი ჰქონდა, რომ არ დაუშვებდა პოლიტიკურ მოწოდებებს მეჩეთში. ისლამისტმა აქტივისტებმა კი ის პლაკატის რელიგიური ასპექტის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მოლა დამნაშავედ სცნო და მას 10 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

პაკისტანის ხელისუფლება ვერ ახერხებს ექსტრემისტების მოქმედების გაკონტროლებას და ტასირის მკვლელობის შემდეგ გამოსავალს იმაში ხედავს, რომ დაძაბულობის განმუხტვაზე იზრუნოს. თუმცა ეს სტრატეგია, ექსპერტების შეფასებით, კაპიტულაციის შთაბეჭდილებას ტოვებს... იანვარში პრემიერ-მინისტრმა იუსუფ რაზა გილანიმ განაცხადა, რომ მთავრობა არ აპირებს მკრეხელობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას, ანუ იმის გაკეთებას, რასაც დაჟინებით მოითხოვდა სალმან ტასირი - რასაც მან, ფაქტიურად, თავი შესწირა.

პაკისტანელები შიშობენ, რომ დაუსჯელი დარჩებიან ექსტრემისტები, რომლებიც ხალხს, ვინც უბრალოდ გულზე არ ეხატებათ, მკრეხელობაში ადანაშაულებენ და შიშის თესვით ახერხებენ ოპონენტების გაჩუმებას. როგორც ადვოკატი შაჰაბ ხატაკი ამბობს, პრობლემა იმდენად კანონებში არ არის, რამდენადაც მათს შესრულებაში. მაგალითად, პაკისტანის კანონი კრძალავს არამუსულმანური რელიგიური ობიექტების დაზიანებასაც, მაგრამ ჯერ არავინ დაუსჯიათ ამ კანონის დარღვევის გამო.

„ასეთ შემთხვევებში, ჯერ არავის წინააღმდეგ არ აღძრულა საქმე და არავის ყოფნის გამბედაობა, რომ ამის გამო სასამართლოში იჩივლოს. მას შემდეგ, რაც (მკრეხელობის) საკითხი ყოველგვარ საზღვარს გასცდა, ვინმეს სალოცავზე თავდასხმა ძალიან უმნიშვნელო რამედ იქცა. რელიგიური უმცირესობების წარმოამდგენლების დახოცვა, მათი სახლების გაძარცვა, მათი მოტაცება და გამოსასყიდის მოთხოვნა, მათს სალოცავებზე თავდასხმა - რუტინად არის ქცეული“, - ამბობს პაკისტანელი ადვოკატი.

დაუსჯელობის სინდრომი სულ უფრო და უფრო თავდაჯერებულს ხდის ექსტრემისტებს, მათი ოპონენტებისაგან განსხვავებით. და ეს არსად ჩანს ისე მკაფიოდ, როგორც პაკისტანის მედიაში. ტელევიზიით ნაჩვენებ ერთ-ერთ თოქშოუში, რომელიც მკრეხელობის შესახებ კანონს დაეთმო, ისლამისტური პოლიტიკური პარტიების სამმა წარმომადგენელმა უბრალოდ, არ ალაპარაკა გადაცემის დანარჩენი მონაწილეები.
XS
SM
MD
LG