Accessibility links

logo-print
ორიოდე კვირის წინ, როდესაც არასამთავრობო სექტორმა ჯანდაცვის მინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის # 397 ბრძანება გააპროტესტა, რომელიც სააფთიაქო ქსელს ვიდეოკამერების დამონტაჟებას ავალდებულებს, და მედიკამენტების ფასების ზრდაც ივარაუდა, რადიო თავისუფლებასთან საუბარში სააფთიაქო ქსლების მფლობელთა ერთმა ნაწილმა დაადასტურა, რომ წამლის ფასები მართლაც გაიზრდება. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 25 იანვარს გამართული ტელეხიდის დროს განაცხადა, რომ აფთიაქებში ვიდეოკამერების დამონტაჟება წამლების ფასს არ გაზრდის, სააფთიაქო ქსლების მფლობელთა პოზიციაც შეიცვალა. პრეზიდენტის ამ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრთან ფარმაცევტულ კომპანიათა ხელმძღვანელების შეხვედრა უძღოდა წინ.

პრეზიდენტის გარდა, საქართველოს ჯანდაცვის უწყებაც აცხადებს, რომ საქართველოში წამლის ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის და, მით უმეტეს, ეს ტენდენცია არანაირად არ უკავშირდება მინისტრის # 397 ბრძანებას. მიხეილ სააკაშვილმა თავის 25 იანვრის გამოსვლაში არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებას აფთიაქების მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკონტროლის მექანიზმის დამონტაჟებაზე ”წუწუნი” უწოდა და თქვა, რომ საქართველოში მედიკამენტების ფასები რეგიონში ისედაც ყველაზე მაღალია:

“ჩვენთან წამლები ხელოვნურად იყო გაძვირებული დიდი ხნის განმავლობაში. მე ვფიქრობ, ახლაც საკმაოდ მაღალია ფასები, ყველაზე ძვირია ჩვენს რეგიონში და ეს არის სრულიად დაუშვებელი. არსებობს მისი შემცირების პოტენციალი. შარშან ამ მხრივ გვქონდა პროგრესი, ფასები შევაკავეთ. ახლა კამერებს ვაყენებთ, ამაზეც ატეხეს წუწუნი და ლამის ხალხი ააჯანყეს, ეს წამლებს გააძვირებსო, მაგრამ რეალურად არ გააძვირებს.”

შეგახსენებთ, რომ ამ ორი კვირის წინ სამოქალაქო საზოგადოების ერთმა ნაწილმა ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ ნახსენები ბრძანება გააპროტესტა და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. ბრძანების მიხედვით, 1 თებერვლიდან თბილისში მოქმედი 1227 აფთიაქისათვის სანიტარულ-ჰიგიენურ-ტექნიკური პირობების ნორმად ვიდეოსათვალთვალო სისტემაა მიჩნეული და აფთიაქებს ევალებათ ობიექტის შიდა და გარე პერიმეტრზე ორი ვიდეოკამერის დამონტაჟება - შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებული ვიდეოარქივის წვდომის უფლებით. გარდა იმისა, რომ ეს ინიციატივა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევად შეფასდა, ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში თინათინ ტურძილაძემ მაშინ თქვა, რომ ეს არ ემსახურება ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას:

”ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციის სისტემა არ იცნობს ვიდეოთვალთვალის ინსტრუმენტს, ეს არ ხდება ჯანდაცვის გაუმჯობესებისათვის და, მეტიც, მას არანაირი კავშირი არა აქვს ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან. ჩვენი გათვლებით, თითოეულ აფთიაქს ამ პროექტის განხორციელება 7000 ლარი უჯდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს მოთხოვნა თბილისში არსებულ 1227 აფთიაქზე ვრცელდება, გამოდის, რომ პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, რაც პირდაპირ აისახება წამლის ფასზე. ანუ გამოდის, ჩვენ უმთავრესს ვშორდებით - ხელმისაწვდომ ჯანდაცვას. ამას მოჰყვება ისიც, რომ პატარა აფთიაქები, უბრალოდ, დაიხურებიან და შეიზღუდება ის კონკურენციაც, რომელიც თითქოსდა დეკლარირებული იყო 2009 წელს მიღებული კანონმდებლობით.“

რადიო თავისუფლება მაშინ გაესაუბრა კომპანია „ეი-ბი-სი ფარმაციის“ ხელმძღვანელს ენრიკო ბერიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ მისი ბიზნესის უსაფრთხოებისათვის დამატებით ვიდეოკამერების დამონტაჟება საჭირო არ არის, თუმცა, თუ ეს უსაფრთხოებისათვის კეთდება და სახელმწიფო ინტერესში ჯდება, ამ ბრძანების წინააღმდეგ არ წავა. თან ისიც გვითხრა, რადგან კამერების საფასური კომპანიამ უნდა დაფაროს და ეს არც ისე მცირე ხარჯია, ამას წამლების ფასის გაზრდა მოჰყვებაო:

”რადგან ეს კამერები ქალაქს სჭირდება და კონკრეტულ უწყებას - საზოგადოებრივი წესრიგის კონტროლისათვის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის და არც ჩვენი ბიზნესისთვისაა საჭირო, მაგრამ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ მივდივართ. არც ამ კამერებისათვის საჭირო თანხის გაღების წინააღმდეგნი ვართ, ოღონდ იმ პირობით, რომ საგადასახადო გადასახადებიდან ეს დაგვექვითება. ეს 105 000 ლარი საიდან უნდა ამოვიღოთ ჩვენ? რა თქმა უნდა, მედიკამენტებს უნდა დავარიცხოთ და იქიდან მოხდეს დაკომპენსირება ჩვენი ხარჯების. ჩვენ არავის სახლში ეს ფული არ გვიდევს და წარმოიდგინეთ, პატარა აფთიაქს რომ ეტყვიან, 14 000 ლარი გადაიხადეო (ორი კამერის საფასური), როგორ გადაიხდის ის? ”

ამ სიუჟეტის ეთერში გასვლიდან რამდენიმე დღეში რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა „ეი-ბი-სი ფარმაციის“ წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, კომპანიამ გადახედა საკუთარ ხარჯებს, აღმოჩნდა, რომ კამერების ყიდვა უფრო იაფადაა შესაძლებელი და ამიტომ მედიკამენტების ფასებს აღარ გავზრდითო.

რა მითითებები მიიღეს ფარმაცევტული კომპანიების ხელმძღვანელებმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე, ჩვენვის უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ კამერების დამონტაჟების ვადამ გარკვეული ხნით გადაიწია. ამას გვიდასტურებს კომპანია „ჯი-პი-სი“-ს სააფთიაქო ქსლის დირექტორი გიორგი კილაძე, რომელიც ასევე ამბობს, რომ „ჯი-პი-სი“ ფასებს არ გაზრდის:

”ვიდეოკონტროლი საჭიროა უსაფრთხოებისათვის. მაგრამ რაც შეეხება ფასების ზრდას, ეს მედიკამენტებს არ გააძვირებს. ჩვენ შენობის შიგნითაც დავაყენეთ კამერები ჩვენი ხარჯებით, მაგრამ ამას წამლები არც მაშინ გაუძვირებია, პირიქით, გაიაფდა.”

ნოდარ ხუცურაული პატარა აფთიაქ ”ზემელის” მფლობელია. ის საქართველოს სააფთიაქო სამმართველოს ყოფილი უფროსი გახლავთ და ამ სფეროში 54 წელია მოღვაწეობს. ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტთან შეხვედრაზე ისიც მივიდა, თუმცა იქ უთხრეს, რომ სიაში არ იყო და შეხვედრასაც ვერ დაესწრო. ჯერ ზუსტად არც ის იცის, რა თანხა დაუჯდება ვიდეოკამერის დაყენება, თუმცა ფიქრობს, რომ თუ კამერის ფასი მართლაც 7000 ლარია, ამ თანხის გადახდას ის ვერ შეძლებს. თუ ნაკლებ ფასად შეიძენს საჭირო აპარატურას, ამ შემთხვევაში აფთიაქი მუშაობას განაგრძობს, თუ არა და დაიხურება. მაგრამ ფასებს არ გაზრდის: ”მომხმარებელი რა შუაშია? ეს შენი მოგების გადასახადიდან უნდა გადაიხადო და წამლების ფასზე არ უნდა ასახო.”

ჩვენ კიდევ რამდენიმე პატარა აფთიაქის მფლობელს გავესაუბრეთ, რომლებიც პირად საუბარში ეჭვს გამოთქვამენ, რომ ეს ფარმაცევტული კომპანიების მოფიქრებული თუ მათთან შეთანხმებული სქემა უნდა იყოს. ამასვე ვარაუდობს ნოდარ ხუცურაული:

”ეს არის ”ავერსის”, ”PSP”-ს, ”ჯი-პი-სი”-ის მოფიქრებული გეგმა, რომ სხვა აფთიაქები დაიხუროს და მომხმარებელი მხოლოდ მათ აფთიაქებში მივიდეს”.
XS
SM
MD
LG