Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტის ფონზე მუბარაკმა მოადგილე დაინიშნა


ეგვიპტის პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაკმა, პირველად დაინიშნა მოადგილე იმ ფონზე, როდესაც მისი გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებთან გამკლავებას ცდილობს. ეგვიპტის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს თანახმად, მუბარაკმა ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე თავისი დაზვერვის უფროსი და ახლო მოკავშირე, ომარ სულეიმანი დანიშნა. 1981 წელს პრეზიდენტად გახდომის შემდეგ მუბარაკს ვიცე-პრეზიდენტი არ ჰყოლია. ამასთან, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, მუბარაკმა ავიაციის მინისტრი, აჰმედ შაფიყი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშნა და ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა. მთავრობა მუბარაკმა აქციების დამშვიდების მიზნით დაითხოვა - თუმცა განაცხადა, რომ თავად გადადგომას არ აპირებს. პარალელურად, ათი ათასობით ადამიანი არ ემორჩილება მთავრობის მიერ დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას. ხალხი კაიროს ცენტრში, ქუჩებსა და სკვერებში არის გასული და კვლავ მუბარაკის გადადგომას მოითხოვს. აქციები იმართება სხვა ქალაქებშიც - მათ შორის ალექსანდრიასა და სუეცში. ეგვიპტის წამყვანი დისიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ ელ ბარადეი აცხადებს, რომ ახალი ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საკმარისი არ არის - და რომ მუბარაკი „უნდა წავიდეს“. ეგვიპტის არმია ხალხს მოუწოდებს, დაემორჩილონ საგანგებო მდგომარეობას და არ არ შეიკრიბონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. დედაქალაქის ქუჩებში ტანკები და დაჯავშნული მანქანები დგას. ისინი იცავენ სამთავრობო შენობებს, რომელთა ნაწილში შეჭრაც სცადეს დემონსტრანტებმა. კაიროს მოსახლეობამ მაროდიორობისთვის ხელის შეშლის მიზნით უბნებში შეიარაღებული პარტულირება დაიწყო. მაროდიორებისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ ახალგაზრდებს თავდაცვის სამინისტროც მოუწოდებს. ოფიციალური ცნობით, ანტი-სამთავრობო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეტაკებებს 45 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია დაახლოებით 2,000. დაუდასტურებელი ცნობებით, დაღუპულთა რიცხვი ბევრად აღემატება ოფიციალურად დასახელებულს.

XS
SM
MD
LG