Accessibility links

logo-print

ირანის პარლამენტმა საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დაამტკიცა


ირანის პარლამენტმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ოფიციალურად დაამტკიცა ბირთვულ საკითხებში ქვეყნის მთავარი წარმომადგენელი, ალი აკბარ სალეჰი. პარლამენტში, სადაც კონსერვატორები დომინანტურ ძალას წარმოადგენენ, მის კანდიდატურას 241 დეპუტატიდან 146-მა დაუჭირა მხარი. კენჭისყრამდე გამოსვლაში სალეჰიმ პარლამენტარებს უთხრა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თეირანის ბირთვული პროგრამააო. დასავლეთი შიშობს, რომ ირანი ბირთვული ენერგიის სამოქალაქო პროგრამას იყენებს ატომურ იარაღზე სამუშაოდ. თეირანი ბრალდებას უარყოფს. სალეჰი პარლამენტს პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა წარუდგინა და განაცხადა, რომ ირანს „ზედმიწევნით გამჭვირვალე, აქტიური, ძლიერი და გავლენიანი“ საგარეო პოლიტიკის გატარება ესაჭიროება.
XS
SM
MD
LG