Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშისა და პრეზიდენტის ტელეხიდის კვირა


გასული კვირა "ჰიუმან რაიტს უოჩის" წლიური ანგარიშის გამოქვეყნებით დაიწყო. ანგარიშში საქართველოს რამდენიმე გვერდი ეთმობა. მნიშვნელოვანი თავი ეძღვნება დევნილების გამოსახლების პროცესს, პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტებს, შეკრებების უფლების განხორციელებას, მედიის თავისუფლების მხრივ არსებულ მდგომარეობას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დარღვეულ ადამიანის უფლებებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალდარღვევათა გამოძიების საკითხებს, ასევე ციხეებში არსებულ მდგომარეობას. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელისუფლებას დევნილებთან მოლაპარაკება არ უწარმოებია და მათთვის ადეკვატური ალტერნატივა არ შეუთავაზებია.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში ადგილი ეთმობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართული მხარის მიერ აკრძალული იარაღის გამოყენების შესახებ საქმის გამოძიებას. როგორც "ჰიუმან რაიტს უოჩის" წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში გიორგი გოგია აღნიშნავს, ქართულ მხარეს არ გამოუძიებია მათი ვინაობა, ვინც ბრძანება გასცა ამ ტიპის იარაღის გამოყენების შესახებ:

“არადამიზნებადი იარაღი იქნა გამოყენებული სამოქალაქო მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებში, ანუ, მოგეხსენებათ, ე.წ გრადები დაუმიზნებლად აზიანებენ როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულების ობიექტებს და ასეთი იარაღი იქნა გამოყენებული ცხინვალის ცენტრში. საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება, მაგრამ ისინი ამბობენ, იმისათვის, რომ მოხდეს გამოძიება, გამომძიებლებმა უნდა შეძლონ ჩასვლა ცხინვალში და ზარალის ადგილზე ნახვაო. ჩვენი ორგანიზაცია ხელისუფლებას სთხოვს, დადგინდეს იმ პირის ვინაობა, ვინც მიიღო გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ გარკვეული ტიპის იარაღი ყოფილიყო გამოყენებული გარკვეულ სიტუაციაში.”

კვირის დასაწყისში, ორშაბათს, ცნობილი გახდა, რომ 25 იანვრიდან ტელეკომპანია „პიკი“ - ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” - თავის 6-საათიან მაუწყებლობის დაწყებას აპირებდა. რუსულენოვან არხს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი აფინანსებს. არხის ხელმძღვანელობის განცხადებით, მაუწყებლობის სიგნალი დაფარავს სამხრეთ და ჩრდილო კავკასიას, უკრაინას, ბელორუსიას, აღმოსავლეთ ევროპას, რუსეთს, თურქეთსა და ირანის ტერიტორიას. არხის პირველი სტუმარი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, რომელმაც საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა: გადაცემა ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს” 3 საათს გაგრძელდა. შეკითხვების ძირითადი ნაწილი სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა, თუმცა საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის გარკვეულ მხარეებს. საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებდა, შესაძლებელია თუ არა ინფლაციური პროცესების შეჩერება, რაზეც მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ვითარება მართლაც რთულია და რომ ის ამ პრობლემის სიმწვავეს აცნობიერებს, მაგრამ ”საქართველოს მთავრობა და პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ფლობს ამ ტიპის ინფლაციის შეჩერების ბერკეტებს”. მისი განმარტებით, ამჟამად არსებული ინფლაცია გამოწვეულია იმით, რომ ”მსოფლიოში ბევრი ქვეყანა წავიდა წინ”. გამოსავალს კი პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის გაძლიერებაში ხედავს და ამ პრობლემის გასაღებს, დიდწილად, ტურიზმის განვითარებას უკავშირებს.

სოციალურ თემატიკაზე დასმული შეკითხვების შემდეგ წამყვანმა პრეზიდენტს პირდაპირ ჰკითხა, აპირებს თუ არა ის პრემიერ-მინისტრობას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ. ამ შეკითხვაზე პრეზიდენტის პასუხი, შეიძლება ითქვას, არაპირდაპირი იყო:

“ვიღაცებს აინტერესებთ და, მათ შორის, ძირითადად პოლიტიკოსებს, ვინ სად იქნება 2013 წელს... მაგრამ ჩემი მთავარი ინტერესი, ყოველდღიური და ყოველწამიერი, არის ის, არა სად ვიქნები მე, და ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა... და ყველას მოვუწოდებ, რომ ქვეყანა დააყენოს საკუთარ თავზე მაღლა. მე ყოველთვის დავაყენებ ჩემს ქვეყანას ჩემს თავზე მაღლა... ”

მომდევნო დღეს ექსპერტებისა და საზოგადოების მიერ მიცემული შეფასებით, პრეზიდენტის განმარტებებში კეთილი სურვილები უფრო აისახა, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური რეალობა.

26 იანვარს თბილისის მთავარ პროკურატურაში განცხადება გაკეთდა იმის შესახებ, რომ 22 იანვარს ტყიბულის მინდელის მაღაროში მომხდარი აფეთქება, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, უსაფრთხოების დადგენილი წესების დარღვევით იყო გამოწვეული, რაშიც მაღაროს ორ თანამშრომელს ედებოდა ბრალი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ტყიბულის მინდელის მაღაროს ერთი ცვლის თანამშრომლებმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადეს და 2 დღის განმავლობაში მაღაროში სამუშაოდ არ ჩასულან.

26 იანვრიდან საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ორი ქვეყნის მოქალაქეები საზღვრების მრავალჯერადი გადაკვეთის, საერთაშორისო მიმოსვლისთვის განკუთვნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით ტრანზიტისა და მეორე მხარის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნის უფლებით ისარგებლებენ. პოლიტიკოსთა ნაწილმა სარისკოდ მიიჩნია ასეთი ნაბიჯის გადადგმა საქართველოს მხრიდან და საერთაშორისო პოლიტიკური რისკების კონტექსტში განიხილა საკითხი. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს:

“რისკები იზრდება და ბევრად უფრო ინტენსიური ხდება, თუმცა მესმის იმ მოსაზრებისა, რომ ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე რეგიონში და მას ანგარიში უნდა გაეწიოს, თუმცა ვერ ვხვდები რა საჭირო იყო სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო მეტად გამარტივება - ისედაც თავისუფლად შეეძლო ნებისმიერ ადამიანს ვიზის აღება ორივე მიმართულებით.”

თუმცა საქართველოს საგარეო უწყებაში დარწმუნებულნი არიან, რომ ირანთან ურთიერთობის გაუმჯობესება სავსებით უპასუხებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და, იმავდროულად, არ აზარალებს სტრატეგიულ პარტნიორებს. აქ, უპირველეს ყოვლისა, ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა იგულისხმება.

26 იანვარს „ქორთიარდ მარიოტში“ მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი სამართალდამცავებმა იმავე დღეს დააკავეს. საფრანგეთის მოქალაქე სტეფან კოენი ფრანგული სატრანსპორტო დაგეგმარებითი კომპანია ”სისტრას” თანამშრომელი იყო. ის საქართველოში თბილისის მერიასთან ერთად ახალ სატრანსპორტო სქემაზე მუშაობდა. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა არასრულწლოვანმა პირმა დანაშაული აღიარა, გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

27 იანვარს ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში გედრიუს ცეკულოისი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, თუმცა, იმავდროულად, მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, კონფლიქტის მოგვარების გზები და ისაუბრეს საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის აუცილებლობაზე. პირველი ოფიციალური შეხვედრა თბილისში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების ხედვისა და სტრატეგიული გეგმის გაცნობას დაეთმო.

“ჩვენს უწყებაში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც ოკუპაციას ეხება, ანუ ორივე რეგიონში დღეს არსებული ვითარება როგორია; იმავდროულად, როგორია საქართველოს ხელისუფლების გეგმები სტრატეგიის განხორციელებასთან მიმართებაში ”, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა.

28 იანვარს კი თბილისს ესტუმრა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები, რომელსაც 27 იანვარს შეხვედრები ჰქონდა სოხუმში. საუბარი ძირითადად ჰუმანიტარულ ჭრილში მიმდინარეობდა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებმა დახმარების არაერთ საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება. თუმცა სოხუმი ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივას მხოლოდ თბილისის გვერდის ავლით ხედავს. რადიო თავისუფლების კითხვაც პიტერ სემნებისთან სწორედ იმ საკითხს ეხებოდა, თუ რამდენად რეალისტურია, რომ ევროკავშირმა პირდაპირი კონტაქტი დაამყაროს სოხუმთან. ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ამ საკითხს ასეთი ფორმით არ დასვამდა, თუმცა კავშირების დამყარებას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

“ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ კავშირები კონფლიქტის ხაზების იქით აღდგენილი და განვითარებულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვიმუშაოთ აფხაზეთში მცხოვრები ხალხის მენტალიტეტთან და აღქმასთან... რათა მათ უფრო უკეთ გავაცნოთ ევროპა და ევროპული ფასეულობები. და ეს, თავის მხრივ, ავტომატურად, ასევე მეტად სასარგებლო იქნება იმ ძალზე რთული კონფლიქტური საკითხების გადასაჭრელად, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ. ვფიქრობ, ეს დაეხმარება, ასე ვთქვათ, შერიგებას, რაც ჩვენ გვჭირდება, საბოლოოდ, ამ კონფლიქტში.”

როგორც საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე ამბობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დამყარებული ყველანაირი კავშირი შესაბამისობაში უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ მიღებულ სახელმწიფო სტრატეგიასა და ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმასთან, რაც ჩართულობისა და ნდობის აღდგენის პრინციპს ემყარება.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG