Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მწერლობა საბჭოთა სისტემაში


”ქართული მწერლობა საბჭოთა სისტემაში - რეალობის განზომილება” - ასე ერქვა დისკუსიას, რომელიც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ გამართა ამ კვირაში გოეთეს ინსტიტუტში. შეგახსენებთ, რომ ეს ლაბორატორია ერთი წელია უკვე არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მისმა წევრებმა საკმაოდ ბევრი გააკეთეს... დეტალებზე რადიო თავისუფლების ეთერში უკვე ისაუბრა მისმა წევრმა, ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა. გოეთეს ინსტიტუტში კი ლაბორატორიის ხელმძღვანელმა დავით გოგიშვილმა გვითხრა, რომ უახლოეს ხანში ჩაირთვება ლაბორატორიის საიტი, რომლითაც დეტალურად შევიტყობთ რა გაკეთდა ამ ერთი წლის მანძილზე; გაგვახსენა, რომ ლაბორატორია გამოყოფს შემდეგ სამუშაო პროგრამებს: კვლევით პროგრამას, რომლის მიზანია საბჭოთა არქივების შესწავლა და ამ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით პუბლიკაციების მომზადება; საგანმანათლებლო პროგრამა; საზოგადოებრივი არქივის პროგრამა და არტ-პროგრამა - ხელოვნების პროექტების საშუალებით საბჭოთა წარსულის კრიტიკული გააზრება. აქვე გვითხრეს, რომ დისკუსია, რომელიც 25 იანვარს გაიმართა გოეთეს ინსტიტუტში, დასაწყისია ათი დისკუსიისგან შემდგარი ციკლისა, რომელიც საბჭოთა წარსულს მიეძღვნება და რომელსაც, გოეთეს ინსტიტუტის გარდა, ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო“ აფინანსებს.

დისკუსია გახსნა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ, რომელმაც გაგვახსენა რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მწერლობის როლი საბჭოთა მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში.

საინტერესოა, რომ საუბარი მწერალთა კავშირზე, მის წევრებზე, იმაზე, თუ როგორი იყო მათი როლი სტალინური ტერორის წლებში, დაემთხვა კონფლიქტს დღევანდელი მწერალთა კავშირის შიგნით, რომელიც, ლაშა ბაქრაძის თქმით, ძალზე ტენდენციურად გააშუქეს ქართულმა ტელეარხებმა - მწერალთა კავშირი ლამის ”კაციჭამია ორგანიზაციად” წარმოგვიდგინეს...ხოლო ”მწერალთა კავშირი ”კაციჭამია ორგანიზაციად” რომ არ წარმოვადგინოთ, ლაშა ბაქრაძის თქმით, სასურველია უარი ვთქვათ საკითხის მიმართ ”შავ-თეთრ მიდგომაზე”.

”ყველაფერი ასე ადვილად გასაგები არ არის!” - აღნიშნა გოეთეს ინსტიტუტში გამართული დისკუსიის მოდერატორმა და, ფაქტობრივად, ამ წინადადებაში ჩამოაყალიბა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მუშაობის პრინციპი: ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მისიაა ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად. არადა, დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილის, ჟურნალ ”ლიბერალის” ბლოგერის, ფილოლოგ ნინო ბექიშვილის მოხსენების მოსმენის შემდეგ ძნელი აღმოჩნდა ტერორის წლების შავ-თეთრ სინამდვილეში ფერადოვანი ნიუანსების დანახვა - განსაკუთრებით, როცა 1937 წლის ტერორზეა საუბარი.

”ქართველი ბოლშევიკები შეკრიბეს და კრებაზე ყველამ ერთად დაგმო ბოლშევიკი ბუდუ მდივანი. ”ლიტერატურულ საქართველოში” დაბეჭდილია ჯერ მწერალთა საერთო მიმართვა და შემდეგ წერილები, რომელთა სათაურებს ჩამოვთვლი: ”სიკვდილი მუხანათურ მტერს” (მიხეილ ჯავახიშვილი), ”გულის სიღრმემდე აღშფოთებული ვარ” (შალვა დადიანი), ”ზიზღი ბანდიტებს და ქვეწარმავლებს” (გოგლა ლეონიძე)“, - გვითხრა ნინო ბექიშვილმა.

მართლაც ძნელია ზუსტად იგრძნო იმ ეპოქის ატმოსფერო და მიხვდე, როგორ შეიძლება მოიქცეს ადამიანი, რომელსაც მუდმივად ემუქრება დაპატიმრება და დახვრეტა. თუმცა ეს ეპოქა ლოგიკურობას ხშირად მოკლებულია. ადამიანთა ქცევას და, შესაბამისად, ისტორიულ მოვლენებს ხშირად რაღაც ირაციონალური იმპულსები განსაზღვრავს.

ესაა სტალინური ტერორის წლები, როცა ძნელი იყო მწერლისთვის გმირობა და თავდადება მოგვეთხოვა. მაგრამ ნინო ბექიშვილის მოხსენებაში სხვა კითხვაც დაისვა: რატომ მოიქცნენ მწერლები თითქმის ზუსტად ასე 50-იანი წლების ბოლოს, როცა სტალინური ტერორი დასრულდა და ეგრეთ წოდებული ”ოტტეპელის” ეპოქა დაიწყო? რატომ მიიღეს მონაწილეობა პასტერნაკის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში ადამიანებმა, რომელთაც პასტერნაკი არაერთხელ დახმარებია, რომელთაც მწერალი თავის მეგობრებად მიიჩნევდა? დისკუსიის კიდევ ერთმა მონაწილემ, მწერალმა გიორგი კეკელიძემ, ამასთან დაკავშირებით 70-იანი წლები და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჩატარებული მწერალთა კავშირის სხდომა გაიხსენა - სტალინური ტერორი დასრულებული იყო, მწერალს დახვრეტა არ ემუქრებოდა, მაგრამ ისინი მაინც აღმოჩნდნენ ოფიციალური იდეოლოგიის მანიპულაციის მსხვერპლნი - უფრო მეტიც, ამ იდეოლოგიის გამტარებელნი.

”ქართული მწერლობა ყოველთვის ვიღაცის სამსახურში იყო - უბრალოდ, სამსახურის სუბიექტი იცვლებოდა ხოლმე”, - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

ამ საკმაოდ რადიკალურ განცხადებას დისკუსია არ მოჰყოლია. შესაძლებელია იმიტომაც, რომ მანამდე გიორგი კეკელიძემ გაგვახსენა, რომ მწერლის წარმოდგენა ”ერის სინდისად”, ”სულების ინჟინრად” სწორედ საბჭოთა კავშირში დაიწყეს, სინამდვილეში კი მწერალი ჩვეულებრივი ადამიანია. უფრო მეტიც, მას ისეთ სამყაროში უხდება ცხოვრება, - მხატვრული სახეების სამყაროში, - რომ გმირობა ვის-ვის და სწორედ მწერალს არ უნდა მოვთხოვოთ.

გოეთეს ინსტიტუტში გამართულ დისკუსიას ყველა თაობის წარმომადგენელი ესწრებოდა. დარბაზში იყვნენ ადამიანები, რომელთაც ტერორი უშუალოდ შეეხოთ. ერთ-ერთმა მათგანმა, მწერალმა ზაირა არსენიშვილმა, მხარი დაუჭირა ლაშა ბაქრაძეს და გვითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რა საშინელებაა სტალინური ტერორი, შევეცადოთ გავუგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ვერაფერი გააკეთეს ამ ტერორის წინააღმდეგ და ემსახურებოდნენ კიდეც სტალინურ იდეოლოგიას.

და მაინც, დისკუსიის დასრულების შემდეგ პირადად მე ნინო ბექიშვილის სიტყვები დამამახსოვრდა: რუსი მწერლებისგან განსხვავებით, რომლებმაც ტერორის წლებს არაერთი შესანიშნავი ნაწარმოები მიუძღვნეს, ჩვენს ლიტერატურაში არ შექმნილა ანა ახმატოვას ”რეკვიემის” მსგავსი ნაწარმოები... ახლა უკვე საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ უნდა გამოიკვლიოს და ახსნას, რატომ მოხდა ეს.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG