Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დემონსტრანტები 1 თებერვლისათვის ემზადებიან


ტაჰრირის მოედანი
ტაჰრირის მოედანი
ეგვიპტეში, ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ქუჩებში წესრიგის დასამყარებლად კვლავ გამოჩნდა პოლიცია. ამასთან, ჰაერში დაფრინავენ სამხედრო თვითმფრინავები და დღემდე ტანკებით არის ბლოკირებული ტაჰრირის მოედანი, რომელიც ეგვიპტეში საპროტესტო დემონსტრაციის ეპიცენტრი იყო. თუმცა, კომენდანტის საათისა და ეგვიპტის პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების მიუხედავად, ხელისუფლებით უკმაყოფილო დემონსტრანტები 1 თებერვალს ახალი მასობრივი გამოსვლებისათვის ემზადებიან.
დღეს, როგორც ეგვიპტელებმა, თქვენ დაიბრუნეთ თქვენი უფლებები და თავისუფლება. რაც უკვე დაიწყო, უკან არასოდეს დაბრუნდება...

საპროტესტო დემონსტრაციის ლიდერები ეგვიპტეში აცხადებენ, რომ ჰოსნი მუბარაკზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც 1 თებერვალს ქუჩებში მილიონამდე ადამიანის გამოყვანას გეგმავენ. რეფორმისტების ლიდერი ნობელის პრემიის ლაურეატი მუჰამედ ელ-ბარადეი კვირა საღამოს ტაჰრირის მოედანზე გამართულ აქციას შეუერთდა და დემონსტრანტებს უთხრა, რომ მათი მიზანი არის „ახალი ეგვიპტე“, სადაც ყველა ადამიანი თავისუფლად და ღირსეულად იცხოვრებს:

„მოვედი, რათა თქვენთან ერთად ვიყო ჩვენი ცხოვრების უბედნიერეს დღეს. დღეს შემიძლია თითოეულ თქვენგანს თვალებში ჩაგხედოთ. დღეს, როგორც ეგვიპტელებმა, თქვენ დაიბრუნეთ თქვენი უფლებები და თავისუფლება. რაც უკვე დაიწყო, უკან არასოდეს დაბრუნდება. როგორც ადრე ვთქვით, ჩვენ ერთადერთი ძირითადი მოთხოვნა გვაქვს: რეჟიმის დასასრული და ახალი ეტაპის დაწყება“.
მუჰამედ ელ-ბარადეი

ეგვიპტის ყველაზე მრავალრიცხოვანმა ოპოზიციურმა ჯგუფმა, „მუსლიმთა საძმომ,“ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ელ-ბარადეის წევრობას მოლაპარაკების კომიტეტში, რომელიც არმიის ხელმძღვანელობასთან მართავს მოლაპარაკებებს. მიჩნეულია, რომ ეგვიპტეში ვითარებას გადაწყვეტს ის, თუ ვის მხარეს დაიჭერს არმია - მუბარაკის თუ დემონსტრანტების.

აღსანიშნავია, რომ კვირას ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს „მუსლიმთა საძმოს“ ლიდერებმა ესამ ელ-ერიანმა და საად ელ-კატანიმ, რომლებიც ციხიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც დაცვამ მიატოვა პოსტები. ოპოზიციონერთა თქმით, „ხალხის რევოლუცია“ ურყევია, მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა.
დროა მოხდეს წინსვლა ეროვნული დიალოგისკენ, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, შეიქმნას პოლიტიკური სივრცე მშვიდობიანი პროტესტისათვის...

ეგვიპტეში მთელი კვირის განმავლობაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარ შეტაკებაში ორივე მხრიდან 125 კაცი დაიღუპა. ეგვიპტეში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ვაშინგტონში აფიქრებთ ისრაელ-ეგვპიტის 30-წლიანი სამშვიდობო შეთანხმების ბედი, თუკი პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკის რეჟიმი დაემხობა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ტელევიზიებისათვის მიცემულ ინტერვიუების სერიაში რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მხარს უჭერს ძალაუფლების კანონიერ გადაცემას:
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი

„დროა მოხდეს წინსვლა ეროვნული დიალოგისკენ, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, შეიქმნას პოლიტიკური სივრცე მშვიდობიანი პროტესტისათვის და ჩამოყალიბდეს მშვიდობიანი ოპოზიცია, რომელსაც სურს ხელი შუწყოს ძალისხმევას უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ეს არის ის, რის ხილვაც გვსურს“.

ჰილარი კლინტონის თქმით, ჰოსნი მუბარაკის მიერ ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე დანიშნულ ომარ სულეიმანს შესწევს უნარი ისე განახორციელოს რეფორმები, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენოს სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელთან და არ დაძაბოს ვითარება ახლო აღმოსავლეთში. 31 იანვარს მხარეებს სამშვიდობო დიალოგისაკენ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმაც მოუწოდა.

დღეს ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაკმა აკურთხა მთავრობის სახეცვლილი შემადგენლობა. თუმცა ქვეყანაში ჯერ კიდევ მოქმედებს კომენდანტის საათი და დახურულია ბანკებისა და მაღაზიების უმრავლესობა, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG