Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 31 იანვარი 2011


”პიკ“-ის მიერ საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით ორგანიზებული ტელეხიდის შინაარსის განხილვა დღევანდელ პრესაშიც გრძელდება. მიხეილ სააკაშვილის პასუხებზე კომენტარს სთხოვს ”მთელი კვირა” პოლიტოლოგ სოსო ცინცაძესაც, თუმცა მე მასთან ინტერვიუს მხოლოდ იმ მონაკვეთს მივაპყრობ თქვენს ყურადღებას, სადაც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ ევროპის პოლიტიკაზე ლაპარაკობს: ”პირადად მე ეჭვნარევი სიფრთხილით ვუდგები ევროკავშირის ახალ სტრატეგიას. ვშიშობ, რომ აფხაზეთს ასე ვერ გამოგლეჯენ რუსული დათვის თათებიდან. მაგ ჭკუაზე არ არის პუტინი. თუ ევროპა აფხაზებს გზებსა და საავადმყოფოებს აუშენებს, ამით მხოლოდ მოსკოვის ფული დაიზოგება, სამხედრო ბაზებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე კი რუსეთს მეტი ხარჯების გაწევის საშუალება ექნება”.

”ვერსიას“ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზების შესახებ მოსაზრებებს უზიარებს: ”ეკონომიკის სტიმულირება აუცილებელია და, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გარდა, ორ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას ვაყენებ. აუცილებელია არაპირდაპირი გადასახადების დამატებითი ღირებულების გადასახადისა და აქციზის შემცირება”.

”ვერსიაში“ ქვეყნდება ინტერვიუ ლეიბორისტთა ერთ-ერთ ლიდერ ნესტან კირთაძესთან. ის ოპოზიციაზე ლაპარაკობს: ”ხდება მხოლოდ ჩასაფრება, ფეხის დადება, ერთმანეთის კომპრომეტირება და ამან შეიძლება ბუნტამდეც მიგვიყვანოს, ან შეიძლება ამ კოჭლმა დრომ ამოატივტივოს მახინჯი ლიდერი რომელიღაც ფლანგიდან, ან დაიწყოს ქაოსი და არავინ იცოდეს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. ზოგი გვეუბნება, ვადამდელი არჩევნები მოვითხოვოთ და შემდეგ ვილაპარაკოთო. ვერ ვილაპარაკებთ, რადგან დიდი ალბათობაა ხელისუფლებამ 90-იანი წლები მოგვიწყოს”.

”ახალი თაობა”, ინტერვიუ ”ქართული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერ სოზარ სუბართან: ”ჩვენი მიზანი არის სწორედ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და ამ არჩევნების მოგება, როგორც საპრეზიდენტოსი, ისე საპარლამენტოსი. ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ვადაც დათქმული გვაქვს. ეს არის გაზაფხულის ბოლო, როცა ჩვენ ამისათვის მზად ვიქნებით. მზადყოფნა ნიშნავს იმას, რომ წინ ვერავინ დაგვიდგება”.

”ასავალ-დასავლის“ ავტორი წერს: ”ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაჯოს, როცა სააკაშვილის დანაშაულებრივ და კრიმინალურ რეჟიმს მოიშორებს, უნდა ჩაანაცვლოს თუ არა იგი ამ რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელითა და სულისჩამდგმელით - ირაკლი ოქრუაშვილით”.

”ასავალ-დასავალში“ ლეიბორისტთა ლიდერ შალვა ნათელაშვილთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ. ის ამბობს: ”თუ ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს გამოსვლა უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და ეს მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს”.

”ასავალ-დასავლის“ მთავარი პუბლიკაცია გენერალ კობა კობალაძესთან ინტერვიუა, სათაურით ”გენერალი დუმილს არღვევს”: ”არც ერთი ჩვენგანის ბრალი არ არის, რომ იმ ომში ჩვენც არ დავიხოცეთ. დღეს თუ სამშობლოსთვის ბრძოლა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად ითვლება, მაშინ ისინი უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს? ეს, რომ დღეს გამიჯვნა ხდება ამ ორი ომის და მათი მონაწილეების, ხელისუფლების უსუსურობის დამადასტურებელია”.

პრესაში მსჯელობის საგნად იქცა ერთ-ერთი ინვესტორის, დანიელ გუფთას მიერ თბილისში ჯანდაცვის ობიექტების შესყიდვის საკითხი. ”კვირის პალიტრას“ სოსო ცისკარიშვილი ეუბნება: ”ბიზნესმენი 300 ათასად რომ ყიდულობს საავადმყოფოს და ხუთოთახიანი ბინაც ამდენივე ღირს, ბუნებრივად ჩნდება კითხვები. 100 საავადმყოფოს პროექტი არის ყველაზე სერიოზული და ფაქტებით დადასტურებული თაღლითობა, რომლის იდეათმპყრობელი ბატონი ბენდუქიძე გახლდათ. ეს პროგრამა რეალურად იყო ქალაქის პრესტიჟულ რაიონებში მდებარე მიწების ხელში ჩაგდება. ახლაც ამ მიზნით ყიდიან საავადმყოფოების შენობებს”.

”კვირის ქრონიკას” ჯანდაცვისა და სამედიცინო ობიექტების პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი ჯანაშია ჰპირდება, რომ უახლოეს მომავალში შეატყობინებს, ვინ დგას დანიელ გუფთას უკან. ჯანაშია ექიმების საპროტესტო აქციებსაც არ გამორიცხავს. დღევანდელ ”კვირის ქრონიკაში” გიორგი არველაძის მიერ ბორდელის ფლობისა და შსს მინისტრის დაცვის თანამშრომელთა მიერ დეპუტატ გივი თარგამაძის ცემის შესახებაც წერენ.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG