Accessibility links

logo-print
ორიოდე თვის წინ რადიო თავისუფლების შტაბბინაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ „ საქართველოს მალე კიდევ უფრო დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემა ექნება“. თუმცა ასეთ ოპტიმისტურ პროგნოზებს არ იზიარებენ ქართველი უფლებადამცველები, რომლებსაც საკუთარი არგუმენტები აქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოში არ არის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება და ვითარება ამ მხრივ დღითი დღე უარესდება. ამ და სხვა საკითხებზე საუბრობდნენ უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე და ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომლებიც კვირის დასაწყისში პრაღაში რადიო თავისუფლების ქართულ სამსახურსაც ესტუმრნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტმატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს იძიებს, წინასწარი დაკავების პროცესიდან დაწყებული და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში შექმნილი მდგომარეობით დამთავრებული. როგორც ორგანიზაციის თვმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამტკიცებს, საქართველოში თითოეულ ამ ეტაპზე, ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით, მდგომარეობა ბოლო წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდა:

„საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის - „ამნესტი ინტერნეშენალის“, „ჰიუმან რაიტს უოჩისა“ და „პენალ რეფორმ ინტერნეშენალის“ გამოკვლევით, 100 ათას მოსახლეზე აზერბაიჯანში 201 პატიმარია, სომხეთში - 102 და საქართველოში - 500-ზე მეტი პატიმარი. ამასთან, საქართველოში ეს რიცხვი ყოველთვიურად 400-ით იზრდება. ამასთან, საქართველოში ეს რიცხვი ყოველთვიურად 400-ით იზრდება. ეს, ფაქტობრივად, არის ანომალია. საქართველო პატიმართა რაოდენობით მეოთხე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ. და, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ეს საკითხები მოხსნებებში ამგვარად არ აისახება“.

ძალიან ძლიერი პროკურატურა და სუსტი დაცვა

საქართველოში პატიმართა რაოდენობის კატასტროფულ მატებას უფლებადამცველები რამდენიმე მიზეზით ხსნიან. პირველია ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობა“, ადვოკატის ინსტიტუტის დასუსტება და სასამართლო ხელისუფლების დამოკიდებულება აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, რომელიც საქართველოში ცნობილია როგოც რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეებში ეჭვმიტანილების დამცველი, ყურადღებას ამახვილებს ქართული მართლმსაჯულების კიდევ ერთ სამწუხარო სტატისტიკაზე:

„14-15 ათასი განხილული საქმიდან სულ არის 4-5 გამამართლებელი განაჩენი, რაც ნიშნავს, რომ 1000 შემთხვევაში ერთი გამამართლებელი განაჩენიც არ გამოდის. გარდა ამისა, აქ ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლებას დასავლური მართლმსაჯულების მოდელი გადმოაქვს. ეს არის ფასადურად. აი, მაგალითად, დიდი პიარით შემოიღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, სინამდვილეში გაუარესდა ადვოკატთა პოზიცია, რადგან მათ [ადვოკატებს], ახალი კოდექსით, აღარ აქვთ უფლება ამოღების შესახებ შუამდგომლობის დაყენებისა“.

ადვოკატ ნიკოლაიშვილს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ გასული წლის ოქტომბრამდე მოქმედი საპროცესო კოდექსით, ადვოკატს უფლება ჰქონდა დაეყენებინა შუამდგომლობა და მოსამართლისათვის მიემართა თხოვნით ამოეღო ვიდეოთვალის ან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. ახალი კოდექსით კი, ადვოკატს ეს უფლება ჩამოერთვა. გელა ნიკოლაიშვილის თქმით, რომელიც ამას წინათ დარბეული და შემდგომ 400-400 ლარით დაჯარიმებული მოშიმშილე სამხედრო ვეტერანების უფლებებს იცავდა, მოსამართლემ საერთოდ არ მიიჩნია საჭიროდ მტკიცებულებად ჩაეთვალა და საქმისათვის დაერთო დაცვის მხარის მიერ მიწოდებული ვიდეოკადრები, სადაც ნათლად ჩანდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენება. ასევე აკრძალულია აუდიოჩანაწერების გაკეთება სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რაც ნებადართული იყო ყოფილი ხელისუფლების დროს.

რუსეთის სასამართლოს გამჭვირვალობაც სანატრელია?

ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თქმით, გამჭვირვალობის მხრივ, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად ჩამორჩება რუსეთის მართლმსაჯულებას. ამ ერთი შეხედვით უცნაური შედარების საფუძველს ქართველ ადვოკატს აძლევს ცნობილი რუსი მაგნატის, მიხაილ ხოდორკოვსკის, სასამართლო პროცესი, რომლის პირდაპირი ტრანსლირების შესაძლებლობა ჰქონდა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.

„ხოდორკოვსკის სიტყვა პირდაპირ ეთერში გადასცა თქვენმა რადიომ. ესეც რომ არ იყოს, როდესაც საქართველოს სასამართლოები ჩანაწერის განხორციელებას კრძალავენ, ამერიკის მაგალითს იშველიებენ. თუმცა ამერიკის სასამართლო ადვოკატს მეორე დღესვე აძლევს სხდომის აუდიოჩანაწერს და იქ უკვე ადვოკატი დაცულია, რომ ოქმები არ გაყალბდეს“.

აქ ლაპარაკი იმაზე არ არის, რომ გარეთ გამოხვიდე, რაღაც გააპიარო და საზოგადოებას მოასმენინო. ეს საჭიროა წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, რომ შენ ის მაინც დაამტკიცო, რაც სასამართლოზე მოხდა. „ჩვენს შემთხვევაში კი ადვოკატს ამის შესაძლებლობაც არა აქვს. ასე რომ, ხელფეხშეკრული ადვოკატი, ყველა უფლებით აღჭურვილ პროკურატურასთან, წარმოიდგინეთ, როგორ [არათანაბარ] ვითარებაშია. თანაც მსაჯი, ამ შეჯიბრში აშკარად ცალმხრივად არის მიკერძოებული“.

ნანა კაკაბაძე ორმაგ მიდგომაში ადანაშაულებს დასავლეთის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მკაცრად რეაგირებენ რუსეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე და თვალს ხუჭავენ ანდა ზერელედ ეხმაურებიან საქართველოში შექმნილ საგანგაშო ვითარებას, როდესაც ადამიანის მიმართ ბრალმდებლის როლში ერთად გამოდიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო და ანგაჟირებული მედია, რომელიც მოქალაქის დაკავების დღესვე არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ იწყებს გააქტიურებას იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებს უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ რეალურ პრობლემებზე, რაზეც, ნანა კაკაბაძის თქმით, გარკვეული საერთაშორისო კონიუნქტურის გამო თვალს ხუჭავენ ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები.
XS
SM
MD
LG