Accessibility links

logo-print

დევნილები დევნილების შესახებ


პროექტ „დევნილთა ამბების“ მონაწილეები

პროექტ „დევნილთა ამბების“ მონაწილეები

თითქმის ერთი წელია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სამოქალაქო ჟურნალისტები ამზადებენ რადიო გადაცემას „დევნილთა ამბები“ . პროექტს ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი პარტნიორი რადიოების მეშვეობით ახორციელებს.

ტრენინგებისა და სემინარების შემდეგ დევნილთა დასახლებებიდან შეირჩნენ სამოქალაქო ჟურნალისტები, რომლებიც პროგრამას თვეში ერთხელ ამზადებენ. გადაცემები ქართლში რადიო „თრიალეთის“, სამეგრელოში კი რადიო „ოდიშის“ ეთერში გადის.

ახალგაზრდა ჟურნალისტები რეპორტაჟებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში ამზადებენ. იანვრის ბოლოს ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილი სამოქალაქო ჟურნალისტები ერთმანეთს გორში შეხვდნენ და ორდღიანი ტრენინგი გაიარეს. რეპორტიორებთან მუშაობდა ფსიქოლოგი, რომელმაც ისაუბრა ინტერვიუს წარმოების ხელოვნებაზე. ისინი გაეცნენ საგამოძიებო ჟურნალისტიკის საფუძვლებს, აუდიომონტაჟის ტექნიკას. მათ ერთად მოინახულეს საზღვრისპირა სოფლები და კარალეთის დევნილთა დასახლება.

ირინა ესაკია დევნილთა ამბებს სამეგრელოს რეგიონში ამზადებს. მან ქართლელი კოლეგები გაიცნო და მათთან ერთად შიდა ქართლში მცხოვრები დევნილების ყოფით დაინტერესდა. მისი თქმით, თავიდან ინტერვიუზე მისულ დევნილებთან მუშაობა რთული იყო.

„როცა ვეუბნებით, რომ ჩვენც დევნილები ვართ, ეს მაინც დადებით მუხტს იძლევა, რადგან იციან, რომ ჩვენც ანალოგიური პრობლემები გამოვიარეთ. თავიდან მაინც შებოჭილები იყვნენ, რადგან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულებთან ხშირად გვიწევს ინტერვიუს აღება და შიშის ფაქტორი არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეუბნებით, რომ მათ ინკოგნიტოდ დავტოვებთ, მაინც ეშინიათ, რომ მათი სახელები და გვარები არ იყოს გამჟღავნებული“, – ამბობს ირინა ესაკია.

ირინა ესაკიამ ნათია ჭოველიძე გორში გაიცნო. ნათია 2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონიდან დევნილად იქცა. მან გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ სამსახურის შოვნას დიდხანს ვერ ახერხებდა. ერთი წლის წინ IWPR-ის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და ახლა დევნილების ცხოვრების შესახებ აკეთებს რეპორტაჟებს.

„ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევიძინე უამრავი ისეთი თვისება, რომელიც აუცილებელია ჟურნალისტისთვის. ურთიერთობა მაქვს დევნილებთან, ვეცნობი მათ პრობლემებს, რაც ჩემთვის ძალიან ახლობელი და საინტერესოა“, – აცხადებს ნათია ჭოველიძე.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის დირექტორმა კავკასიაში ბექა ბაჯელიძემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალბედა ჟურნალისტებს დაეხმარება უკეთ გააშუქონ დევნილთა პრობლემები და მათი ამჟამინდელი ყოფა-ცხოვრება.

„დევნილთა პრობლემების გაშუქება ყველაზე უკეთესად მათივე დასახლებაში მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ. ახალგაზრდებში ყველაზე დიდი სურვილი და მოტივაციაა იმისთვის, რომ ეს პრობლემები გაშუქდეს. დიდ ქალაქებში მყოფ ჟურნალისტებს ხშირად არა აქვთ საშუალება მოშორებულ სოფლებში ჩავიდნენ, ან ვერ ერკვევიან დეტალებში. ამ ახალგაზრდა ჟურნალისტებს კი ,რომლებიც ცხოვრობენ ამ დასახლებებში, ყველაზე უკეთ შეუძლიათ საუბარი“, – ამბობს ბექა ბაჯელიძე.

IWPR-ის პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი - „ერთი ხმა კონფლიქტით გახლეჩილი საზოგადოების დასაკავშირებლად“ - მიზნად ისახავს ინტენსიური ტრენინგების გზით დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერებისთვის მედიასთან ურთიერთობისა და პროფესიონალი ჟურნალისტისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
XS
SM
MD
LG