Accessibility links

სადღესასწაულო დღეების შემდეგ ოკუპირებულ ქალაქ გალში კვლავ განახლდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა.

დღეს გამართულ ექვსმხრივ მოლაპარაკებაზე თბილისის დელეგაციამ, რომელსაც შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი შოთა უტიაშვილი ხელმძღვანელობდა, აფხაზურ და რუსულ მხარეებს მოსთხოვა გასული წლის შემოდგომაზე თბილისში განხორციელებულ ტერაქტებში ეჭვმიტანილ მერაბ ყოლბაიასა და მუხრან ცხადაიას გადაცემა. შოთა უტიაშვილის განცხადებით, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გარდა ამისა, ქართული მხარე მოითხოვდა ტერაქტების ორგანიზატორად მიჩნეული რუსი ოფიცრის ბორისოვის დაკითხვას, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მყოფი რუსული სამხედრო ძალების სარდლობა ირწმუნება, რომ ბორისოვმა აფხაზეთი უკვე დატოვა.

რადიო თავისუფლება, ოკუპირებული რეგიონის მკვიდრებზე დაყრდნობით, არაერთხელ იტყობინებოდა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში მყოფი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენლები ადმინისტრაციული საზღვრის მთელ პერიმეტრზე მავთულხლართების გავლებას აქტიურად განაგრძობენ. შოთა უტიაშვილის თქმით, ეს საკითხი ექვსმხრივ შერეულ შეხვედრაზე, თბილისის დელეგაციის გარდა, ევროკავშირის წარმომადგენლობამაც დააყენა.

აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი სამუშაო ჯგუფების რიგით 24-ე შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. რაც შეეხება მორიგ შეხვედრას, ის ოკუპირებულ გალში 22 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG