Accessibility links

logo-print

სტრასბურგის სასამართლოში - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ


სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო

სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სასამართლო

სტრასბურგის სასამართლომ მოწმეების დაკითხვის პროცედურა დაიწყო. საუბარია სახელმწიფოთშორისი მასშტაბის საქმეზე, - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, - რომელიც 2006-2007 წლებში საქართველოს მოქალაქეების რუსეთიდან მასობრივი დეპორტაციის პროცესს უკავშირდება. გავიხსენოთ, რომ რუსეთიდან ქართველების მასობრივი გამოძევების გაუსაძლის და დამამცირებელ პროცესს საქართველოს 3 მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა. 5-დღიან ზეპირ მოსმენას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 31 იანვარს შეუდგა.

თავგადასავალზე, რომელიც საშინელი სიზმარივით ახსოვთ, დაზარალებულები თავად უყვებიან სტრასბურგელ მოსამართლეებს. მოსმენა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს და უნდა ითქვას, რომ 1959 წელს დაარსებული ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში მოწმეთა ამ ფორმატით დაკითხვის სულ რამდენიმე შემთხვევა არსებობს. ამ საგანგებო პროცედურული ნორმის ფარგლებში, პირველი ორი დღე მთლიანად ეთმობა ქართული მხარის მიერ წარდგენილი დაახლოებით 10 მოწმის მოსმენას, ხოლო დანარჩენ დღეებში სასამართლო უკვე რუსეთის მხარის მიერ წარდგენილ მოწმეებს მოუსმენს. მოწმეთა ვინაობა და მათ მიერ მიცემული ჩვენების დეტალები საჯარო ინფორმაციას არ წარმოადგენს.

საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის ვალდებულებათა დარღვევაში - ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებს. საქართველოს სარჩელი ძირითადად შეეხება მუხლს, რომელიც მეზობელი ქვეყნიდან უცხოელების კოლექტიურ გამოძევებას უკავშირდება.

გავიხსენოთ, რომ 2006-2007 წლებში მასშტაბური დეპორტაციის პროცესში, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ არაადამიანური მოპყრობისა და დამცირების თანხლებით განახორციელა, არაზუსტი დათვლით, რუსეთიდან დაახლოებით 5 ათასი ქართველი გამოაძევეს. ქართველებზე შურისძიებას ანალიტიკოსები მაშინ პირდაპირ უკავშირებდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების ფაქტს, რამაც მოსკოვის განრისხება გამოიწვია.

თბილისს იმედი აქვს, რომ რუსეთის ფედერაციას პასუხი მოეთხოვება. სტრასბურგში 31 იანვარს დაწყებულ მოსმენაზე ქართული მხარის დელეგაციას, ტრადიციულად, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი ხელმძღვანელობს:

”(ადამიანის უფლებათა ევროპული) კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა და ქართული მხარე, ბუნებრივია, მოითხოვს, რომ სწორედ ამ დარღვევის დადგენა მოხდეს სასამართლოს მხრიდან, პირველ რიგში... და, რა თქმა უნდა, სასამართლომ მიანიჭოს კომპენსაცია ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ რუსული პოლიტიკის მსხვერპლი გახდა”.

თუმცა რადგანაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოთაშორის სარჩელზე ვლაპარაკობთ და რუსეთს არა საქართველოს კონკრეტული მოქალაქეები, არამედ უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო უჩივის, საქმის მოგების შემთხვევაში, საკომპენსაციო თანხას საქართველოს სახელმწიფო მიიღებს. ამის შემდეგ კი ეს თანხა დაზარალებულ მოქალაქეებს სწორედ საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაუნაწილოს. ჯერჯერობით დაუზუსტებელია როგორც რუსეთისთვის მოსათხოვი თანხის ოდენობა, ასევე პრინციპი, რომლის მიხედვითაც უნდა განაწილდეს კომპენსაცია.

საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით პირველი საჯარო მოსმენა სტრასბურგის სასამართლოში 2009 წლის 16 აპრილს გაიმართა, ხოლო სარჩელი ქართულმა მხარემ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2007 წლის 26 მარტს შეიტანა.

მას შემდეგ თითქმის 4 წელიწადი გავიდა და ხომ არ მიუთითებს ეს დრო საქმის განხილვის გარკვეულ გაჭიანურებაზე? - ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ თეა წულუკიანს მიმართა. საქმე ის არის, რომ პარტია ”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, თეა წულუკიანი, 10 წლის მანძილზე, 2010 წლის მაისამდე, მუშაობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტად. მართალია, უშუალო შეხება არ ჰქონია, მაგრამ თეა წულუკიანი კარგად იცნობს საქმეს, რომელსაც ამჟამად იხილავენ სტრასბურგში. ის ამბობს, რომ სარჩელის შეტანის შემდეგ გასული 4 წელიწადი გაწეული შრომის ადეკვატურია:

”ამ 4 წლის განმავლობაში შესწავლილ იქნა ზღვა მასალა, რომელიც საქართველოს სახელმწიფომ გააგზავნა. ვიდეო და აუდიო მასალების ტრანსკრიპტი ქაღალდზე რამდენიმე ასეული გვერდისგან შედეგება. არა მხოლოდ ამ მასალების შესწავლა მოხდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ, არამედ ჩატარდა მხარეების მონაწილეობით სხდომა 2009 წელს და ახლა უკვე იკითხებიან მოწმეები დიდი პალატის მიერ”.

სტრასბურგის სასამართლოს ყოფილი იურისტი თეა წულუკიანი საგანგებოდ აღნიშვნის ღირსად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს. მისი განმარტებით, ამა თუ იმ საქმის დიდი პალატისთვის გადაცემა კონკრეტული საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს:

”საქმეს იმიტომ იხილავს დიდი პალატა ამ შემთხვევაში, რომ ეს არის ორივე ქვეყნისთვის - როგორც საქართველოსთვის, ასევე რუსეთისთვის, -უმნიშვნელოვანესი საჩივარი როგორც იურიდიული, ასევე პოლიტიკური გაგებით. ამიტომ ჩვეულებრივმა პალატამ, რომელმაც 2007 წელს მიიღო ეს საჩივარი, საქმე გადასცა დიდ პალატას, რათა გამოტანილ გადაწყვეტილებებს ლეგიტიმურობის უფრო დიდი ხარისხი ჰქონდეს, ვიდრე ეს იქნებოდა ჩვეულებრივი პალატის შემთხვევაში. და დიდი პალატის გადაწყვეტილება იმით არის კარგი და სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება აღარ ემორჩილება გასაჩივრებას და არის საბოლოო”.

წინასწარი ინფორმაციით, სტრასბურგში 31 იანვარს დაწყებული რამდენიმედღიანი მოსმენა, პროცედურულად, საქმის განხილვის პროცესში დასკვნით ნაბიჯს წარმოადგენს. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მოსამართლეები, სავარაუდოდ, უკვე შეუდგებიან გადაწყვეტილების პროექტზე მუშაობას. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა ერთი წელიწადი დასჭირდეს.
XS
SM
MD
LG