Accessibility links

logo-print

პროფკავშირები სამედიცინო სფეროში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ


მედიცინის მუშაკთა დისკრედიტაცია, მასობრივი გათავისუფლება დაკავებული სამუშაო ადგილებიდან, სამედიცინო დაწესებულებების გასხვისება და გაყიდვა პროფილის შენარჩუნების გარეშე - ის ძირითადი პრობლემებია, რომელთა გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს ექიმებს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის პროფკავშირი. პროფკავშირი, დარგში დაგროვილი პრობლემების მოგვარების მიზნით, კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას - მათ შორის, საპროტესტო აქციებს - გამართლებულად მიიჩნევს.
გავერთიანდეთ და გამოვთქვათ მწვავე პროტესტი ჩვენი დარგის მიზანმიმართული განადგურების, ქართული მედიცინის დისკრედიტაციისა და ავტორიტეტის შელახვის წინააღმდეგ...

საქართველოს მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია ფიქრობს, რომ სამედიცინო პერსონალის ერთსულოვნება და სოლიდარობა შექმნილ ვითარებაში აუცილებელია. პრობლემათა ზემოთ აღნიშნულ ჩამონათვალს კი იგი ისეთ საკითხებს უმატებს, როგორიცაა სამედიცინო პერსონალის დაბალი ანაზღაურება, სამედიცინო მომსახურების სიძვირე, ”საქართველოს სამედიცინო რუკიდან” მედიცინის მთელი რიგი დარგების გაქრობის საფრთხე, სამედიცინო პროგრამების დაფინანსების შემცირება, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებად არასამედიცინო განათლების მქონე პირთა დანიშვნის პრეცედენტები და ასე შემდეგ.
მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია

”ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მედიცინის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მოუწოდებს საქართველოს მედიკოსებს, გავერთიანდეთ და გამოვთქვათ მწვავე პროტესტი ჩვენი დარგის მიზანმიმართული განადგურების, ქართული მედიცინის დისკრედიტაციისა და ავტორიტეტის შელახვის წინააღმდეგ”.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ თოიძისთვის ”კატასტროფა ნამდვილად არ არის“. ის ამბობს:

„მე ვერ დამისახელებთ თქვენ ქვეყანას, სადაც მოსახლეობას ნახავთ კმაყოფილს; ან სამედიცინო პროფკავშირს, ან სამედიცინო ასოციაციას, ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის მდგომარეობით რომ აღფრთოვანებული იყოს... ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია ის, რომ ჩვენს მოსახლეობას და მის გარკვეულ ნაწილს - ამ შემთხვევაში, პროფკავშირებს - უჩნდება პრეტენზია უკეთეს სამედიცინო მომსახურებაზე, რაც მისასალმებელია, ვინაიდან როდესაც ქვეყანაში ჩნდება ასეთი პრეტენზიები, ან მთლიანად დაქცეულია ყველაფერი და სხვა არაფერია, ან, პირიქით, ყველაფერი მეტ-ნაკლებად კარგად არის და ახლა დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ”.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ბოლო დღეებში გახდა აქტუალური, სწორედ სამედიცინო გადაცდომებსა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში დაზარალებული პაციენტების საკითხს შეეხება. პროფკავშირებში მიიჩნევენ, რომ ცალკეული ფაქტების გამომზეურებას ხშირ შემთხვევაში ექიმთა დისკრედიტაცია აქვს მიზნად.

სამედიცინო პერსონალის უფლებების დაცვას ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევს ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გია ლობჟანიძეც. თუმცა განსხვავებულია ტაქტიკა, რომელსაც - ამ შემთხვევაში, პროფკავშირებისგან განსხვავებით, - ანიჭებს იგი უპირატესობას. ეს ტაქტიკა პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობას გულისხმობს როგორც მთავრობასთან, ისე პარლამენტთან. გია ლობჟანიძე ყურადღებას ექიმის პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელ ღონისძიებებზე ამახვილებს და ფიქრობს, რომ ამ სფეროში რეფორმები ეტაპობრივად კი არა, ფორსირებულადაა გასატარებელი.
ძალიან რთულია ”სადემარკაციო” ხაზი გაისვას სად იყო შეცდომა, სად იყო არაკომპეტენტური ქმედებანი, სად იყო მართლა ღია დანაშაული, გულგრილობა და ასე შემდეგ...

გია ლობჟანიძე გამოყოფს რამდენიმე მიმართულებას - ესენია: ექიმის ქცევის წესების დადგენა, სამკურნალო გაიდლაინების შემუშავება, პროფესიული ასოციაციების ჩართულობის გაზრდა სადავო საკითხების გადაწყვეტის პროცესში და ექიმთა პროფესიული რისკის დაზღვევა.

”საქართველოში არ არსებობს კანონმდებლობით დეფინიცია, რა არის სამედიცინო შეცდომა. ძალიან რთულია ”სადემარკაციო” ხაზი გაისვას სად იყო შეცდომა, სად იყო არაკომპეტენტური ქმედებანი, სად იყო მართლა ღია დანაშაული, გულგრილობა და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა წავიდეთ კანონმდებლობის ცვლილებების მიმართულებით. პროფესიულმა ასოციაციებმა უნდა მოვამზადოთ რეალურად დეფინიციები, რა გვჭირდება ჩვენ დღევანდელ საქმიანობაში”.

ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე გია ლობჟანიძე სამედიცინო წრეებს, დაინტერესებულ პირებსა და მედიას ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ მრგვალი მაგიდის მოწყობას ურჩევს.
XS
SM
MD
LG