Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუშტუკებიანი აპკი


როცა შვეიცარელმა გამომგონებელმა მარკ შავანმა 1957 წელს ბუშტუკებიანი აპკი შექმნა, მაშინ ის ნიუ ჯერსიში, გარაჟისხელა პატარა შენობაში მუშაობდა თავის ამერიკელ პარტნიორთან, ალფრედ ფილდინგთან ერთად. ისინი მიზნად ისახავდნენ ერთგვარი შპალერის შექმნას, მაგრამ გამოუვიდათ სულ სხვა რამე - საყოველთაოდ გავრცელებული შესაფუთი მასალა. მაგრამ დღეს ის არა მხოლოდ შესაფუთად იხმარება. მან მოდაშიც ფეხი მოიკიდა და სტრესის საწინააღმდეგო საშუალებადაც კი გამოიყენება.

1960 წელს, როცა შავანმა და ფილდინგმა თავიანთი ნაწარმი დააპატენტეს, მას ჯერ ხელით ამზადებდნენ. მოგვიანებით 85 ათასი დოლარის შეწირულებას მოუყარეს თავი და ქარხნული წესით მისი გამოშვება დაიწყეს. კომპანიას დაერქვა Sealed Air – სიტყვასიტყვით „დაბეჭდილი ჰაერი“.

გამოგონებამ კომპანია აქცია ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოდ, რომელიც წელიწადში ოთხი მილიარდი დოლარის მოცულობის პროდუქციას ყიდის. Sealed Air-ი ყოველწლიურად იმდენ ბუშტუკებიან აპკს უშვებს, რომ ის საკმარისი იქნებოდა დედამიწიდან მთვარემდე მანძილის დასაფარად წინ და უკან.

შავანისა და მისი კოლეგების ტექნოლოგია ეფუძნება ერთ, მუხუდოსხელა ღრმულებიან აპკზე მეორე, გლუვი აპკის გადაკვრას. მაგრამ თავდაპირველად ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ამ ორი ფენის ისე შეერთება, რომ ბუშტებიდან ჰაერი არ გაპარულიყო. აღმოჩნდა, რომ ბუშტებში ჰაერის შესაკავებლად იდეალურია პლასტიკური ნივთიერება სარანის გამოყენება.

შავანის გამოგონებამ არა მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით შეცვალა ჩვენი ცხოვრება. ის ერთგვარ საკულტო ობიექტადაც იქცა. მას ჰყავს ორ მილიონზე მეტი გულშემატკივარი, მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გვერდები „ფეისბუკზე“ და, თქვენ წარმოიდგინეთ, საკუთარი დღეც კი მოეპოვება: „ბუშტუკებიანი აპკის დღე“, რომელიც ყოველი წლის იანვრის უკანასკნელ ორშაბათს აღინიშნება. იმართება სხვადასხვა სახის შეჯიბრი და კონკურსი, პროდუქტის მოყვარულები წარმოადგენენ საკუთარ ინიციატივებს, გამოყენების ახალ იდეებს. გამოგონების 50 წლისთავზე კომპანიამ ოქროს აპკი გამოუშვა და საგანგებო გამცხვრით აღნიშნა იუბილე.

შავანის გამოგონების ერთ-ერთი მოულოდნელი ეფექტია სტრესის საწინააღმდეგო საშუალებად მისი გამოყენება. როცა დაწესებულებებში ბუშტუკებიან აპკში შეფუთულ გზავნილებს იღებენ, თანამშრომლები, როგორც წესი, თითქოს მექანიკურად იწყებენ ხოლმე ბუშტუკების ტკაცა-ტკუცით ხეთქვას. ფსიქოლოგების თანახმად, ეს ქმედება საგრძნობლად ამცირებს სტრესის ეფექტებს და ფსიქიკის განმუხტვას უწყობს ხელს. ბუშტუკების ხეთქვას ძალიან კარგი ეფექტი აქვს სკოლებში. მოსწავლეები ამის შემდეგ უფრო კონცენტრირებული და გაწონასწარებული არიან. რაც მთავარია, მედიტაციისგან განსხვავებით, ამ მეთოდს ვარჯიში არ სჭირდება. გასაკვირი არ არის, რომ კომპიუტერულ ეპოქაში უკვე არსებობს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც, მაუსის ისრით არის შესაძლებელი ვირტუალური ბუშტუკების გახეთქვა.

ბუშტუკებიანი აპკი გამოიყენება მილების შესაფუთად, ფრანების დასამზადებლად, სახლების თერმოიზოლაციისთვის და ტასაცმლის დასამზადებლადაც, რომელსაც ცნობილი დიზაინერები უშვებენ.

ბუშტუკებიანი აპკით ცნობილი ხელოვნებიც ინტერესდებიან. ლუიზიანის ხელოვნების გალერეამ, „არტსპეისმა,“ მთელი გამოფენა მიუძვნა ამ მასალით დამზადებულ ხელოვნებას. ექსპონატებს შორის თვალსაჩინო ადგილი ეკავა დენვერში მცხოვრები ხელოვნის, მარშალ დაინსის ავტოპორტრეტს, რომელიც ბუშტუკებიანი აპკითაა შესრულებული. ესაა დიდი ფორმატის ფერადი მოზაიკა. ყოველ ბუშტუკში ავტორს შესაბამისი საღებავი შეჰყავდა წვრილი ნემსით. დაინსის თქმით, ეს იდეა მას მოუვიდა მას მერე, რაც მიკროსკოპით აკვირდებოდა სურათებს და გააცნობიერა, რომ ის, რაც ახლოდან აბსტრაქტული გამოსახულებაა, შორი პერსპექტივიდან აზრს იძენს. „ჩემის აზრით, შედეგი ჩვენი არსებობის დუალობას გამოხატავს“, ამბობს ავტორი. ამავე გამოფენაზე გამოფენილი იყო ქანდაკებები, რომელთა მასალად ბუშტუკებიანი აპკი იყო გამოყენებული. აპკი გამოყენებულ იქნა კედლების გასაფორმებლადაც. რაც მთავარია, გამოფენა ინტერაქტიული ხასიათის იყო. ანუ დამთვალიერებლებს შეეძლოთ ბუშტუკების ხეთქვის ჟინი მოეკლათ. „არტსპეისის“ მენეჯერის, მეგან პორტერის თქმით, გამოფენას დიდი წარმატება ხვდა წილად, მაგრამ გამოტყდა, რომ მაინც მოხარული იყო, როცა ის დასრულდა და ბუშტუკების ტკაცა-ტკუცი შეწყდა.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG