Accessibility links

logo-print

ბორნემანი: საქართველოსა და ნატოს ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის


1 თებერვალს თბილისში შეხვედრები გამართა ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალურმა დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა იურგენ ბორნემანმა. სტუმარი უკვე შეხვდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, პარლამენტის ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ დევი ჭანკოტაძეს. რა მიზნით ეწვია ნატოს მაღალი თანამდებობის პირი საქართველოს, რა ეტაპზეა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და რას ითვალისწინებს საქართველოს მიერ ალიანსის წინაშე 2011 წლისთვის აღებული ვალდებულებები?
საქართველოს ვსტუმრობ მეტად საინტერესო დროს, როდესაც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის...

ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალურმა დირექტორმა იურგენ ბორნემანმა პირველი კომენტარი სამშაბათს, კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის მონახულების შემდეგ გააკეთა. ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად გენერალ-ლეიტენანტი ასახელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბურ წვლილს ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში და ამბობს, რომ საქართველო ნატოს ”ეფექტიანად და ბრწყინვალედ ეხმარება”. ალიანსის მაღალი თანამდებობის პირის საქართველოში სტუმრობა 2-3 თებერვალს ბათუმში დაგეგმილ კონფერენციას უკავშირდება. თუმცა სახელდება სხვა მიზნებიც:

”საქართველოს ვსტუმრობ მეტად საინტერესო დროს, როდესაც საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები ახალ საფეხურზე გადადის. ჩამოვედი, რათა მონაწილეობა მივიღო თავდაცვის ყოველწლიურ კონფერენციაში (ბათუმში), რომელზეც საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენს თავდაცვის ეროვნული სისტემის ანალიზის პირველ დასკვნებს. ძალიან მაინტერესებს იმის მოსმენა, თუ როგორ ავითარებს საქართველო თავის შეიარაღებულ ძალებს. მე აქ, რა თქმა უნდა, იმისთვისაც ჩამოვედი, რომ ვიმსჯელოთ ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის სტატუსზე. შემიძლია გითხრათ, რომ 2010 წელი მეტად წარმატებული იყო თანამშრომლობის კუთხით და მოუთმენლად ველით, რომ ეს თანამშრომლობა ამ წელიწადსაც გაგრძელდება”.

კონკრეტულ გეგმებზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ნატოს საერთაშორისო სამხედრო შტაბის გენერალური დირექტორი იმედოვნებს, რომ სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული სფეროები აუცილებლად გამოიკვეთება საქართველოში ამ ვიზიტისას მის მიერ უკვე გამართული თუ გასამართი შეხვედრების ფარგლებში.
საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მაღალი რანგის თანამდებობის პირების ვიზიტებს თბილისი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობათა კიდევ უფრო გააქტიურების ჭრილში განიხილავს. იმის დასტურად, რომ ურთიერთობები სულ უფრო ინტენსიურ სახეს იღებს, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატოში გრიგოლ მგალობლიშვილი ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ალიანსიდან საქართველოში არაერთი მაღალი რანგის სტუმარი ჩამოვიდა. თბილისის ამჟამინდელი სტუმრის გარდა, ამ ნუსხაში განსაკუთრებულ ადგილს, ცხადია, იკავებს ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი.

გარდა ამისა, გრიგოლ მგალობლიშვილი მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა 2011 წელს სწორედ ნატოს წევრი ქვეყნების აქტიური მონაწილეობით შემუშავდა:

”ლიტვური მხარის ინიციატივით თბილისში დაახლოებით ერთი კვირის წინ გაიმართა სემინარი, რომლის მსვლელობისასაც ყოველწლიური ეროვნული პროგრამა შემუშავდა. ანუ მინდა ვთქვა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები ამ პროგრამის შემუშავების პროცესში წელს პირველად აქტიურად იყვნენ ჩართული. მაგალითად, წინა წელს ეს იყო დოკუმენტი, რომელსაც ადგენდნენ ადგილობრივი უწყებები... რა თქმა უნდა, მერე გადიოდა კონსულტაციებს ალიანსთან, მაგრამ უშუალოდ შემუშავების პროცესში ალიანსი ასე აქტიურად წელს პირველად იყო ჩართული... ”

ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, რომელზეც გრიგოლ მგალობლიშვილი ლაპარაკობდა, ნატოსა და საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობის ერთ-ერთ უმთავრეს მექანიზმს წარმოადგენს. საქართველო უკვე მესამე წელიწადია, რაც, ნატო-საქართველოს კომისიასთან თანამშრომლობით, ყოველწლიური გეგმის მიხედვით მოქმედებს და ამ გეგმას ხშირად უწოდებენ ხოლმე ნატოსგან მიღებულ ”საშინაო დავალებას.”
არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს დოკუმენტი არ ეხება. კონკრეტულად შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ დოკუმენტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფოს მხრიდან...

2011 წლის საშინაო დავალების განხილვა 28 იანვარს ბრიუსელში პოლიტიკური კომიტეტის დონეზე შედგა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ელენე ხოშტარიამ გვითხრა, დოკუმენტის დამტკიცებამდე საქართველოს პროგრამაში ასახული საკითხები ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის უნდა შეეთანხმებინა. დოკუმენტი, ტრადიციულად, დახურულია და ამიტომ ელენე ხოშტარია მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება:

”ეს არის რეფორმა პრაქტიკულად ყველა სფეროში, იქნება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო განვითარება, ეკონომიკური რეფორმები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები, მეცნიერების საკითხები... ანუ არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს დოკუმენტი არ ეხება. კონკრეტულად შინაარსზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ გეტყვით, რომ ამ დოკუმენტმა მაღალი შეფასება დაიმსახურა ალიანსის წევრი ყველა სახელმწიფოს მხრიდან”.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ეროვნულ პროგრამას, რომლითაც საქართველომ 2011 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელოს, სახელმწიფო კომისია უახლოეს დღეებში დაამტკიცებს, წლის ბოლოს კი ალიანსი მისი შესრულების შედეგებზე იმსჯელებს.
თავის დროზე სტანდარტულ პროცედურას არც IPAP-ის გამოქვეყნება წარმოადგენდა, მაგრამ ეს საქართველომ მაინც გააკეთა, რათა ამით ხელი შეეწყო საზოგადოებაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების უკეთ გაგებისთვის...

ის ფაქტი, რომ დოკუმენტი დახურულია, არამართებულად მიაჩნია სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ხელმძღვანელს ირაკლი მენაღარიშვილს. ის თვლის, რომ დოკუმენტის საჯარო ვერსია უნდა შეიქმნას და გამოქვეყნდეს კიდეც, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, თუ რა გეგმით მოქმედებს მათი ქვეყანა.

”თავის დროზე სტანდარტულ პროცედურას არც IPAP-ის (ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის) გამოქვეყნება წარმოადგენდა, მაგრამ ეს საქართველომ მაინც გააკეთა, რათა ამით ხელი შეეწყო საზოგადოებაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების უკეთ გაგებისთვის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ირაკლი მენაღარიშვილმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ეს ურთიერთობა თანდათან მართლაც უფრო ინტენსიური ხდება. განსაკუთრებული წინსვლა, ექსპერტის აზრით, სამხედრო სფეროს ტრანსფორმაციისა და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების განვითარების კუთხით შეინიშნება, ხოლო უფრო მეტი პრობლემაა დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. დემოკრატიული სფეროს მოთხოვნები კი აუცილებლად შესასრულებელია იმისათვის, რომ ასრულდეს ნატოს ბუქარესტისა და ლისაბონის სამიტების გადაწყვეტილება და საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდეს ალიანსის წევრი.
XS
SM
MD
LG