Accessibility links

logo-print
1 თებერვლიდან აიკრძალა საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის ხელითა და სამგზავრო ავტოტრანსპორტით შემოტანა. ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ რეგულაციის ახალი წესები შემოღებულია ანტიკონტრაბანდული აქციის ფარგლებში, თუმცა ეკრონომიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სიახლე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს წვრილ მოვაჭრეებს და ფასების ზრდასაც შეუწყობს ხელს.
სახმელეთო საბაჟოებიდან ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა დაიშვება მხოლოდ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით...

საქართველო-თურქეთის საზღვარზე მდებარე სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტს დღის განმავლობაში ასეულობით საქართველოს მოქალაქე კვეთს. ბევრი მათგანი პირველ თებერვალს ამოქმედებულ წესებს მომზადებული დახვდა.

„ამბობენ, არ მოიტანოთო და ჩვენც არ მოგვაქვს“, - ამბობს ერთი ქალი; მეორის თქმით კი: „განბაჟების ნაცვლად გართმევენ და იტოვებენ“.

მებაჟეების ამგვარი ქცევა სავსებით შეესაბამება საქართველოს ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ სტრატეგიას, რომლის ამოქმედების შესახებაც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ რუსუდან კემულარიამ გამოაცხადა:

„სახმელეთო საბაჟოებიდან ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანა დაიშვება მხოლოდ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით“.
ვერ შევეგუებით იმ ადამიანების მოქმედებას, რომლებიც გვერდს უვლიან ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთისას დადგენილ ნორმებს და იმისათვის, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, იცვამენ ცხრა პალტოს...

ფინანსთა სამინისტრო რეგულაციის ახალი წესების შემოღებას რამდენიმე მიზეზით ხსნის. ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი ცხაკაია ამბობს, კონტრაბანდის აღკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებაა:

„კეთილსინდისიერი გადამხდელი არაკონკურენტუნარიან გარემოში დგება, რაც არასწორია. ვერ შევეგუებით იმ ადამიანების მოქმედებას, რომლებიც გვერდს უვლიან ეკონომიკური საზღვრის გადმოკვეთისას დადგენილ ნორმებს და იმისათვის, რომ გადასახადები არ გადაიხადონ, იცვამენ ცხრა პალტოს“.

გიორგი ცხაკაიას თქმით, რეგულაციის ძველი წესებით არაკეთილსინდისიერ მეწარმეს საშუალება ეძლეოდა გადასახადებისთვის თავი აერიდებინა და, კეთილსინდისიერთან შედარებით, დაბალ ფასებში ევაჭრა. ამგვარ დისკრიმინაციაზე ამახვილებენ ყურადღებას თბილისში მოქმედი მაღაზიების მფლობელებიც. მათ შორისაა ნათია - თურქული ტანსაცმლით მოვაჭრე მაღაზიის მეპატრონე:

„ბაზრობაზე შედარებით იაფია იმიტომ, რომ ჩვენ ვიხდით ტვირთის წონის მიხედვით მგზავრობის ღირებულებას, მოსაკრებელს, მოგების გადასახადს და შემოტანისას ტვირთის ღირებულების 18 პროცენტს“.

მაღაზიის მფლობელებისაგან განსხვავებით, საბაჟოზე საქონლის შემოტანის პროცედურის შეცვლას ეწინააღმდეგებიან წვრილი მოვაჭრეები, რომლებიც ძირითადად ბაზრობებზე არიან დასაქმებული. წვრილ მოვაჭრეთა ინტერესების აქტიური დამცველია „ხალხის პარტიის“ წევრი ალეკო შალამბერიძე, რომლის თქმითაც, ამ გადაწყვეტილებით იზღუდება თავისუფალი ვაჭრობა.

ალეკო შალამბერიძის მსგავსად, რეგულაციის ახალი წესებიდან ძირითადად უარყოფით შედეგებს მოელის ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადურიც. მისი თქმით, მოვაჭრეებს მოუწევთ გაერთიანება და სატვირთო ავტომობილის დაქირავება, რაც გაზრდის ხარჯს და, საბოლოო ჯამში, პროდუქციას გააძვირებს.
ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური

ნოდარ ხადურის თქმით, ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ისედაც საშიშ ზღვრამდე გაზრდილ ინფლაციაზე, თუმცა, ამგვარი საფრთხის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტრო არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლას. ამასთან, ირკვევა, რომ რეგულაციის ახალი წესები არ გავრცელდება პირადი მოხმარების, ანუ არასავაჭრო მიზნით შეძენილ, ნივთებზე.
XS
SM
MD
LG