Accessibility links

logo-print
ოპოზიციურ პარტიებს რეგიონებში ნაკლებად აქტიური პერიოდი უდგათ. ახლა ისინი ძირითადად შიდაპარტიული საკითხების მოგვარებით არიან დაკავებულნი.

„ქართული პარტიის“ გორის ოფისი ქალაქის ცენტრში ცოტა ხნის წინ გაიხსნა. პარტიის მთავარი მიზანი ახლა მხარდამჭერებისა და პარტიის წევრების რაოდენობის გაზრდაა, ამიტომ ადგილობრივი ლიდერები ხშირად სოფლებში მართავენ შეხვედრებს.

25 იანვარს ტელეკომპანია „პირველი საინფორმაციო კავკასიურის“ ეთერში საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ოპოზიციის სისუსტის შესახებ ადგილობრივი ლიდერების აღშფოთება გამოიწვია. „ქართული პარტიის“ წევრი თემურ აფხაზაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს, როცა ოპოზიციის პოლიტიკური საქმიანობით ცენტრალური მედია არ ინტერესდება და ძალოვან უწყებებს ყველგან შიში აქვთ დამკვიდრებული, ეს ყველაფერი მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორებად რჩება.

“მთავარი ბარიერი არის შიშის ფაქტორი, ანუ რეჟიმი, რომელმაც ნებისმიერი რაღაცა შეუძლია გაუკეთოს ჩვეულებრივ მოქალაქეს. სასაცილოა პრეზიდენტის განცხადება, რომ სუსტი ოპოზიცია ჰყავს. სუსტი ოპოზიცია კი არა, დღეს გმირობის ტოლფასია, იყო ოპოზიციონერი. მდგომარეობა იმდენად მძიმეა და იმდენად საძულველია დღეს რეჟიმი, რომ მოქალაქეები უკვე ასეთ „გმირობაზე“ მოდიან“, – აცხადებს თემურ აფხაზაშვილი.

„ეროვნული ფორუმის“ ოფისიც დიდი ხანი არ არის, რაც გორში გაიხსნა. გასული წლის ბოლოს „ფორუმის“ ლიდერებმა კონფლიქტის ზონის სოფლები მოიარეს და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ. როგორც ფორუმის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი სოსო ვახტანგაშვილი ამბობს, ახლა მისი ორგანიზაცია გაცემული დაპირებების შესრულებით არის დაკავებული. „ფორუმის“ წევრებს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მხატვრული და ისტორიული ლიტერატურა ჩააქვთ. ცოტა ხნის წინ ამ სოფლებში წიგნების ჩატანის პირობა გუბაზ სანიკიძემ დადო. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტივობას, ვახტანგაშვილის თქმით, სამართლიანი არჩევნების პირობებში ხელისუფლება დარწმუნდება, რომ ოპოზიცია იმაზე ძლიერია, ვიდრე პრეზიდენტს ჰგონია, და „ფორუმის“ მთავარ მიზანს სწორედ საარჩევნო გარემოს შეცვლა წარმოადგენს.

„ოპოზიციას არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან უწევს ბრძოლა, არამედ მთლიანად სახელისუფლებო სტრუქტურებთან. ესაა სოდი, კუდი და ის ძალოვანი და ადმინისტრაციული სტრუქტურები, რომლებიც აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ პოლიტიკურ პარტიებს. ესაა კონსტიტუციის დარღვევა, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვა, მათი დატერორება, დაშანტაჟება – ეს არის არადემოკრატიული პროცესი, რაც დამახასიათებელია ისეთი ავტორიტარული რეჟიმისთვის, როგორიც სააკაშვილის რეჟიმია. მას ამ განცხადების არანაირი საფუძველი არა აქვს და ამაში დარწმუნდება იმ შემთხვევაში, თუკი დანიშნავს ქვეყანაში რეალურ, გაუყალბებელ არჩევნებს“, – ამბობს სოსო ვახტანგაშვილი.

ყველაზე დიდი ხნის პარტია გორში რესპუბლიკური პარტიაა. წელს ეს პარტია ფინანსური პრობლემების გამო ოფისის გარეშე დარჩა. რესპუბლიკელები ამ დრომდე ახალ ოფისს ვერ შოულობენ. პარტიის ლიდერის დავით რაზმაძის თქმით, ეს ყველაფერი საზოგადოების შიშის გამო ხდება. მისი აზრით, ახლა საზოგადოება სოციალური პრობლემების დაძლევის გზებზე ფიქრობს და ნაკლებად აინტერესებს ოპოზიციის აქტივობა. რესპუბლიკელების ლიდერი ერთ საგანგაშო ფაქტზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, სხვა, ფინანსურად შედარებით ძლიერი ოპოზიციური პარტიები მისი თანამებრძოლების გადაბირებით არიან დაკავებულნი. ამ ფონზე მას შეუძლებლად მიაჩნია ოდესმე ოპოზიციის გაერთიანება.

„ჩემს წევრებზე მიმდინარეობს ნადირობა. ეს არის უბედურება, რომელიც კიდევ უარეს მდგომარეობას მოიტანს, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს აღარ არის აქ ლაპარაკი ოპოზიციის გაერთიანებაზე. ოპოზიცია აღარ გაერთიანდება და არც შეიძლება. მე, მაგალითად, ყოველთვის ვიყავი წინააღმდეგი, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ოპოზიციამ ეს არ უნდა აკეთოს. იმ კარგმა დედმამიშვილმა ინადიროს ნაციონალებისკენ და წამოიყვანოს თავისკენ“, – აღშფოთებას ვერ მალავს დავით რაზმაძე.

ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ საზოგადოების დისტანცირება ოპოზიციისგან საერთო შიშით არის გამოწვეული და კიდევ ერთი აქტიური პერიოდი გაზაფხულიდან დაიწყება, როცა პოლიტიკურ უკმაყოფილებას სოციალური პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობის პროტესტიც დაემატება. აქედან გამომდინარე, ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნოს.
XS
SM
MD
LG