Accessibility links

logo-print
ქუთაისის ცენტრში სულ ექვსი პოლიტიკური პარტიის ოფისია განთავსებული, აქედან ერთი მმართველ პარტიას ეკუთვნის, დანარჩენი კი ოპოზიციურ პარტიებს. ქუთაისელების ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიები რეგიონებში მხოლოდ არჩევნებისთვის აქტიურდებიან და, შესაბამისად, მათი სამოქმედო გეგმა მოკლევადიანია. სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი ოპოზიციის სისუსტის გამო ხელისუფლებაც სუსტია.

რადიო თავისუფლების რესპონდენტებისთვის სასურველია მეორე დედაქალაქად წოდებულ ქუთაისს ღირსეული, სტაბილური და პრინციპული ოპოზიცია ჰყავდეს, თუმცა რესპონდენტები ასევე დასძენენ, რომ ამ თემაზე სათავო ოფისებში მეტს უნდა ფიქრობდნენ.

„დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მანანა მანაგაძე რადიო თავისუფლებას მოსახლეობის აქტიურობასა და პარტიის საქმიანობაში ჩართულობაზე ესაუბრა. მისი განცხადებით, სახალხო კრების ადგილობრივი კომიტეტი ერთ კვირაში დაფუძნდება.

ოპოზიციური პარტიების საქმიანობას დადებითად აფასებს ახალგაზრდული საინფორმაციო-სამეცნიერო ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხელაძე. მისი აზრით, რეგიონალური ოპოზიცია ეფექტური საქმიანობის გზების ძიებაშია, რაც საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან ურთიერთობაში აისახება.

პოლიტიკური ძალა, რომელიც მუდმივად საქმიანობს და ამომრჩევლის ნდობას ამართლებს - ასე აფასებს რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ოფისის მუშაობას პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე და დასძენს, რომ მედიასაშუალებები ოპოზიციურ პარტიებს არ სწყალობენ.

ქუთაისურ ოპოზიციას მიაჩნია,რომ ხალხის ნებას ასრულებს. ამომრჩეველთა სურვილია, ოპოზიცია უფრო გავლენიანი გახდეს, რაც, მათივე აზრით, ადგილობრივ ხელისუფლებასაც წაადგება.
XS
SM
MD
LG