Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის ზოგიერთ კორპუსში ცხოვრება სიცოცხლისთვის საშიშია


ცხინვალი
ცხინვალი
ცოტა ხნის წინ ჯავაში გაჩენილმა ხანძარმა 8 სახლი მთლიანად გაანადგურა. ოსური მედიის ცნობით უსახლკაროდ დარჩა 32 ადამიანი. ჯავის სახანძრო სამსახური ხანძართან ბრძოლში უძლური აღმოჩნდა, ცხინვალიდან და რუსული სამხედრო ბაზიდან დაბაში ჩასული დახმარება კი უკვე დაგვიანებული იყო. ხის სახლები მთლიანად დაიწვა, იქ მაცხოვრებლებმა ვერც ნივთების გამოტანა მოასწრეს. ხანძრის გაჩენის მიზეზად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა დასახელდა. უსახლკაროდ დარჩენილებმა პირველი ღამე ქუჩაში გაატარეს. კოკოითის ხელისუფლებას ჯავაში დაზარალებულებისთვის ახლა ვაგონები შეაქვს.

როგორ მუშაობს და რა პრობლემები აქვს დეფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს? ეს საკითხები ცხინვალის ტელევიზიის პირდაპირი ეთერის თემა გახდა. მაყურებელთა შეკითხვებს საგანგებო სიტუაციების მინისტრი ანატოლი ბიბილოვი პასუხობდა. მისი თქმით, სახანძრო და სამაშველო სამსახურებს არც სატრანსპორტო და არც ტექნიკური საშუალებები არ ჰყოფნით. მრავალი დასახლება დაუცველია. ზოგიერთ დიდ დასახლებულ პუნქტში საერთოდ არ ფუნქციონირებს სახანძრო სამსახური, ცალკე პრობლემას ქმნის სახლებში მოძველებული ელექტროგაყვანილობა. ბიბილოვის თქმით ღრომის ხეობაში ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, იქ ჩასვლას ცხინვალის სახანძრო ოპერატიულად ვერ შეძლებს.

რუსეთის ხელისუფლება დე ფაქტო რესპუბლიკას თითქოს ეხმარება. დაზიანებული ობიექტების აღსადგენად მილიარდობით რუბლია გამოყოფილი, მაგრამ ამ დახმარებას იქ მაცხოვრებლები ვერ გრძნობენ. კრემლი მხოლოდ საკუთარი სამხედრო ბაზების მომარაგებასა და ტექნიკურ აღჭურვას ახორციელებს. ადგილობრივი ინფრასტრუქტურა კი მოუწესრიგებელია.

ოსური სახანძრო სამსახური ომამდეც ვერ მუშაობდა გამართულად. რამდენიმე წლის წინ, როცა ცხინვალის სახელმწიფო თეატრს ხანძარი გაუჩნდა, დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში კოლეგების დასახმარებლად სახანძრო–სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები საკუთარი ტრანსპორტითა და ტექნიკური საშუალებებით გორიდან ჩავიდნენ. მოგვიანებით გორელი მეხანძრეები ყვებოდნენ, თუ როგორ უკვირდათ ცხინვალის მცხოვრებლებს უცხოური სახანძრო მანქანების დანახვა, რომლებიც საბჭოურ „ზილებთან“ შედარებით ბევრად ოპერატიულად მოქმედებდნენ.

ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის ტელევიზიის ეთერში კიდევ ერთ საფრთხეზე ისაუბრა: მისი თქმით, მიწისძვრებისგან და ომისგან დაზიანებულ კერძო სახლებში და კორპუსებში ცხოვრება სახიფათოა, რადგან მცირე მიწისძვრის შემთხვევაშიც კი ადამიანების სიცოცხლეს დიდი საფრთხე დაემუქრება.

დე ფაქტო რესპუბლიკის 2011 წლის ბიუჯეტში მხოლოდ მცირედი თანხაა გათვალისწინებული სახანძრო და სამაშველო სამსახურების აღჭურვისთვის. გარდა ამისა ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო სამსახურში დასაქმებულები მიზერულ ხელფასს დაახლოებით 7 000 რუბლს იღებენ.
XS
SM
MD
LG