Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში ამბოხება და ვაშინგტონის ფრთხილი ბალანსი


საპროტესტო აქცია კაიროში
საპროტესტო აქცია კაიროში
იმის მიმართ, რაც ეგვიპტეში ხდება, აშშ-ს უწევს ძალიან ფრთხილი წონასწორობა შეინარჩუნოს. ერთი მხრივაა ამბოხი, რომელიც მხოლოდ იმას ითხოვს, რასაც შეერთებული შტატები უნივერსალურ უფლებებად მიიჩნევს, მეორე მხრივ კი - საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთათვის საძულველი ჰოსნი მუბარაკის ხელისუფლება, აშშ-ის ერთგული მოკავშირე. ვაშინგტონი დემოკრატიული რეფორმებისკენ მოწოდებით გამოდის. რას მოიტანს ეს, თუკი მართლაც მოხდა ეს რეფორმირება?
საპროტეტსო აქციის მონაწილე ეგვიპტელი გოგონა

აშშ-ის რთულ მდგომარეობას ეგვიპტის მოვლენების კონტექსტში, ალბათ, ყველაზე კარგად გამოხატავს სურათი, რომელიც კაიროელებმა სოციალურ ქსელ „ტუიტერში“ გამოაქვეყნეს: ესაა ყუმბარა, რომელიც პოლიციამ ესროლა დემონსტრანტებს. გვერდზე მიწერილია მწარმოებელი ფირმის სახელწოდება, „SCI“, და იქვე ინგლისურად წაიკითხავთ: „დამზადებულია აშშ-ში“. ასეთ და დემონსტრანტების წინააღმდეგ საბრძოლველ მსგავს იარაღს, ცრემლმდენ გაზს, რეზინის ტყვიებს და სხვას ამზადებს ეს ამერიკული ფირმა, რომელიც „ტუიტერის“ ავტორის თანახმად, უშიშროების ძალებს აწვდის მთელ მსოფლოში ამ აღჭურვილობას. აშშ-ში წარმოებულ იარაღს იყენებენ პროდემოკრატიული დემონსტრაციების წინააღმდეგ, აშშ-ის პოლიტიკოსები კი - პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ისევე როგორც სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი - ეგვიპტის პრეზიდენტს, მუბარაკს, მოუწოდებენ დაუშვას მშვიდობიანი დემონსტრაციები. მუბარაკი ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს, ვაშინგტონი კი ამ წინააღმდეგობრიობაშია ეგვიპტის მიმართ პოლიტიკაში.

კაირო არაბულ სამყაროში ყველაზე ერთგული მოკავშირეა, რომელიც კონსტრუქციული იყო დასავლეთისთვის ისრაელსა და პალესტინელებს შორის მოლაპარაკების დროს. პრეზიდენტი მუბარაკი ბოლო 30 წელიწადია რკინის ხელით მართავს ქვეყანას, სადაც ძირითადი უფლებები ადამიანებისთვის შეზღუდულია. ეს პოლიტიკაა, რომელსაც შეერთებული შტატები წარმართავს რეგიონში სხვა ავტოკრატიული რეჟიმების მიმართ. მას ორი ძალა ამოძრავებს: ერთი შიშია რეგიონალური დესტაბილიზაციისა, მეორეა სურვილი ამერიკული გავლენის შენარჩუნებისა. შიშია - არ გაბატონდეს ისლამისტური ძალა, სურვილია - მხარი დაუჭიროს ისრაელს.

ბრუკინგის ინსტიტუტის დოჰას ცენტრის დირექტორის მოადგილე, შადი ჰამიდი, როცა ეგვიპტეში პროტესტი გაცხარდა, წერდა: არაბი ავტოკრატების მიმართ ამერიკული მხარდაჭერა ბუმერანგივით შემობრუნდა - მან მოიტანა ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ძალადობას და ექსტრემიზს იყენებს. სხვა ექსპერტი, ბრუს რაზერფორდი, ავტორი წიგნისა „ეგვიპტე მუბარაკის შემდეგ, ლიბერალიზმი, ისლამი, დემოკრატია“, თვლის, რომ ვაშინგტონს ეს პოლიტიკა რეფორმისტულად განწყობილ არაბებს შორის პატივისცემის დაკარგვად დაუჯდა:

აშშ-ის მიმართ რწმენის დიდი დეფიციტია ახლა არაბულ სამყაროში, როცა საქმე დემოკრატიზაციას ეხება...
. წლების განმავლობაში ვლაპარაკობდით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე და როცა საჭირო იყო პრაქტიკულად მოქმედება - ვისთან გვეთანამშრომლა ამ მიზნების მისაღწევად, მხარს ვუჭერდით ავტოკრატებს, რომლებსაც დემოკრატიზაცია ნაკლებად აინტერესებდათ“.

ეგვიპტის კრიზისის დაწყების შემდეგ აშშ-ის პოლიტიკოსები ფრთხილად არჩევდნენ სიტყვებს, რათა დისტანცია შეენარჩუნებინათ მათსა და მუბარაკის საძულველ რეჟიმს შორის. ვაშინგტონმა მხარდაჭერა გამოუცხადა პროტესტს და, ამავე დროს, მოუწოდა რეჟიმს, პასუხი გაეცა მისთვის კონკრეტული ნაბიჯებით ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების საქმეში. ჩანს, აშშ-ის ხედვით, თავისუფლება და რეფორმები უნდა მოვიდეს მშვიდობიანი გზით და არა ქუჩებში ცრემლმდენი გაზის გამოყენებით. შეიძლება იმის ფიქრი, რომ რეგიონის რეჟიმები მშვიდობიანი გზით დაუშვებენ დემოკრატიას?
რეგიონს რაც შეეხება, იქ მღელვარებაა სხვა რეჟიმების მმართველთა რიგებში. საუდის არაბეთის მონარქმა დაგმო ეგვიპტეში ამბოხის მონაწილეთა ქმედება.
საპროტესტო აქცია კაიროში

თვითონ ეგვიპტეში ვითარება არ ცხრება, ხალხს სურს მუბარაკის დამხობა. მაგრამ აშშ-ის დროშის დაწვის მსგავსი ქმედება არ ჩანს. თუმცა რაზერფორდი თვლის, რომ თუკი ეგვიპტეში ახალი ხელისუფლება მოვა, აშშ-ისთვის მის ერთგულ მოკავშირეებთან - არამხოლოდ ეგვიპტესთან - შეზღუდული ურთიერთობის ხანა დადგება.

აშშ-ის პოლიტიკოსებს და პოლიტოლოგებს უჭირთ იმის თქმა, რა მოხდება ეგვიპტეში, როგორ განვითარდება მოვლენები. ფრაზა „შეიძლება ყველაფერი მოხდეს“ ხშირად ისმის ამ დღეებში. ვაშინგტონისთვის საუკეთესო რჩევა, ალბათ, ისაა, რომ დარჩეს პოლიტიკურად ნეიტრალური, მაგრამ დემოკრატიული დემონსტრანტების მხარეს, სანამ ვითარება გაირკვეოდეს. ბოლო 24 საათში თეთრმა სახლმა ამ ხერხს მიმართა: მოწოდებები გაისმის დემოკრატიული რეჟიმზე მშვიდობიანი, ორგანიზებული გადასვლისკენ. ასეთ რეჟიმში ნამდვილად არ უნდა იგულისხმებოდეს ჰოსნი მუბარაკი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG