Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ევროკავშირს საპასუხო სანქციებით ემუქრება


პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია ბელორუსიაში
პოლიტპატიმრების მხარდამჭერი აქცია ბელორუსიაში
ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორს ქეტრინ ეშტონს სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ მინსკმა ევროკავშირს მკაცრი პასუხი გასცა. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა წუხილი“ გამოთქვა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო და განაცხადა, რომ „იძულებულია გადადგას ადეკვატური ნაბიჯები ბელორუსიაში სტაბილურობის და სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საზოგადოების კონსოლიდაციისათვის“. მანამდე ქეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ მინსკის ხელისუფლებამ ევროკავშირს, სანქციების გარდა, სხვა ალტერნატივა არ დაუტოვა:

„ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ვითარება ბელორუსიაში გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ვხედავთ, რომ სიტუაცია პრაქტიკულად უცვლელია. ამიტომ არ დაგვრჩა სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ მიგვემართა მკაცრი სანქციებისათვის ბელორუსიის იმ მოხელეების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მანკიერ არჩევნებსა და შემდომ ძალადობაზე. პრეზიდენტ ლუკაშენკოს ჩათვლით, სიაში თითქმის 160 სახელი მოხვდა“.

გარდა ევროკავშირისა, ბელორუსიის პრეზიდენტისა და ხელისუფლების ასზე მეტი წევრის მიმართ სავიზო და ფინანსური სანქციები შემოიღო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. გარდა ამისა, შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეკრძალებათ იქონიონ საქმიანი ურთიერთობები სახელმწიფო კონცერნ „ბელნეფტხიმსა“ და მის დობილ კომპანიებთან და დაყადაღდება მათი ანგარიშები.

შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ გამოცხადებული სანქციების მიუხედავად, ბელორუსიაში ვითარების უკეთესობისაკენ შეცვლის იმედი არა აქვთ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბელორუს ხალხს არ უნდა ჰქონდეს გარედან დახმარების გადაჭარბებული მოლოდინი. აი, რა განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ანდრეი ალექსანდროვმა ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, რომელიც, დეკემბრიდან მოყოლებული, სხვადასხვა აქციებს მართავს რეპრესირებული ბელორუსი ჟურნალისტების უფლებების დასაცავად:

„ევროკავშირმა საკმაოდ მკაცრი პოზიცია გამოხატა ბელორუსი მოქალაქეების - მათ შორის, ბელორუსი ჟურნალისტების - უფლებების დარღვევების გამო. ამასთან, ბრიუსელმა კარები ღია დატოვა ბელორუსიისათვის, რათა გაუმჯობესდეს მდგომარეობა. მე ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანაში ცვლილებების გასაღები თავად ბელორუსიაში დევს“.

ალექსანდროვის მსგავსად ფიქრობს კიდევ ერთი ადამიანის უფლებადამცველი, ევა ნეკლიაევა, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ვლადიმერ ნეკლიაევის, ქალიშვილი. თავად ნეკლიაევი ბელორუსიის უშიშროების სამსახურის ციხიდან ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს, ვიდრე ევროკავშირი სანქციების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ევა ნეკლიაევამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამამისი ამჟამად მკაცრ შინაპატიმრობაში იმყოფება და სრულიად იზოლირებულია გარესამყაროსაგან.

„ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, აჩვენებს ევროპის დამოკიდებულებას, მეორე მხრივ კი, არ არსებობს ისეთი ბერკეტი, რომ დააჭირონ ღილაკს ხელი და პრობლემა გადაიჭრას. მაგრამ ეს გადაწყვეტილებაც ირიბი ზეწოლაა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სანქციები უფრო მკაცრი იქნებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ირიბი დამოკიდებულება იქნებოდა, რადგან ბელორუსი ხალხის ბედი თავად ბელორუსი ხალხის ხელშია“.

მიუხედავად ევროკაშირის მიერ დაწესებული სანქციებისა, ბელორუსიის ციხეებში კვლავ რჩებიან 19 დეკემბრის დემონსტრაციის დარბევის შემდეგ დაპატიმრებული პოლიტიკოსები და აქტივისტები. ბელორუსიის უშიშროების სამსახური, რომელსაც უწინდებურად „კაგებე“ ეწოდება, განაგრძობს სისხლის სამართლებრივ დევნას ლუკაშენკოს რეჟიმის მოწინააღმდეგეების მიმართ. ანდრეი ალექსანდროვი, ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ციხეში რჩება მათი სამი წევრი, რომლებსაც მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ედებათ ბრალი.

„დღეისათვის ჩვენი ორგანიზაციის ექვსი წევრის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ისინი ფორმალურად ბრალდებულნი არიან მასობრივი არეულობების ორგანიზებასა თუ მონაწილეობაში. ანუ მათ დღემდე ემუქრებათ 15 წლამდე პატიმრობის საფრთხე“.

უშიშროების აგენტებმა 31 იანვარს პატიმრობაში აიყვანეს ბელორუსიის სახალხო ფრონტის ერთ-ერთი ლიდერი, ზმიცერ სალავიოვი, რომელსაც ბრალი ედება 2010 წლის 19 დეკემბრის „არასანქცირებული მასობრივი შეკრების ორგანიზებაში“.

დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს უშიშროების ორგანოში გაერთიანებული სამოქალაქო პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ალეგ კორბანი, რომელიც, მრავალი თანამებრძოლის მსგავსად, შინაპატიმრობაში იმყოფება და აკრძალული აქვს მინსკიდან გასვლა. ევროკავშირმა 31 იანვრის გადაწყვეტილებაში მოუწოდა ბელორუსიის ხელისუფლებას, ციხიდან დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპონენტები და უზრუნველყოს ქვეყანაში სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

ქეტრინ ეშტონმა ბრიუსელში კვლავ გაიმეორა, რომ ევროპა მხარს უჭერს ბელორუს ხალხს და არ აპირებს გადაწყვეტილების გადახედვას:

„ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება და ეს იქნება უმთავრესი ელემენტი მანამდე, ვიდრე ევროკავშირი შეძლებს ამ სანქციების შესახებ გადაწყვეტილების გადახედვას. ამასთანავე, კვლავაც ვადასტურებ სრულ მხარდაჭერას ბელორუსი ხალხისადმი. ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ გავაძლიეროთ ურთიერთობები სამოქალაქო საზოგადოებასთან“.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG