Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსურ-რუსული რკინიგზა - მითი თუ რეალობა


კოკოითის ხელისუფლებას რუსეთთან დაკავშირება სარკინიგზო მაგისტრალითაც სურს.

დე ფაქტო მთავრობას ამბიციური პროექტი მშენებლობის მინისტრის მოადგილემ ვიგარის სმელტერსმა წარუდგინა. მისი თქმით, რკინიგზა ან მამისონის უღელტეხილის, ან როკის გავლით უნდა გაკეთდეს. აღსანიშნავია, რომ მამისონის გადასასვლელს აგვისტოს ომამდე ქართველი მესაზღვრეები იცავდნენ, მაგრამ ახლა იქ უკვე რუსები დგანან, რომლებმაც მამისონთან მეტეოსადგურის ოკუპაცია მოახდინეს და საგუშაგო გახსნეს.
პროექტი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს იქნება ან მამისონის, ან ძველი ოსური სამხედრო გზის გავლით. მიზანი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი ცენტრალური სატრანსპორტო კორიდორი გახდეს...

სმელტერსის განცხადებით, მრავალმილიარდრუბლიანი პროექტი სამხრეთ ოსეთს ცენტრალურ სანტარნსპორტო კორიდორად აქცევს არა მარტო კავკასიისთვის, არამედ ირანისა და თურქეთისთვის. მშენებლობის მინისტრის მოადგილეს პროექტის პოლიტიკურ მხარეებზე არ უსაუბრია და არც ის უთქვამს, როგორია რუსეთის პოზიცია ცხინვალის სარკინიგზო გეგმების მიმართ.

„იგეგმებოდა 3-4 ვერტოდრომის მშენებლობა, მაგრამ ფასით ეს იგივე ფულია, რაც ჩვენ რკინიგზის მშენებლობაზე შეგვიძლია დავხარჯოთ. პროექტი ამბიციურია. პროექტი გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს იქნება ან მამისონის, ან ძველი ოსური სამხედრო გზის გავლით. მიზანი ისაა, რომ სამხრეთ ოსეთი ცენტრალური სატრანსპორტო კორიდორი გახდეს არა მარტო კავკასიის რეგიონისთვის, არამედ ირანისა და თურქეთისთვის“, – განაცხადა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ვიგარის სმელტერსმა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტის იდეას ფანტასტიკის სფეროდ მიიჩნევს. მისი თქმით, ასეთი ძვირად ღირებული პროექტების დაწყება დე ფაქტო რესპუბლიკის მშენებლობის მინისტრის მოადგილის დონეზე არ წყდება და საინტერესო კრემლის პოზიცია იქნება. პაატა ზაქარეიშვილი ასეთი პროექტის განხორციელების შემთხვევაში ტრაგიკულს ვერაფერს ხედავს, რადგან, მისი აზრით, მეტი სატრანსპორტო კომუნიკაცია მომავალში სამხრეთ ოსეთის საქართველოსთან ინტეგრაციას ხელს უფრო შეუწყობს:
მე ეს ამბიციური და ფანტასტიკური იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო ფანტაზიის სფეროსთან გვაქვს საქმე, თორემ, ზოგადად, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა მომავალში...

„სამხრეთ ოსეთის მშენებლობის მინისტრის მოადგილის დონეზე ამის დაჯერება ძნელია. რუსეთმა რომ გააკეთოს ასეთი განცხადება, მეტად დამაჯერებელი იქნებოდა. მით უმეტეს, არსებობს სტრატეგია ჩრდილოეთ კავკასიის ათვისების შესახებ და იქ არაფერი არ წერია ამაზე. მე პირადად მივესალმები, ვინაიდან არსებობს როკის გვირაბი და მიმდინარეობს მიმოსვლა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გადიოდეს მეტი მსხვილი არტერია. მით უმეტეს, რომ სამხრეთ ოსეთი მაინც დაბრუნდება საქართველოს შემადგენლობაში. სულ სააკაშვილი ხომ არ იქნება? როგორც კი სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან, დაიწყება პროცესები, რომელიც ოსი ხალხისთვის უნდა იყოს მისაღები, საინტერესო მათი ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად და თუ რკინიგზაც დაემატება ამას და თუ აფხაზეთის რკინიგზაც გაიხსნება, საქართველო ხდება საკმაოდ სერიოზული კვანძი არა მარტო კავკასიაში, არამედ მსოფლიოში. მე ეს ამბიციური და ფანტასტიკური იდეა ძალიან მომწონს, მაგრამ უფრო ფანტაზიის სფეროსთან გვაქვს საქმე, თორემ, ზოგადად, საქართველოსთვის კარგი იქნებოდა მომავალში. რაც უფრო მეტად იქნება ეს მხარეები დეიზოლირებული, მით მეტად დაინახავენ საქართველოსთან საკუთარი ურთიერთობების უპირატესობას და ამას შეიძლება მოჰყვეს პოლიტიკური ურთიერთობების გაუმჯობესებაც“, – აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში პაატა ზაქარეიშვილი.

აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ კოკოითის ხელისუფლებას თბილისი-ცხინვალის სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა შესთავაზა. მაშინ სოფელ ნიქოზთან ქართულმა მხარემ დაზიანებული მონაკვეთის რემონტიც კი დაიწყო, სამუშაოების დაწყებას ზურაბ ჟვანიაც ესწრებოდა, მაგრამ ამ პროექტმა ვერ იმუშავა, რადგან პრემიერ-მინისტრი ამ საქმეს ჩამოსცილდა, ცხინვალში კი მხოლოდ სადგურის შენობა შეკეთდა. ნიქოზი-ცხინვალის სარკინიგზო მონაკვეთი ახლაც დაზიანებულია; კოკოითის ხელისუფლება კი ჩრდილოეთის რკინგიზის პროექტს მალე კრემლს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG