Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 2 თებერვალი 2011


”აფხაზეთიდან - ძალიან ახლოს, თბილისიდან - ძალიან შორს” - ამ სათაურით ”24 საათში” ორ გვერდზე ქვეყნდება სტატია, რომელიც დევნილების პრობლემებს ეძღვნება. გაზეთის კორესპონდენტი ფოცხოეწერში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრა. ის დასაწყისშივე წერს, რომ იქ დევნილთა ნაწილი უკვე წლებია ცხოვრობს.

”საცხოვრებელი ფართით უკმაყოფილონი არ არიან, თუმცა ამბობენ, რომ ბინა, დაპირებისამებრ, ევროსტანდარტების შესაბამისი ნამდვილად არ არის. საპირფარეშოში, რომელიც შესასვლელი კარის მარჯვნივ მდებარეობს, პირსაბანი ნიჟარა, ტუალეტი, ტრაპი და ორი ონკანია დამონტაჟებული. მის ქვეშ კი პლასტმასის ვედროები უდგათ, რადგან მილებს წყალი გასდის”, - ასე აღწერს ”24 საათის” ავტორი ერთ-ერთ ბინას. რესპონდენტები დასაქმების პრობლემაზე ჩივიან. ერთ-ერთი გადაადგილების საკითხზეც ლაპარაკობს: ”ზუგდიდამდე მგზავრობა ღირს ხუთი ლარი, ორი ადამიანი - ათი ლარი. თან, რვა კილომეტრი ფეხით უნდა გავიარო ჯვარამდე და იქიდან წავიდე ზუგდიდში. ავტობუსი მაინც დაგვინიშნონ, თორემ მე ზუგდიდში რომ ვიშოვო სამუშაო, ფეხით ვიარო თუ დღეში ათი ლარი ვხარჯო გზაში?” - უთქვამს ფოცხოეწერში მცხოვრებ ერთ-ერთ დევნილს ”24 საათისთვის”.

”რეზონანსი” წერს: ”დროებითი თავშესაფრებიდან დევნილების გამოსახლება თითქმის დასრულდა. როგორც დევნილთა სამოქალაქო მოძრაობიდან ”რეზონანსს” უცხადებენ, სუბელიანის უწყებას დროებითი თავშესაფრებიდან 3-ღა დარჩა გამოსაცარიელებელი. ამის შემდეგ კი, იმავე მოძრაობის არაოფიციალური ინფორმაციით, ჯერი, შესაძლებელია, უკვე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებზეც მიდგეს”.

”ახალი თაობა” პირველ გვერდზე წერს: ”პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ბეჟუაშვილი ამერიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად თვენახევრით იმყოფება, დროებით დატოვა თანამდებობა და დაბრუნების შემდეგ კვლავ ჩაუდგება სათავეში საგარეო დაზვერვას”.

”რეზონანსი” კი წერს: ”გელა ბეჟუაშვილის შემდეგ კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაძლოა კობა სუბელიანიც გაუშვან. მთავრობაში, ”რეზონანსის” წყაროს ინფორმაციით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ გახმაურდება. თუმცა, ამავე წყაროს ცნობით, სუბელიანი, ბეჟუაშვილის მსგავსად, კვალიფიკაციას არა ამერიკაში, არამედ თურქეთში აიმაღლებს. მის შემცვლელად კი კოდორის ხეობაში დისლოცირებული შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ქარჩაიძე მოიაზრება”, - წერს ”რეზონანსი”.

”ვერსიაში” გრძელდება ოპოზიციის ამბების განხილვა. დღევანდელ ნომერში ”ქართული პარტიის” გენერალურ მდივან კოკა გუნცაძესა და ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთ ლიდერ გუბაზ სანიკიძესთან ინტერვიუები ქვეყნდება. კოკა გუნცაძე ამბობს: ”ოპოზიციაში უნდა ჩამოყალიბდეს ალტერნატიული ძალა. ეს არის ჩვენი მიზანი, თუმცა არ ვამბობ, რომ მარტო ჩვენ ვეყოფით. გვეყოლება პარტნიორებიც”. გუბაზ სანიკიძე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზე ლაპარაკობს და განაგრძობს: ”ეს მოვლენები ჩვენც მოგვადგება, რადგან დასავლეთისგან დავარცხნილ-გამოკვებილი დიქტატორების დრო სრულდება. თუ არ გვინდა ჩვენი ბედიც ასე გადაწყდეს, მაშინ საზოგადოება, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად უნდა მივიდეთ შეგნებამდე, რომ ცვლილება არჩევნების გზით მოხდეს”.

”ვერსიაში” დღეს ქვეყნდება ინტერვიუ ბიზნესომბუდსმენ გიორგი პერტაიასთან, რომელიც ამბობს, რომ ის იცავს ”პატიოსან გადამხდელს”.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ერთ-ერთი პუბლიკაცია აჭარის პრობლემებს ეხება. ავტორი პრეზიდენტის მონაწილეობით გამართულ ტელეხიდსა და აჭარიდან დასმულ შეკითხვებსაც იხსენებს და წერს: ”იმ დროს, როდესაც პრეზიდენტი სრულიად საქართველოს მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებდა, გონიოს ასობით მიწაწართმეული მოქალაქე აქციას აწყობდა და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვდა”.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG