Accessibility links

logo-print

გაეროს 163 რეკომენდაცია საქართველოს


ადამიანის უფლებათა გაეროს საბჭო

ადამიანის უფლებათა გაეროს საბჭო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის ფარგლებში გამართულ მე-10 სესიაზე ჟენევაში განიხილებოდა ადამიანის უფლებათა მდგომარეობა 16 ქვეყანაში და, მათ შორის, საქართველოში. 1 თებერვალს დამტკიცებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, გაეროს წევრი ქვეყნებისგან საქართველომ 160-ზე მეტი რეკომენდაცია მიიღო, საიდანაც ხელისუფლება ამ ეტაპზე ასამდე რეკომენდაციას იზიარებს. ჟენევაში გამართულ სესიაზე რუსეთის დელეგაციის მწვავე რეაქცია მოჰყვა ადამიანის უფლებათა მდგომარეობის განხილვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში სამშაბათს მიღებული 163 რეკომენდაციიდან საქართველო იზიარებს 96 რეკომენდაციას, რომლებიც შეეხება, მაგალითად, საპატიმრო დაწესებულებების განტვირთვასა და პატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებას, წამების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებებს, დევნილებისთვის ადეკვატური საცხოვრებელი პირობების შეთავაზებას, ჟურნალისტების უფლებების დაცვას თუ მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტების სამართლიან გამოძიებას.

96 გაზიარებული რეკომენდაციის გარდა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციებიდან, 62-ის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებით საქართველომ, ასე ვთქვათ, ტაიმაუტი აიღო. რეკომენდაციებზე, რომლებიც სხვადასხვა კონტექსტში ასევე უკავშირდება დევნილების, პატიმრებისა თუ ჟურნალისტების უფლებების დაცვას, საქართველოს მოსაფიქრებელი ვადა 2011 წლის ივნისამდე მიეცა; ხოლო უკვე გაზიარებული რეკომენდაციების შესრულებისთვის ქვეყანას კიდევ 4 წელიწადი აქვს, მისი საკითხის მორიგ განხილვამდე.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ ადგილზევე უარყო კიდევ 5 რეკომენდაცია. ერთ-ერთი მათგანი გულისხმობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წინასწარი დაკავების 90-დღიანი ვადის 60 დღემდე შემცირებას. გავიხსენოთ, რომ ეს არის საკითხი, რომლის განხილვასაც ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან თავის დროზე საქართველოშიც საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა.

როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ამბობს ჩვენთან საუბრისას, ეს რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული იმის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პრაქტიკა ბევრი ევროპული სახელმწიფოს პრაქტიკაზე უფრო ლიბერალურია. რაც შეეხება სხვა გაუზიარებელ რეკომენდაციებს, სერგი კაპანაძის თქმით, ისინი, ძირითადად, არასწორ ინფორმაციას ეფუძნებოდა და, ამდენად, მიუღებელი იყო ქართული მხარისთვის. ასეთ მაგალითად სახელდება რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საქართველომ უნდა შეწყვიტოს უმცირესობათა ჯგუფებისგან ”მტრის ხატის” შექმნა.

163 რეკომენდაციის შემცველი საბოლოო ანგარიშის 1 თებერვალს დამტკიცებამდე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში 28 იანვარს 3 საათიანი ინტერაქტიული განხილვა გაიმართა. უნდა ითქვას, რომ რეკომენდაციები მომზადდა ამ განხილვამდე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების მიერ წინასწარ წარდგენილი ანგარიშების მიხედვით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, სერგი კაპანაძეს, კრიტიკა და რეკომენდაციების სიმრავლე არ აშინებს:

”ბუნებრივია, კითხვები იყო ბევრი სახელმწიფოსგან და ის, რომ დაახლოებით 160 რეკომენდაციაა ჩვენთვის მოცემული, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებათა კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობით საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებულია. ისე, ცნობისათვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო 200-მდე რეკომენდაცია. ანუ რაც მეტ რეკომენდაციას იღებს სახელმწიფო, მიიჩნევა, რომ მით მეტად არის დაინტერესებული საერთაშორისო თანამეგობრობა იქ არსებული მდგომარეობით. ბუნებრივია, ამაში არის კრიტიკაც, ამაში არის მოსაზრებების დაფიქსირებაც. მაგრამ, როგორც წესი, ეს ხდება ხოლმე კონსტრუქციული გზით.”

ერთადერთი მხარე, რომელიც ჟენევაში გამართულ სესიაზე არაკონსტრუქციულობით გამოირჩეოდა, რუსეთი იყო. როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სამთავრობო ანგარიშს აცნობდა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას შეეხო, 28 იანვარს მას სიტყვა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მაგალითად, ვალერი ლოშჩინინმა თქვა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგომარეობაზე საქართველო არ უნდა ლაპარაკობდეს, რადგანაც ეს ტერიტორიები არა საქართველოს ნაწილს, არამედ დამოუკიდებელ ქვეყნებს წარმოადგენენ. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ამბობს, რუსეთის დელეგაციის პროტესტი სესიის ბევრმა მონაწილემ არაადეკვატურად მიიჩნია:

”როდესაც საუბარია ადამიანის უფლებებზე და არაპოლიტიზებულ ფორუმზე, იქ ასეთი საკითხების განხილვა რუსეთის მხრიდან, როგორც მინიმუმ, არის ცუდი ტონი. ამაზე რუსეთმა საკადრისი პასუხი მიიღო როგორც ჩვენგან, ასევე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. მათ შორის, შეერთებულმა შტატებმა ღიად დააფიქსირა, რომ რუსეთის მხრიდან არსებული ოკუპაციის გამო ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ვერ ხერხდება ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების მიერ. და რუსეთმა ასევე მიიღო მოწოდება სხდომის პრეზიდენტის მხრიდან, რომ ტერიტორიული საკითხები არ უნდა იყოს განხილული ისეთ სარბიელზე, როგორიც არის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო და ადამიანის უფლებების უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა.”

ბოლოს ვთქვათ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მექანიზმი საგანგებოდ შემუშავდა 2007 წელს და ის მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებასა და რეკომენდაციების მომზადებას გაეროს წევრ 192 ქვეყანაში. როგორც უკვე ვთქვით, 24 იანვრიდან 4 თებერვლამდე მიმდინარე მე-10 სესიაზე საქართველოსთან ერთად კიდევ 15 ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილებოდა.
XS
SM
MD
LG