Accessibility links

ეგვიპტის კრიზისი ნავთობის ბაზრის მღელვარებას იწვევს


დაპირისპირება საპროტესტო აქციის დროს კაიროში

დაპირისპირება საპროტესტო აქციის დროს კაიროში

ეგვიპტე არ არის ნავთობის მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ კაიროში არსებულმა კრიზისმა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა გამოწვია. რატომ?

მიმდინარე კვირაში ნავთობის ფასებს თუ მიაქცევდით ყურადღებას, შესაძლოა ჩაგეთვალათ, რომ ეგვიპტე ნავთობის მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა.

კაიროში საპროტესტო აქციების მონაწილეთა რიცხვი ათასებიდან ათი ათასებამდე და ასი ათასებამდე გაიზარდა - ნავთობის ფასის მატებაც ამ პროცესის პარალელური იყო.

ნედლი ნავთობის ფასი ამ კვირაში 100 დოლარი გახდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ასეთი მაღალი ფასი არ ჰქონია.
ეს სტრატეგიული მდებარეობაა. სუეცის არხი ეგვიპტეში გადის. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, რომელიც წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მოქმედებს. ნავთობის ბაზრები იქ შეფერხებას უფრთხიან...

თუმცა ფასის ასეთი ზრდა არ ნიშნავს, რომ ეგვიპტის პოლიტიკური კრიზისის გამო მსოფლიოს ახლა ნაკლები ნავთობი მოეპოვება. თავად ეგვიპტე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყანაც კი არ არის. სინამდვილეში ეგვიპტე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ნავთობის ერთ-ერთი ყველაზე მცირე მწარმოებელია - დღეში დაახლოებით 750 000 ბარელს ტუმბავს და ამ ნავთობის უმეტეს ნაწილს ქვეყნის შიგნითვე მოიხმარს.

მაშ, რა არის ნავთობის ფასის ზრდის მიზეზი? ამ შეკითხვის ერთი შესაძლო პასუხი მარტივია და ეგვიპტის მდებარეობას უკავშირდება. ახლო აღმოსავლეთის საკითხების ამერიკელმა ექსპერტმა, საიმონ ჰენდერსონმა, ეს რადიო ამერიკის ხმას ასე აუხსნა:

„ეს სტრატეგიული მდებარეობაა. სუეცის არხი ეგვიპტეში გადის. ასევე, გვაქვს მნიშვნელოვანი ნავთობსადენი, რომელიც წითელი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე მოქმედებს. ნავთობის ბაზრები იქ შეფერხებას უფრთხიან“.

სუეცის არხი, რომელიც აზიასა და ევროპას შორის გადაზიდვებისთვის ყველაზე პირდაპირ გზას წარმოადგენს, ჯერჯერობით ღია რჩება და მუშაობას აგრძელებს. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ეგვიპტის არმიის დანაყოფები არხს და წითელ და ხმელთაშუა ზღვებს შორის გამავალ ნავთობსადენს იცავენ. ამ ნავთობსადენს დღეში 2,5 მილიონი ბარელის გატარება შეუძლია, ძირითადად, ევროპულ ბაზრებზე მოსახმარად.

თუმცა ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა არ არის ერთადერთი მიზეზი, რომელიც ნავთობის ფასების ზრდას იწვევს. ამაზე უფრო მნიშვნელოვანია შიში, რომ ეგვიპტეში მიმდინარე არეულობა სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედება - მათ შორის, სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს, რომლებიც ნავთობის მსხვილი მწარმოებლები არიან.

ჯერჯერობით ტუნისში დაწყებული პოლიტიკური ამბოხების პროცესი მხოლოდ იმ ქვეყნებს შეეხო, რომლებიც არ ახდენენ ნავთობის ექსპორტს - მათ შორის, ეგვიპტეს, იორდანიას და იემენს. ყველა ამ ქვეყანაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბია, უმუშევარია და მწვავე უკმაყოფილებას განიცდის თავიანთი ავტოკრატი მთავრობების მიმართ, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში არიან ხელისუფლებაში.

რეგიონში მოპოვებული ნავთობის უმეტესი ნაწილის ექსპორტს სხვა არაბული ქვეყნები ახდენენ - სპარსეთის ყურის სახელმწიფოები. მთავრობები ამ ქვეყნებსაც არანაკლები ავტოკრატები ჰყავთ, თუმცა მოსახლეობა იქ შედარებით უფრო მდიდარია. ნავთობის გლობალური ბაზარი ახლა სწორედ ამ ქვეყნებში არსებულ ვითარებას აკვირდება ყურადღებით.
დაპირისპირება საპროტესტო აქციაზე

გარკვეული სიურპრიზები უკვე იყო. მაგალითად, საუდის არაბეთში, სადაც აქამდე ქუჩაში გასული დემონსტრანტი თითქმის არავის უნახავს, გასულ კვირაში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და მთავრობის მხრიდან ახლახან მომხდარ დატბორვაზე არასაკმარისი რეაგირება გააპროტესტა. საპროტესტო აქცია, რომელზეც ხალხი აქტივისტებმა, ეგვიპტის მსგავსად,მობილური ტელეფონებით მოიწვიეს, პოლიციამ სწრაფად დაშალა და ათობით დემონსტრანტი დააპატიმრა.

იმის განსაზღვრა, გახდება თუ არა კაიროში მიმდინარე საპროტესტო აქციები შთაგონების წყარო სპარსეთის ყურისთვის, ამ ეტაპზე შეუძლებელია. ამასთან, ისიც გაურკვეველია, კონკრეტულად რა გავლენას მოახდენდა ასეთი ამბოხება საკუთრივ ნავთობის საბადოებზე, რომლებიც, როგორც წესი, დასახლებული ადგილებიდან შორს მდებარეობს. ნავთობის მიერ მოტანილ მოგებას კი, სავარაუდოდ, ნებისმიერი ახალი მთავრობა დააფასებს - შესაბამისად, მნიშვნელოვანი ცვლილება არ უნდა იყოს მოსალოდნელი. და მაინც, ამ რეგიონში შესაძლო დესტაბილიზაციის შესახებ გაფიქრებაც კი საკმარისია, რომ ნავთობის ბაზარი შეშფოთდეს და საწვავზე ფასი სწრაფად და მნიშვნელოვნად გაიზარდოს.
XS
SM
MD
LG