Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგაზაფხულო სამხედრო გაწვევა საქართველოში


საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საგაზაფხულო პროცესი მიმდინარეობს. სახელმწიფოს რეგულაციებით, 18-დან 27 წლამდე ასაკის ყველა ახალგაზრდა, ”რომელიც იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე ან ვალდებულია იმყოფებოდეს სამხედრო აღრიცხვაზე და არ აქვს სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან განთავისუფლების ან გაწვევის გადავადების უფლება, ექვემდებარება სამხედრო ვალდებულების მოხდას.” საქართველოში კი გრძელდება კამათი იმაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა სავალდებულო სამხედრო გაწვევის პრაქტიკა.

ყველას, ვინც ჯანმრთელია, შესაბამის ასაკობრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ერთწლიანი სავალდებულო სამსახური ჯერ არ გაუვლია და არც გაწვევის გადასავადებლად გადაუხდია 2000 ლარი, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოუწევს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელსაც ამ პროცესის კონტროლი გასულ წელს დაევალა, ვარაუდობს, რომ 20 იანვრიდან 1 ივლისამდე გამოცხადებულ პერიოდში საგაზაფხულო სამხედრო სამსახურს დაახლოებით 4500 წვევამდელი გაივლის. ამასთან, მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დადებითად აფასებს გასული წლის 18 აგვისტოდან დეკემბრის ბოლომდე მიმდინარე საშემოდგომო გაწვევის შედეგებსაც და ამბობს, რომ გაწვეულთა რაოდენობამ 7 ათასს მიაღწია.

საშემოდგომო გაწვევასთან მიმართებით დასახელებული 7 ათასი წვევამდელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში არ გადის. მათ შესაძლებლობებს ასევე იყენებს, მაგალითად: შინაგანი ჯარი, სასაზღვრო სამსახური თუ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური.

3 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ელოდებიან წვევამდელებს, რომელთა სიმაღლეც მინიმუმ 175 სანტიმეტრია. ამ უწყებაში საკონტრაქტო წესით დასაქმება ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურად ჩაეთვლებათ.

შეკითხვა, უნდა შეინარჩუნოს თუ არა საქართველომ სავალდებულო სამხედრო გაწვევის პრაქტიკა, უკვე დიდი ხანია კამათის საგანს წარმოადგენს. ფაქტია, რომ ქვეყანა ჯერჯერობით არ ასრულებს თავდაცვის სამინისტროს მიერ წლების წინ დადებულ დაპირებას, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად გაუქმდებოდა 2009 წლისთვის.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის პრაქტიკა არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს და ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ალიანსისკენ, მისი რეკომენდაციის შესრულებაზეც სერიოზულად უნდა ზრუნავდეს. ასე ფიქრობს, მაგალითად, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი:

”საქართველოს ხელისუფლება ცდილობს წაუყრუოს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყო მომზადებული ნატოს მხრიდან, ანუ თანდათან გადასვლა საკონტრაქტო სისტემაზე და პროფესიული ჯარის ჩამოყალიბების ხელშეწყობა... და წლების განმავლობაში შეუსრულებელი რეკომენდაციები თავის ასახვას პოვებს საქართველოსა და ნატოს მომავალ ურთიერთობებზე.”

ნატოს სტანდარტების გათვალისწინებას საქართველოსთვის მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს დამოუკიდებელი ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძეც. თუმცა ის, გერმანიისა და ამერიკის მაგალითებზე დაყრდნობით, ამბობს, რომ ქვეყნები შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების გადაწყვეტილებას, როგორც წესი, გეოპოლიტიკური რეალობიდან და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ:

”მაგალითად, იმავე ბუნდესვერს (Bundeswehr) აქვს ორი პრინციპი, ანუ მას ჰყავს პროფესიონალებიც და საკმაოდ დიდი მოცულობით, ასე რომ ვთქვათ, პერსონალს აკომპლექტებს სწორედ ახალწვეულებისგან, განსხვავებით შეერთებული შტატებისგან, რომელიც მთლიანად პროფესიულ კონტინგენტს ეყრდნობა. საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე, ნაადრევია, რომ უარი ითქვას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. მით უმეტეს, სახელმწიფო, რომელიც ახლა დგება, რომელსაც აქვს, ასე ვთქვათ, შიდა კონფლიქტური ზონები და პლუს მეზობელი, რომელიც მუდმივად მზად არის გააფართოოს თავისი აგრესიის არეალი... ანუ ჩვენ არ გვაქვს ახლა იმის ფუფუნება, რომ მხოლოდ მცირერიცხოვანი პროფესიული არმიის იმედად ვიყოთ.”

თუმცა დამოუკიდებელი ექსპერტის სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძის აზრით, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მომზადების ხარისხსაც. მისი გათვლით, სწორი მიდგომის პირობებში, დასავლეთის გამოცდილების გათვალისწინებით, სრულყოფილი და ხარისხიანი სამხედრო მომზადება ახალგაზრდებმა შესაძლებელია 6 თვეშიც გაიარონ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG