Accessibility links

logo-print

წინ გელათისაკენ, წინ ბარათაშვილისკენ, წინ...


პრეზენტაცია ” ქართულ აკადემიაში”

პრეზენტაცია ” ქართულ აკადემიაში”

საზოგადოებრივი მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” საინიციატივო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა ”ახალი ქართული კონსერვატიზმის” იდეაზე, რომელიც განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციებს, საგანმანათლებლო და კულტურის დაწესებულებებს და პოლიტიკურ პარტიებს წარედგინებათ. პროექტის პირველი პრეზენტაცია ” ქართულ აკადემიაში” მოხდა.

„ახალი ქართული კონსერვატიზმი“, პროექტის თანახმად, არის ნიადაგის მოსინჯვის გზა თანამედროვე ქართულ მენტალურ სივრცეში. ქართული კონსერვატიზმი ეფუძნება ევროპულ კლასიკურ ტრადიციას - კლასიკურ განათლებასა და ქრისტიანულ ღირებულებებს, გვითხრა ”დაიცავი საქართველოს” თავმჯდომარემ დავით მაღრაძემ:
”დაიცავი საქართველოს” თავმჯდომარე დავით მაღრაძე

”ახალი ქართული კონსერვატიზმი - გნებავთ, შემოქმედებითი კონსერვატიზმი - ითვალისწინებს ქრისტიანული ზნეობის, ანტიკური სიბრძნის ჰარმონიზებას, რომელმაც შვა ევროპის რენესანსი. ითვალისწინებს კლასიკურ განათლებას, ითვალისწინებს თავისუფალ პიროვნებას, რაც კლასიკური ლიბერალიზმის პირმშოა და ასე შემდეგ. ეს არის საქართველოს ხვალინდელი დღის ყოფა. ჩვენ ასე გვესახება. უმჯობესია, ჩვენი აზრით, ამ სახის ყოფა შევქმნათ ჩვენს სამშობლოში”.

„ახალი ქართული კონსერვატიზმი“ ქვეყნის მოდერნიზების პროცესს კლასიკური ევროპული ტრადიციების შენარჩუნებით გულისხმობს. თავად პროცესი კი, როგორც ”ქართული აკადემიის” თავმჯდომარე თემურ ნანეიშვილი აღნიშნავს, უნდა წარმართოს არა ქვეყნის ახლანდელმა, არამედ მომავალმა ხელისუფლებამ:

”საუბარია იმაზე, როგორ სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ და რა უნდა იყოს ის იდეოლოგია, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ქვეყნის მშენებელმა ხელისუფალმა. პერიფრაზით რომ ვისაუბროთ და არა იმ სიტყვებით, როგორც არის დაწერილი, ეს არის, ფაქტობრივად, ისეთი გლობალიზაციის მიღება, სადაც საფუძველი უნდა იყოს ეროვნული და რაც მისაღები იქნება დასავლეთის, ის უნდა მივიღოთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა ჰარმონიაში მოვიდეს ჩვენს ტრადიციებთან, მსოფლმხედველობასთან, ქართულთან და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ამით ღარიბები არა ვართ“.
ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა და, ამავე დროს, ის სიახლე და ის ცივილიზაცია უნდა იყოს რაღაც სინთეზში მოქცეული...

კონსერვატორული მოდერნიზაციის მთავარ ასპექტებად საინიციატივო ჯგუფის წევრები, ეროვნულ ნიადაგზე კლასიკური ევროპული ტრადიციების შენარჩუნებისა და გაგრძელების გარდა, მიიჩნევენ ასევე მოწინავე სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცოდნის ათვისებას, ადამიანის უფლებათა და ადამიანის მოვალეობათა ჰარმონიზებას მოვალეობათა პრიმატით და პიროვნების თავისუფლებას. „ახალი ქართული კონსერვატიზმის“ კრედო კი რამდენიმე ფორმულაში გამოიხატება, მაგალითად: ”ანტიკური სიბრძნე-ქრისტიანული ზნეობა-კლასიკური განათლება-თავისუფალი პიროვნება”. ასევე - ”წინ ათენისა და იერუსალიმისკენ! წინ გელათისკენ!” ცნობილია დევიზიც -” წინ ბარათაშვილისაკენ!”

„ახალი ქართული კონსერვატიზმის“ იდეის გამოხატვის კიდევ ერთი ფორმულა „ქართული აკადემიის“ წევრს, ნუკრი ქანთარიას ეკუთვნის:

”ნუ დაკარგავ ძველსა გზასა, ნურცა ძველსა მეგობარსა და, ამავე დროს, ის სიახლე და ის ცივილიზაცია უნდა იყოს რაღაც სინთეზში მოქცეული. ახლა გააჩნია, აქ რა ვითარება იქნება - როცა შიმშილის ზღვარზეა ხალხი, რამდენად მივა მათთან ეს ზნეობრივი ღირებულებები. თუმცა ჩვენი ვალია, რომ ეს ვცადოთ აუცილებლად და ეს არის მოსინჯვის პროცესი და აუცილებელია, ვფიქრობ, ამაზე დაკავდეს სწორედ ის საზოგადოება, ვისაც ეს ხელეწიფება”.
ხალხისთვის გასაცნობად, რა თქმა უნდა, მისი ვერსია უნდა იყოს უფრო შეკუმშული, კაი გაგებით, და უფრო გამარტივებული...

ქართული თვითმყოფადობის კონცეფცია აუცილებელია, მაგრამ იგი გასაგები და მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის. ეს შენიშვნა კი საინიციატივო ჯგუფის წევრმა, იური მეჩითოვმა გამოთქვა.

”ხალხისთვის გასაცნობად, რა თქმა უნდა, მისი ვერსია უნდა იყოს უფრო შეკუმშული, კაი გაგებით, და უფრო გამარტივებული, შეიძლება ითქვას, თავისი სიტყვებით, თავისი სლოგანებით. ვისურვებდი, რომ სულ ქართული სიტყვები ყოფილიყოს და სიტყვა კონსერვატიზმიც არ ყოფილიყოს, ვთქვათ...”

„ახალი ქართული კონსერვატიზმის“ პროექტს, არსებული სახით, განმარტებები და კომენტარები უნდა დაერთოს, რათა ხალხისთვის გასაგები იყოს, - ითქვა ”ქართულ აკადემიაში” გამართულ განხილვაზე. ამავე განხილვაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ პროექტში ჩამოყალიბებული ძირითადი ასპექტების განმარტება მოსახლეობისთვის პოლიტიკურ პარტიებს მოუწევთ.
XS
SM
MD
LG