Accessibility links

logo-print
ცხინვალში თითქმის ყველა ქუჩა გადათხრილია. მანქანები გზის სავალ ნაწილზე ვეღარ მოძრაობენ და ტროტუარებზე გადადიან.

ცხინვალელებმა თხრილებზე ფიცრებით პატარ-პატარა ხიდები გააკეთეს, რომ ქუჩის ერთი ნაწილიდან მეორეზე გადავიდნენ. დე ფაქტო დედაქალაქში გადაადგილება განსაკუთრებით ღამის საათებში ჭირს, ხშირად თხრილებში ცვივიან როგორც ფეხით მოსიარულეები, ისე მანქანები და დახმარებას ითხოვენ.

სამშენებლო კომპანიებმა ქალაქის გადათხრა ორი თვის წინ წყლის სისტემების, საკანალიზაციო მილებისა და გაზსადენის შესაცვლელად დაიწყეს, მაგრამ მუშაობა გაჭიანურდა, ქალაქი კი თითქმის გაუვალი გახდა. ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში ცხინვალელები უკმაყოფილებას არ მალავენ და ხელისუფლებას სთხოვენ ქალაქის კეთილმოწყობას სასწრაფოდ. სოსლან თედეევი მძღოლია, მას ყოველდღიურად უხდება ქალაქში მანქანით გადაადგილება და, გადათხრილი გზების გამო, ხშირად ტროტუარზე გადადის და ფეხით მოსიარულეებს საფრთხეს უქმნის.

გადათხრილი ქუჩები ცხინვალის მერიის სპეციალურ თათბირზე განსჯის საგნად იქცა. დე ფაქტო რესპუბლიკის დედქალაქის მერი გერასიმ ხუგაევი სამშენებლო კომპანიების საქმიანობით აღშფოთებულია, რადგან მათ მთელი ქალაქი ერთბაშად გადათხარეს. მისი აზრით, სამუშაოები ეტაპობრივად უნდა განხორციელებულიყო და ჯერ ერთი ქუჩის კეთილმოწყობა დაესრულებინათ და შემდეგ მომდევნოზე გადასულიყვნენ.

თათბირის შემდეგ ცხინვალის მერმა სპეციალური განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს უფლება ეძლევათ შეაჩერონ ყველა სამშენებლო სამუშაო, ვიდრე მიმდინარე სამუშაოები არ დასრულდება და ხარვეზები არ გამოსწორდება. ცხინვალელ სამართალდამცავებს ასევე უფლება აქვთ გამოწერონ ადმინისტრაციული ჯარიმები და დამრღვევებს დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სამშენებლო ტექნიკაც ჩამოართვან.

დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქში ბევრი სამშენებლო კომპანია რუსეთიდან არის ჩასული და მათ პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი მფარველობს. როგორც ცნობილია, კოკოითსა და ბროვცევს შორის დაპირისპირება რუსული ფინანსების გადანაწილების გამო დიდი ხანია გრძელდება, ამიტომ დაპირისპირებულები შანსს ხელიდან არ უშვებენ, რომ მეორე მხარის მფარველობის ქვეშ არსებული კომპანიები გააკრიტიკონ.
XS
SM
MD
LG