Accessibility links

logo-print

მოელის ტაშკენტსა და ბაქოს საკუთარი „ეგვიპტე“?


ეგვიპტე

ეგვიპტე

მაშრიყი და მაღრიბი თვალყურს ადევნებს ამბოხებას ეგვიპტეში, სადაც არეულობა და ძალადობა არ ცხრება. და არა მხოლოდ იქ, რევოლუციური განწყობილებაა სხვა არაერთ მუსლიმანურ ქვეყანაში. ამ ამბებს ყურადღებით აკვირდებიან ყოფილ საბჭოთა ქვეყნებშიც, შუა აზიაში და აზერბაიჯანში, სადაც მყარად მდგარი ლიდერები თითქოს ახლა ყალყზე შემდგარი ქვეყნების დესპოტ მმართველებს ბაძავდნენ კიდეც. შეიძლება თუ არა კაიროს სახალხო მღელვარების მსგავსი ბაქოსა და ტაშკენტში ვიხილოთ?
მუბარაკის ძეგლი აზერბაიჯანში

კაიროში, ტაჰრირის მოედანზე, ხალხი საძულველი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაკის, გადადგომას ითხოვს. ამ დროს, თავისი მმართველის გადადგომას კაიროდან ათას ხუთას კილომეტრში, ბაქოშიც ითხოვს ხალხი.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის, მაჰმადიანურ სამყაროში პირველი წარმატებული საპარლამენტო რესპუბლიკის დამაარსებლის, მაჰმად ამინ რასულზადეს იუბილეზე შეკრებილმა აზერბაიჯანელებმა ეს დღე გამოიყენეს საშუალებად, თავიანთ ლიდერს, ილჰამ ალიევს, მოუწოდონ, გადადგეს.
ამ მოვლენებს როცა უყურებ, დაინახავ, რომ დემოკრატიის მშენებლობა შეიძლება დაჩქარდეს და დიქტატორთათვის თავშესაფარი აღარსად იქნება...

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის, სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ალი ქერიმლი ამბობს, რომ ის, რაც ტუნისში, ეგვიპტეში, იემენში ხდება, თვალს უხელს მათ, ვისაც სჯეროდა, რომ არაბულ სამყაროში თავიანთ ლიდერებს ხალხი არ აუმხედრდებოდა. მისი აზრით, ილჰამ ალიევმა, რომელმაც მუბარაკის ძეგლი აღამართვინა ბაქოში და რომელსაც არაერთ არაბ ლიდერთან ახლო ურთიერთობა აქვს, უნდა გაითვალისწინოს ეს მოვლენები:

„ყველა აზერბაიჯანელს ახსოვს, რა კარგად გრძნობდა თავს ალიევი, როცა არაბ დიქტატორებს ხვდებოდა. მან მშვენიერი ურთიერთობა დაამყარა მათთან და მათ ქვეყნებს აზერბაიჯანის მოდელად მიიჩნევდა. ახლა, ვინც მათ მოდელად მიიჩნევდა, ალბათ, იმედგაცრუებულია. ამ მოვლენებს როცა უყურებ, დაინახავ, რომ დემოკრატიის მშენებლობა შეიძლება დაჩქარდეს და დიქტატორთათვის თავშესაფარი აღარსად იქნება“.
უცხოეთის ამბები. ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ალბათ, უფრო ადგილობრივ ელიტას აღელვებს. ეს მოვლენები აშინებს ძალაუფლების მქონეთ, რადგან ხალხი პარალელების გავლებას იწყებს...

ახლა ყაზახეთში გადავინაცვლოთ. ამ ქვეყანას ძალიან დიდი ხანია მართავს ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც ამ კვირაში - იქნებ ეგვიპტის გაკვეთილმა ასწავლა ეს - გადაწყვიტა უარი თქვას რეფერენდუმზე, რომელიც მას მმართველობის კიდევ ათი წლით გახანგძლივების შანსს მისცემდა, და ამას ვადამდელი არჩევნები ამჯობინა. საფიქრებელია, რომ ყაზახეთის ვითარება მაინც სხვაა, იქ არ არის ისეთი სიდუხჭირე და, ამასთან, როგორც ალმა- ათის „ევრაზიის პოლიტიკური კვლევის“ ცენტრის ხელმძღვანელი რუსტემ ლებეკოვი ამბობს, ეგვიპტე ხალხს ნაკლებად ადარდებს:

„ჩვენი ხალხი, ძირითადად, აპოლიტიკურია. მას არ აინტერესებს პოლიტიკა და, განსაკუთრებით, უცხოეთის ამბები. ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ალბათ, უფრო ადგილობრივ ელიტას აღელვებს. ეს მოვლენები აშინებს ძალაუფლების მქონეთ, რადგან ხალხი პარალელების გავლებას იწყებს“.

შუა აზიის მეორე ქვეყნის - უზბეკეთის - დიდი ხნის მმართველია ისლამ ქარიმოვი, ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული რეჟიმის მმართველი. უზბეკეთის სახელმწიფო მედია ნაკლებს ლაპარაკობს ეგვიპტის ამბებზე. გაზეთებში კი წერენ, რომ არაბულ ქვეყნებში ახლანდელი ლიდერების დამხობას შეიძლება რადიკალური ისლამის გაბატონება მოჰყვეს. ისლამიზაციიის საფრთხედ წარმოჩენა და მისით დაშინება გავრცელებული მეთოდია შუა აზიაში - არა მხოლოდ უზბეკეთში, მეტად დემოკრატიულ ყირგიზეთშიც, სადაც, უზბეკეთის ისლამისტური მოძრაობის საფრთხეზე ლაპარაკობს ადგილობრივი მთავრობა.
უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი

აშშ-ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის შუა აზიის ექსპერტ ერიკ მაკგლინჩის დაკვირვებით, ქარიმოვი და შუა აზიის სხვა ლიდერები ისლამისტურ „კარტს“ თამაშობენ იმ მიზნითაც, რომ კორუფციით და სიღარიბით გამოწვეული უკმაყოფილება დააშოშმინონ. მაგრამ შუა აზიაში ეგვიპტის ბაცილის გავრცელებასა და რადიკალური ისლამის აღზევებაზე უფრო დიდია სხვა საფრთხე, ამბობს მაკგლინჩი:
მუბარაკმა 30 წელი იბატონა. ახლა კმარა. დროა სხვამ მართოს ქვეყანა. იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც. ეს დინასტია 30-40 წელია ხელისუფლებაშია. ბოლოს მათაც ჩამოაგდებენ...

„საქმე გვაქვს განსაკუთრებულ მომენტთან, რომელიც სხვა მომენტებთან ერთად არსებობს. პირველ რიგში, ნაზარბაევი და ქარიმოვი ბერდებიან! ისინი სულ უფრო ასაკოვანნი ხდებიან. ალბათ, ხვალ არ დაიხოცებიან, მაგრამ რა მოხდება, როცა მოვა დრო და ხელისუფლების სხვებისთვის გადაბარება გახდება საჭირო? ეს იქნება დამატებითი ფაქტორი, რომელიც ადრე არ არსებობდა“.

მაკგლინჩი ფიქრობს, რომ ახლანდელი ლიდერების ასაკში შესვლაა დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი, რადგან მათი გარემოცვაც მოელის თბილ ადგილს მომავალში. აზერბაიჯანის ლიდერი 49 წლისაა, ეს თითქოს მას არ უნდა ეხებოდეს, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ილჰამმა მამისგან, ჰეიდარისგან მიიღო პრეზიდენტობა და მან შეიძლება თავის შვილს გადასცეს ის, როცა დრო დადგება.

„მუბარაკმა 30 წელი იბატონა. ახლა კმარა. დროა სხვამ მართოს ქვეყანა. იგივე უნდა მოხდეს ჩვენთანაც. ეს დინასტია 30-40 წელია ხელისუფლებაშია. ბოლოს მათაც ჩამოაგდებენ“, - ეგვიპტესა და თავის ქვეყანას შორის პარალელს ავლებს აზერბაიჯანელი მოქალაქე.
XS
SM
MD
LG