Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანას მოთმინებისკენ მოუწოდებს


ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა, ომარ სულეიმანმა, დღეს მოქალაქეებს უთხრა, რომ სექტემბერში დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის აუცილებელი პოლიტიკური რეფორმების გასატარებლად დროა საჭირო. მისი განცხადებით, გარდამავალი პერიოდისთვის დრო თუ არ გამოიყოფა, ქვეყანაში პოლიტიკური ვაკუუმი გაჩნდება. პარალელურად, ქვეყნის პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაქმა განაცხადა, რომ ამგვარი ვაკუუმის გაჩენის შემთხვევაში მას აკრძალული ოპოზიციური ძალა - მუსულმანთა საძმო - შეავსებს.
მუბარაქი თანხმობას აცხადებს თანამდებობის სექტემბერში დატოვებაზე - თუმცა ანტი-სამთავრობო აქციების მონაწილეებს სურთ, რომ მან ეს უფრო ადრე გააკეთოს. მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ოთხშაბათს დაწყებული შეტაკებები დღესაც გაგრძელდა. ანტი-სამთავრობო აქციების მონაწილეები პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებს და სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციას წუხელ მათთვის ცეცხლის გახსნაში სდებენ ბრალს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ შაფიყმა, ბოდიში მოიხადა ძალადობის გამო, რასაც რვა ადამიანის სიკვდილი და ასობით პირის დაშავება მოჰყვა.შაფიყმა უარყო მოსაზრება, რომ ძალადობის მიღმა მთავრობა დგას და განაცხადა, რომ ძალადობას გამოიძიებენ. ეგვიპტის მთავრობამ ოთხ ყოფილ ოფიციალურ პირს ქვეყნის დატოვება აუკრძალა, სანამ არეულობაში მათ პოტენციურ როლს გამოიძიებენ.
XS
SM
MD
LG