Accessibility links

ჰანსიორგ ჰაბერი: ილორის ეკლესია არ არის გარუსულებული


ილორის ეკლესია

ილორის ეკლესია

აფაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვიზიტის თაობაზე ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა პირველი კომენტარი ორდღიანი პაუზის შემდეგ, 4 თებერვალს გააკეთა. იმ ფაქტის შესახებ, რომ ჰანსიორგ ჰაბერი 31 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით სოხუმს სტუმრობდა, რადიო თავისუფლებამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებისგან შეიტყო. მართალია, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის თბილისის ოფისში ეს ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. რას ამბობს თავად ჰანსიორგ ჰაბერი, რა ამბავი ჩამოიტანა მან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან?

ჰანსიორგ ჰაბერი
ჰანსიორგ ჰაბერის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, როგორც ირკვევა, ილორის ეკლესიის მონახულება წარმოადგენდა. გავიხსენოთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოჩამჩირის რაიონში მდებარე მე-11 საუკუნის ქართული ეკლესიის რესტავრაციის პროცესმა თბილისის დიდი აღშფოთება ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოიწვია. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რესტავრაციის შედეგად, სრულიად დაირღვა ძეგლის ავთენტურობა - გადაღებვის გზით წაშალეს ქართული წარწერები, ხოლო ეკლესიას დააშენეს რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი გუმბათი.

ილორის ეკლესიის საკითხი 31 იანვარს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მორიგ შეხვედრაზეც განიხილებოდა და, ქართული მხარის განცხადებით, კონკრეტული შეთანხმება ეკლესიის ერთობლივად მონახულების საკითხზე ისევ ვერ მოხერხდა. თუმცა იმავე დღეს ილორის ეკლესია ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა მოინახულა.

როგორც გერმანელმა დიპლომატმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნა, ამ საქმის სპეციალისტი არ არის, მაგრამ, ეკლესიის გარეგნული დათვალიერების შედეგად, მან ეკლესიის გარუსულება ვერ შენიშნა. ირკვევა, რომ ჰანსიორგ ჰაბერს არც ეკლესიის წინამძღვრის განზრახვებში შეჰპარვია ეჭვი:

”ეკლესიის წინამძღვარს უნდა, რომ ეკლესია მორწმუნეებს შეუნარჩუნოს და ცდილობს ეკლესია გადაარჩინოს დანესტიანებას. სწორედ ამ პროცესში აღიმართა გუმბათი და ეს შესაძლოა იმსახურებდეს კიდეც კრიტიკას... მაგრამ, ვფიქრობ, უმთავრესია, რომ ისევ იქ არის ქართველთა საფლავების ქვები - არც სადმე წაუღიათ და არც გაუნადგურებიათ. ეკლესიაშია ქართულწარწერიანი ხატები. ეკლესიის უძველეს ნაწილში არსებული ფრესკები კი 1957 წელს არის აღდგენილი, როცა შესაძლებელი არ იყო რესტავრაციის უმაღლესი სტანდარტებით ჩატარება. ვფიქრობ, ძეგლის გადასარჩენად ადამიანები აკეთებდნენ იმას, რისი გაკეთებაც იმხანად შეეძლოთ... თუკი ამ ეკლესიას ახლა ხელოვნებათმცოდნეს ანახვებთ, შესაძლოა მან სხვა დასკვნები გამოიტანოს... მაგრამ მე ვხედავ მისი (ეკლესიის) შენარჩუნების გულწრფელ მცდელობას და აშკარაა, რომ ის არ არის გარუსულებული.”

არ გვინდა სიტუაცია ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქოს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია თავის მანდატს აფხაზეთზეც ავრცელებს ...
ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა ილორის ეკლესია 31 იანვარს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთან, რუსლან ქიშმარიასთან ერთად მოინახულა და ამ ფაქტის შესახებ სწორედ ამ უკანასკნელმა შეატყობინა იმავე დღეს რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას, ”ეხო კავკაზას”. 3 თებერვალს კი ჰანსიორგ ჰაბერის სოხუმში სტუმრობის ფაქტი დაადასტურა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ. ის ამბობს, რომ ჰაბერს სოხუმი მასპინძლობდა როგორც ჩვეულებრივ ტურისტს და არა როგორც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელს საქართველოში:

”ის აქ ჩამოვიდა, როგორც ტურისტი... ჩამოსვლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა რამდენიმე დღით დასვენება. ეს არ იყო ოფიციალური ვიზიტი.”

მაქსიმ ღვინჯიას თქმით, ჰანსიორგ ჰაბერის ოფიციალურად მიღება სოხუმს იმიტომ არ სურს, რომ გერმანელი დიპლომატის ხელმძღვანელობით მოქმედი მისიის მანდატი საქართველოზე ვრცელდება.

”არ გვინდა სიტუაცია ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქოს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია თავის მანდატს აფხაზეთზეც ავრცელებს. ეს რომ ოფიციალური ვიზიტი იყოს, წარმოიდგინეთ, როგორი ინტერპრეტაციები მიეცემა მას არა მარტო ევროკავშირში, არამედ - საქართველოშიც” , - უთხრა დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაქსიმ ღვინჯიამ რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროგრამას, ”ეხო კავკაზას”.

ეს არის საღი აზრი და გონიერება, რათა აჩვენონ მსოფლიოს, რომ ისინი არ არიან ჩამოკიდებული რუსეთზე ...
ტურიზმი არ უხსენებია, მაგრამ როგორც 4 თებერვალს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში თავად ჰანსიორგ ჰაბერმა აღნიშნა, მის ამ პირველ ვიზიტს სოხუმში მართლაც არაოფიციალური სახე ჰქონდა:

„მე პირადი საუბრები გავმართე და არა ოფიციალური. როგორც იცით, ჩვენი მანდატი უფლებას გვაძლევს პატრულირება განვახორციელოთ აფხაზეთში, მაგრამ ეს არ ყოფილა ასეთი პატრული, ეს კერძო ვიზიტი იყო. მან მომცა საშუალება, გავცნობოდი აფხაზეთს, სადაც მანამდე არასოდეს ვყოფილვარ, და მენახა, რამდენად შორს არის იგი მრავალი თვალსაზრისით დღევანდელი საქართველოსგან, რამდენად რთული და, ამავე დროს, მნიშვნელოვანი ამოცანაა აფხაზებისა და საქართველოს შერიგება.“

ის ფაქტი, რომ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელი ჰანსიორგ ჰაბერი არაოფიციალური ვიზიტით მიიღეს სოხუმში, სულაც არ უკვირთ ქართველ კონფლიქტოლოგებს. მაგალითად, პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ”სოხუმის ხელისუფლებამ მოქნილობა და დინამიურობა გამოიჩინა” და კრიტიკულ სიტუაციაში ის ცდილობს გამოსავალი იპოვოს და ევროკავშირთან გარკვეული კონტაქტები დაამყაროს.

”ეს კომპრომისი არ არის... ეს არის საღი აზრი და გონიერება, რათა აჩვენონ მსოფლიოს, რომ ისინი არ არიან ჩამოკიდებული რუსეთზე”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პაატა ზაქარეიშვილმა.

რუსეთის ფაქტორს კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილიც ახსენებს. მისი აზრით, სოხუმი, რაკი ხედავს ევროკავშირთან დიალოგის აუცილებლობას და, ამავე დროს, რუსეთის გაღიზიანებას ერიდება, ასეთი არაოფიციალური ვიზიტების დაშვებით, ასე ვთქვათ, შემოვლით გზებს ეძებს.
XS
SM
MD
LG