Accessibility links

logo-print
”რეზონანსის” პირველი გვერდი: ”კალმახელიძე პატიმართა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად ასაკს ასახელებს”. სტატიის ავტორი წერს, რომ ”ადამიანის უფლებათა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციები ამ შეფასებას ”ცინიკურსა” და ”უპასუხისმგებლოს” უწოდებენ”. ნანა კაკაბაძემ, თავმჯდომარემ ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”, ”რეზონანსს” უთხრა: ”გარდაცვლილი პატიმრების ყველაზე გავრცელებული და ცნობილი ინფორმაციები 23 წლიდან 35 წლამდე ასაკის ადამიანებს ეხება. შემიძლია შეგახსენოთ ბოლო პერიოდში გარდაცვლილი სამხედრო პირები - ნადიმ ცეცხლაძე და მისი მეგობრები, დეზერტირობის გამო რომ იყვნენ აყვანილნი, სრულიად ჯანმრთელნი და საღსალამათნი რომ დააპატიმრეს და ციხეში გარდაიცვალნენ.”

”პარტიები არჩევნებისთვის მზად არ არიან. ვადამდელ არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს” - ეს რესპუბლიკელ თინა ხიდაშელთან ინტერვიუს სათაურია ”ახალ თაობაში”. ხიდაშელი ამბობს: ”მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის 21 წელი სრულიად საკმარისი დროა იმისათვის, რომ ფერადად დავინახოთ ცხოვრება და არა მაინცდამაინც შავ-თეთრად, როგორც ყველა ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში გვკარნახობდა ხოლმე. ამიტომ მე არ ვაპირებ ოპოზიციაზე ლაპარაკს და მიშას პროპაგანდაში ჩართვას, თუ როგორია ოპოზიცია, როგორია ოპოზიციისადმი დამოკიდებულება, რას ფიქრობს ხალხი ოპოზიციაზე და ასე შემდეგ.”

”ახალი თაობის” კორესპონდენტი კონსერვატორ კახა კუკავას ეკითხება: ”თქვენ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას აშინებს ოპოზიცია და მის დისკრედიტაციას ცდილობს?”. კუკავას პასუხი: ”ეს, მე მგონი, მიხეილ სააკაშვილმა აღიარა თავის პირდაპირ ეთერში, როცა თქვა, რომ კმაყოფილია იმით, რომ ოპოზიცია არის სუსტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას აშინებს ოპოზიციის გაძლიერება.”

”ვერსიის” მთავარი სტატიაა ”სამების მიწისქვეშა კომპლექსი წყლით ივსება!”. ავტორი წერს, რომ ”ვერსიის” წყაროს ინფორმაციით, ”სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მიწისქვეშა კომპლექსში არსებული ტაძრების აღსადგენად სამშენებლო სამუშაოები დაიწყო”. ”ვერსიისთვის” 1995-2004 წლებში ”წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სამშენებლო ფონდის” ხელმძღვანელ ირაკლი ანდრიაძეს უთქვამს: ”ტაძრის მშენებლობისას გამოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომელმაც ჩვენი გეგმა არ მოიწონა. ამ საქმეში სულ სხვა ამბებია, რის გახმაურებისგანაც თავს შევიკავებ. თუ რა მოხდა მაშინ, დეტალურად ამას ჩემგან საზოგადოება უახლოეს მომავალში მხოლოდ თქვენი გაზეთის საშუალებით გაიგებს.”

”ხელისუფლება - სხვისთვის ჰუმანიტარი, ჩვენთვის - დედინაცვალი” – ”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ამ სათაურით სტატია, რომელიც ასე სრულდება: ”ვერ გეტყვით, მთავრობას ამაზე რა პასუხი აქვს, მაგრამ ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი ეკონომიკის მდგრადი მღრღნელი ინფლაციისა და ფასების კატასტროფულად ზრდის პირობებში ტუნისური და ეგვიპტური ჯანყი საქართველოსაც ემუქრება? ეგვიპტის ”ფარაონსაც” ეგონა, რომ ქამარი მაგრად ჰქონდა შემოჭერილი, მაგრამ სინამდვილეში ფომფლედ აღმოაჩნდა.”

”24 საათი” წერს, რომ 3 თებერვალს აშშ-ში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ამერიკელმა სენატორებმა საქართველოს შესახებ მომზადებული სენატის რეზოლუციის შესახებ ისაუბრეს. ”საყურადღებოა, რომ ამჟამინდელ პროექტში აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის შესახებ არის საუბარი”, - წერს ავტორი.
XS
SM
MD
LG