Accessibility links

4 თებერვალს მთელ მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, რომლის ინიციატივითაც აღინიშნება ეს დღე, ცდილობს მოსახლეობის ყურადღება მიაპყროს ავთვისებიანი სიმსივნეების აღკვეთას, გამოვლენას და მკურნალობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის კიბოს შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში ოც მილიონამდე გაიზრდება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს გაუსწრებს და დედამიწის მოსახლეობის სიკვდილიანობის სტრუქტურაში პირველ ადგილს დაიკავებს. საქართველო უკვე დღეს ახლოსაა ამ მაჩვენებელთან - მოსახლეობის ავადობისა და სიკვდილიანობის სტრუქტურაში ავთვისებიან სიმსივნეებს მეორე ადგილი უკავია. სპეციალისტები კიბოს ასეთ სწრაფ გავრცელებას მრავალი მიზეზით ხსნიან - უმთავრესად, მძიმე სტრესებით, რომელიც მრავლად გვაქვს ცხოვრებაში. აი, ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ამ სტრესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება - რამდენად გვაქვს ადაპტაციისა და უარყოფითი ემოციებისგან განთავისუფლების უნარი. ამის შესახებ ისაუბრა ჩვენთან ფსიქოლოგმა რუსუდან ფხაკაძემ, მისი თქმით:

”ცნობილია, რომ ხანგრძლივი სტრესები უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, მეტაბოლურ პროცესებზე.”

სხვათა შორის, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწორედ ფსიქოლოგები მუშაობენ პაციენტებთან, რომელთაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რუსუდან ფხაკაძე აღნიშნავს, რომ პირველად ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობა ჩვენში 1980 წელს დაიწყო.იმხანად უფრო მნიშვნელოვანი კიბოთი დაავადებულების სტიგმატიზაციის პრობლემა იყო.

დაავადებას მალავდნენ, რადგან ონკოლოგიური დაავადება წლების მანძილზე სიკვდილთან იყო გაიგივებული. ონკოლოგმა არჩილ კაპანაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში რამდენიმე წლის წინ აღნიშნა, რომ ამ სტერეოტიპის ნგრევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმაზე მსჯელობა, უნდა უთხრას თუ არა ექიმმა პაციენტს, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, თუკი ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მისი უნარი საღი გონებით შეხვდეს განსაცდელს... მოსაზრება, რომ ავთვისებიანი სიმსივნე აუცილებლად არ გულისხმობს სიკვდილს, ეჭვის ქვეშ არავინ უნდა დააყენოს

ონკოლოგიური დაავადების გაიგივება სიკვდილთან შეცდომაა - არჩილ კაპანაძის თქმით, ექიმებმა აუცილებლად უნდა აუხსნან ეს პაციენტებს, რადგან პაციენტის დახმარების გარეშე, მისი ნების გარეშე მხოლოდ ქირურგია თუ ქიმიოთერაპია დაავადებას ვერ დაამარცხებს.

კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს აგრეთვე მოსახლეობის დარწმუნებას ონკოლოგიური დაავადების დამარცხების შესაძლებლობაში კიბოს ადრეული სტადიის გამოვლენისას და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვის აუცილებლობას - მოწევაზე უარის თქმას, ფიზიკურ აქტიურობას, შეძლებისდაგვარად დაბალანსებულ კვებას, მზეზე დიდხანს ყოფნასა და სოლარიუმებზე უარის თქმას. ამ შემთხვევაში შესაძლებელია არ გამართლდეს ძალიან უსიამოვნო წინასწარმეტყველება, რომ ათი წლის შემდეგ,სპეციალისტების გამოთვლით, საქართველოში ორჯერ მეტ ადამიანს დაუდგენენ ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG