Accessibility links

logo-print

”მერაბ მამარდაშვილის სემინარი”

  • ნინო როდონაია

მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრმა ახალი პროექტი დაიწყო და მას სახელწოდებად ”მერაბ მამარდაშვილის სემინარი” შეურჩია. პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მნიშვნელობას საზოგადოებრივი განვითარების ფუნდამენტურ პრობლემებს ანიჭებენ და საზოგადოებას სთავაზობენ ერთგვარად ამბიციურ ამოცანას - ფიქრის ერთად დაწყებას იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ გამოიყენოს ქვეყანამ სიმდიდრე, რომელიც მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური ნააზრევის სახით აქვს.

შარშან, შემოდგომაზე, მერაბ მამარდაშვილის დაბადებიდან 80 და გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში ფიქრობენ, რომ ეს თარიღები საქართველოს უფრო მკაფიოდ უნდა აღენიშნა. თავად ცენტრმა სემინარი სწორედ შარშან ჩაიფიქრა და, ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერის შემდეგ, ახალი პროექტი წელს დაიწყო. მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიის კიდევ ერთხელ გააზრების აუცილებლობა სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნათელა სახოკიამ, რადიო თავისუფლებას ასე აუხსნა:

”მერაბის ფილოსოფიური ნააზრევი განსაკუთრებით აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის, იმიტომ რომ ახლა მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი განვითარების ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც მერაბს გააზრებული აქვს და უამრავი პასუხი აქვს გაცემული ასეთ შეკითხვებზე.”

სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი ”მერაბ მამარდაშვილის სემინარებში” მონაწილეობით საზოგადოებას სთავაზობს ფიქრს და მსჯელობას იმის შესახებ, თუ რამდენად ვართ ან არ ვართ საზოგადოება? რას ნიშნავს მერაბ მამარდაშვილის ნააზრევი დღეს, როდესაც ქვეყანაში და მის გარშემო უამრავი რამ ხდება?
პირველი, რის შესახებაც ცენტრმა საზოგადოებას სემინარის ფარგლებში შესთავაზა ფიქრი და მსჯელობა, სახელმწიფო მოწყობის პრობლემაა. ”საქართველოს სახელმწიფო აღმშენებლობის პრობლემები და მერაბ მამარდაშვილი” - ასე უწოდა მის მოხსენებას სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკო მელიქაძემ. რას ნიშნავს სახელმწიფო აღმშენებლობა და რატომ არ გამოგვდის ისე, როგორც თითქოს გვსურდა? ცენტრის ხანგრძლივი მუშაობის შედეგად დანახული ეს პრობლემა ახალი პროექტის პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას ნიკო მელიქაძემ ასე აღუწერა:

”გავხდით დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული ქვეყანა და მეორე დღესვე ჩვენს წინაშე დადგა ფუნდამენტური პრობლემა - რა მოვინდომო და როგორ გავაკეთო? შთაბეჭდილება ისეთია, რომ ერთზეც და მეორეზეც პასუხი იყო: აბა, რა! ცხადია, დემოკრატია, ცხადია, ბაზარი! როგორ? აი, არიან უკვე ჩამოყალიბებული, განვითარებული, ამ გზაზე გამარჯვებული ქვეყნები და რა უნდა, წამოვიღებ იქიდან. ასე შევუდექით საქმის კეთებას.”

ამ პროცესში წარმოქმნილ სირთულეებზე, როგორც ნიკო მელიქაძე ამბობს, კვლავ ”აბა, რა” ტიპის პასუხები ჩნდებოდა და მაშინაც კი, როდესაც თანდათან მივხვდით, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის, საფუძვლების ღრმად ძიება კვლავ არ დაგვიწყია. არადა, ნიკო მელიქაძის თქმით, დემოკრატიის თუ საბაზრო ეკონომიკის მხოლოდ ზედაპირული მშენებლობით მდგრადი და ეფექტური სახელმწიფო ვერასდროს შეიქმნება. რა ხდება საფუძველში, რომელიც გამოგვრჩა? ნიკო მელიქაძის შეფასებით, ეს ზუსტად აღწერა მერაბ მამარდაშვილმა, რომელიც ლაპარაკობდა ადამიანების სოციალურ აზროვნებაზე მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, საერთო სამოქალაქო განათლების უმძიმეს მდგომარეობაზე და ცხოვრებიდან და ისტორიიდან ხალხის ამოვარდნაზე, რამაც ის დააავადა; ლაპარაკობდა დეზორგანიზებულ, გზააბნეულ და გაველურებულ ცნობიერებაზე; ადამიანებზე, რომლებიც მთლიან, დასრულებულ აზრს ვერ ქმნიან, კვლავ სისხლს ეძებენ და ყველგან მავნებლებს ხედავენ. ლაპარაკობდა იმაზე, რომ არ შეგვიძლია ერთხელ და სამუდამოდ გამოვიტანოთ აზრი იქიდან, რაც დაგვემართა, რაც განვიცადეთ და ამიტომ ტანჯვა და გაბრაზებულის მდგომარეობა მუდმივად გაგრძელდება. როგორც ნიკო მელიქაძე ამბობს:

”მერაბ მამარდაშვილის მიერ დასმულ საზოგადოებრივი ავადმყოფობის ამ დიაგნოზს და საზოგადოებამდე მის მიტანას ფილოსოფოსის მეტაფორული ენიდან გადათარგმნა და დამარცვლა სჭირდება. არა ხართ ცოცხლები! - გვეუბნება მერაბ მამარდაშვილი. რას ნიშნავს, იყო ცოცხალი? ამაშია საჭირო დახმარება და განათლებული საქართველოს ნაწილი ამ გამოწვევის წინაშე დგას.”

ნიკო მელიქაძის თქმით, საზოგადოებრივი ცნობიერების შესაცვლელად აუცილებელია შეხება იმ ადგილთან, სადაც ეს ცნობიერებაა ლოკალიზებული. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას მისი მდგომარეობა ფილოსოფიური ტერმინებით უნდა აუხსნა. როგორც ნიკო მელიქაძემ აღნიშნა:

”ადამიანი ვერ იტანს გაუგებარ რეალობას. მისი ბუნებაა ასეთი. მას უნდა ესმოდეს რეალობა, რომელშიც იმყოფება და როდესაც ეს რეალობა ძალიან რთულია, ის პრიმიტიულ ახსნებს პოულობს. მაგალითად, ეს კარგია, ის ცუდი. ეს როგორღაც დასაძლევია და თუ ამას არ გავაკეთებთ, არ დასრულდება, როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობს, მოვლენების ფსიქოლოგიური ახსნა. ეს კი მიუღებელია სოციალური რეალობისთვის. სოციალური მოვლენები, თუ ის მდგრადია, ამ ტიპის ახსნას ვერ იტანს.”

საზოგადოებისთვის განმარტების და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სახელმწიფო დონეზე ჩართული ადამიანების დახმარების ფუნქციას მერაბ მამარდაშვილი ინტელიგენციას ანიჭებდა. როგორც ნიკო მელიქაძე ამბობს, ამ ფუნქციას მართლაც ასრულებდა ტრადიციული ინტელიგენცია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს და მეოცის დასაწყისში არსებობდა და საზოგადოებისგან ჰქონდა მინიჭებული მისი სახელით საუბრის უფლება.

”თუმცა დღეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა და არამხოლოდ საქართველოში. შეიცვალა ინტელიგენციის სოციალური სტრუქტურა. ცნობიერებით მანიპულაციის ტექნოლოგია გაიზარდა. ასეთ პირობებში, ცხადია, რთული გახდა რამის გაკეთება, მაგრამ ვიღაცამ ეს უნდა შეძლოს”, - აღნიშნა ნიკო მელიქაძემ.

მიუხედავად სირთულის და ხანგრძლივი პროცესისა, სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ინტელექტუალურ წრედ მოიაზრება, სთავაზობს ერთობლივად ფიქრს იმაზე, თუ როგორ და რა არის დასაძლევი, რათა თავისუფლებამ ქვეყნის განვითარებისთვის იმუშაოს. ფიქრის დაწყების აუცილებლობაზე საუბრისას ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნათელა სახოკიამ, მერაბ მამარდაშვილის მეგობრის, ფილოსოფოს ალექსანდრ პიატიგორსკის ერთი მოსაზრება გაიხსენა:

”პოლიტიკურ რეფლექსიას ინტელექტუალები იწყებენ მაშინ, როცა შეეშინდებათო. დღეს ხიფათის წინაშე დგას ჩვენი საზოგადოება. არ ვიცით, რა მოგველის, სად წავალთ?! ზოგი სოციალურ აფეთქებას ელის, ზოგიც - ტოტალიტარიზმის კიდევ უფრო განმტკიცებას და ა.შ. ფიქრის დაწყება აუცილებელია! ხშირად გვესმის, რომ არა ფიქრის, არამედ მოქმედების დროა. მაგრამ მოქმედება ფიქრის გარეშე არ არსებობს ან საშინელებაა. მართალია, გრძელი გზა იქნება, მაგრამ თუ არ დაიწყე, ვერაფერს გააკეთებ. უნდა დავიწყოთ!”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG