Accessibility links

logo-print
23 იანვარი, კვირა
შევიკრიბეთ ჩვენს პიარმენეჯერთან, ინგა ნიკაგოსიანთან ერთად და ვილაპარაკეთ იმაზე, რომ მზად უნდა ვიყოთ. პრინციპში ყველაფერი მზად არის. უბრალოდ, ვნერვიულობთ, დაძაბული ვართ: რა იცი, რა შეიძლება მოხდეს?.. მით უმეტეს, რომ წინა კვირაში ჩვენს სერვერს, რაც მთავარია ტელევიზიისთვის, ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. ისე რომ გაფუჭებულიყო, როგორც ათი დღის წინ გაფუჭდა, კატასტროფა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დანიელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ და ყველაფერი შეამოწმეს, მაინც ვნერვიულობთ. დაძაბულობის მიზეზიც ძირითადად ეს არის: ტექნიკური პრობლემა არ გაჩნდეს, სარედაქციო თვალსაზრისით ყველა მზად იყოს, ჟურნალისტებმა სიუჟეტები დაამთავრონ და ასე შემდეგ...

24 იანვარი, ორშაბათი
გავიღვიძე ცუდად: გრიპისნაირი რაღაც მაქვს, თავბრუ მეხვევა... გავიფიქრე: რატომ მაინცდამაინც დღეს?! გაირკვა, რომ მარტო მე არ ვიყავი ასე - ჩვენი თანამშრომლების ერთი მესამედი ცუდად იყო. ზოგს 40 გრადუსი სიცხე ჰქონდა! ცუდად იყო იანა ფრემერი - ჩვენი „პროდაკშენის“ უფროსი - და კატია კოტრიკაძე - ჩვენი მთავარი წამყვანი. რა თქმა უნდა, ძალიან ვინერვიულე, რომ მთავარ დღეს პრობლემები გვექნებოდა... მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

შევიკრიბეთ ევროპის სახლში, სადაც ბევრი ხალხი მოვიდა. ვიცოდით, რომ საქართველოსთვის ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ამბავი და ყველა მოვიდა: ტელევიზიიდან, რადიოდან, პრესიდან. ცოტა ქაოსური სიტუაცია იყო, თან ცუდად ვგრძნობდი თავს. ვლაპარაკობდით ხან ინგლისურად, ხან რუსულად, ხან ქართულად... საშინელება იყო! მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

პრესკონფერენციის შემდეგ ლანჩი გვქონდა ინგლისელ ჟურნალისტებთან - ძალიან დაინტერესებული იყვნენ. ყველა გვეკითხებოდა: „რას ნიშნავს ის, რომ თქვენი ეთერის პირველ ორ საათს პრეზიდენტი იყენებს? ეს თქვენთვის პრობლემა არ არის?“

ვუთხარით: „არ გვგონია, რომ ეს პრობლემაა. ბუნებრივია, გვესმის რატომაც გვეკითხებით, შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ პოლიტიკური ჩარევა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალში, როცა ეთერში ვიქნებით, არანაირი ჩარევა არ იქნება.“

პირიქით, ჩვენთვის ეს, შეიძლება, დიდი რეკლამაც იყოს, განსაკუთრებით - საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ძირითადი აუდიტორია არის არა საქართველო, არამედ რუსეთი, სამხრეთი კავკასია - განსაკუთრებით სომხეთი და აზერბაიჯანი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველამ გაიგოს, ვინ ვართ და რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ეს არხი. რეალურად ქართველები იხდიან ფულს ამ არხის არსებობისთვის.

25 იანვარი, სამშაბათი
ჩვენთვის ეს არის D-Day. ადრე ავდექით და ყველანი ტელევიზიაში მივედით. კატია რეპეტიციაზე იყო პრეზიდენტის კითხვა-პასუხებისთვის. ამ გადაცემის მთავარი წამყვანია და მთელი დღე „რუსთავი 2“-ში გაატარა. დანარჩენები აქ ვიყავით. მელანი, პროგრამების დირექტორი, ამზადებდა მასალებს საღამოს გადაცემისთვის. დევიდი, ახალი ამბების დირექტორი, იმასვე აკეთებდა ახალი ამბებისთვის... მე ვცდილობდი, ამ ყველაფრის კოორდინატორი ვყოფილიყავი და მთელი დღე დეტალებზე ვმუშაობდი. ბევრი დრო გავატარე ჩვენს დანიელ ტექნიკოსებთან. უახლესი, თანამედროვე აპარატურა გვაქვს და, მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგი საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა, მუშაობას ჯერ ყველა მიჩვეული არ არის. აუცილებელია, რომ ჩვენი დანიელები (მათ „ვიკინგებს“ ვუწოდებთ) აქ იყვნენ.

საღამო დაიწყო. სიმართლე რომ ვთქვა, პრეზიდენტის ეთერი არ იყო ჩვენთვის მთავარი, და იმაზე ვფიქრობდით, როგორი იქნება ჩვენი გადაცემები, ჩვენი ახალი ამბები... აი, ამაზე ვნერვიულობდით და ბოლო წუთამდე, ნამდვილად უკანასკნელ წუთამდე, ვამზადებდით მასალას: ბოლო სიუჟეტი მზად იყო ეთერამდე დაახლოებით 15 წამით ადრე! მაინც გავიდა ეთერში... და მართლა ვამაყობდი ჩვენი ჟურნალისტების, პროდიუსერების, ტექნიკოსების მაღალი დონით! გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად იმუშავეს, ძალიან კარგად!

26 იანვარი, ოთხშაბათი

ამ ყველაფრის მერე ისეთი გრძნობა მქონდა, ვითომ „პახმელიაზე“ ვიყავი, ვითომ ბევრი შამპანური ან რამე ასეთი დავლიე და თავბრუ მეხვეოდა, თავი მტკიოდა...

უცებ გავიაზრე: „კი ფანტასტიკური იყო ყველაფერი, მაგრამ ახლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. მოვედით ტელევიზიაში და, მგონი, ყველა ამასვე ფიქრობდა: კარგი იყო პირველი დღე, მაგრამ უკვე მეორე დღეა და ის კიდევ უკეთესი უნდა იყოს. უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თავი...

ჩვენი სიუჟეტების ხარისხი, მგონი, არ ჩამორჩა პირველი გადაცემისას - მიუხედავად იმისა, რომ იმავე დღეს ვამზადებდით მასალებს. მეორე დღეს შიგადაშიგ პატარა პრობლემებიც იყო: ზოგი წამყვანი რატომღაც უფრო ნერვიულობდა, ვიდრე წინა დღეს, ზოგი ზედმეტად მოშვებული იყო. ალბათ, პირველი გადაცემისთვის მაინც ფსიქოლოგიურად ყველა მზად იყო. თუმცა, სერიოზული პრობლემები არ შექმნილა.

27 იანვარი, ხუთშაბათი
უკვე კალაპოტში ჩავდექით, საქმე კარგად არის. უკვე მიჩვეულები ვართ. ტექნიკური პრობლემებიც ნელ-ნელა გვარდება და იმაზე ვფიქრობთ, ჩვენი „ვიკინგები“ აქედან როდის გავუშვათ და ყველაფერი ჩვენ თვითონ ვაკეთოთ. სხვათა შორის, ისინიც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ერთი, პოტენციურად სერიოზული პრობლემა რჩება მთავარ სერვერთან დაკავშირებით. უნდა თვითონ შეამოწმონ ყველაფერი, უნდა დარწმუნდნენ, რომ კარგად მუშაობს, ამით კონტრაქტის პირობებს ბოლომდე შეასრულებენ და მერე წავლენ.

უკვე კარგად მიდის ტექნიკური მხარე, პროფესიული მხარეც, პირველი ორი დღის მსგავსად, კარგად მიდის. უკვე მჯერა, რომ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი დავალება საქართველოს მოსახლეობის წინაშე, საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე, და ასე შემდეგ...

ახლა უკვე მომავალზე ვფიქრობთ: როგორ შეგვიძლია, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროგრამები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ჩვენი ახალი ამბები უკეთესი იყოს და, რაც ამ ეტაპზე მთავარია - ამ წელს როგორი ბიუჯეტი გვექნება... რა თქმა უნდა, თუ ფული არ გვექნა, ვერაფერს გავაკეთებთ.

ნინომ დამირეკა, ძალიან ნერვიულობს. სამწუხაროდ, ნინო თბილისში არ არის, რადგან ბიარიცში, საფრანგეთის ყველაზე მნიშვნელოვან სატელევიზიო ფესტივალზე დაპატიჟეს. მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ფესტივალის საქმიანობაში, ერთ-ერთი საბჭოს თავმჯდომარეა და თბილისში ვერ ჩამოვიდა. ამის გამო თვითონ ძალიან წუხდა, დაგვირეკა, ყველას ესემესებს უგზავნიდა. მითხრა, ისე ვიყავი გახარებული კინაღამ ვიტირეო...

28 იანვარი, პარასკევი
მთელი გუნდის შეხვედრა გაიმართა. ვილაპარაკეთ იმ პრობლემებზე და ხარვეზებზე, რომლებიც იყო. პრინციპში, კმაყოფილები ვართ, თუმცა პრობლემები არსებობს და ეს, რა თქმა უნდა, ნორმალურია. თუმცა, ჩვენს არხთან დაკავშირებით ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს და გვინდა, რომ მცირე პრობლემაც კი არ არსებობდეს. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გადასაჭრელად.

კრება კარგად დამთავრდა და მოვიდა ირაკლი ალასანია. დავათვალიერებინეთ ჩვენი ტელევიზია. მგონი, ძალიან მოეწონა. ყველაფერი აინტერესებდა: ბიუჯეტის მხარე, ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი არხი საქართველოსთვის. მე ავუხსენი და ვუთხარი, ჩემი თვალსაზრისით რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ტელევიზია. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს არხი კარგი იდეაა საქართველოსთვის და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ის, რომ საქართველოში ჟურნალისტიკის დონე, ბევრი თვალსაზრისით, არ არის ცუდი; თუმცა, ჩემი აზრით, ცუდია ის, რომ გაყოფილია: ან ხარ ამ მთავრობის მომხრე, ან წინააღმდეგი და ეს ჟურნალისტიკას ძალიან აზარალებს. მე მინდა, რომ საქართველოში არსებობდეს ისეთი ჟურნალისტიკა, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთში ან ინგლისშია, სადაც ჟურნალისტი ცდილობს, იმუშაოს საზოგადოებისთვის.

თუ მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, სახლში ვზივარ და დღის ბოლოს მინდა გავიგო, რა ხდება მსოფლიოში, ჩემს ქვეყანაში, და თუ ამ დროს ტელევიზია ან რადიო მოვლენების პოლიტიზებულ ვერსიებს მიამბობს, მე ეს ძალიან მალე მომბეზრდება. სამწუხაროდ, ასეთი სიტუაციაა დღეს საქართველოში. მე მინდა, პირიქით იყოს: რომ ჩვენ ნამდვილად მოვემსახუროთ საზოგადოებას, ვაჩვენოთ ჟურნალისტებს და ხალხს, რომ აქ, როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება არსებობდეს დაბალანსებული, ობიექტური ტელევიზია. თუ ჩვენ ამას შევძლებთ, ეს იქნება არა მარტო ჩვენი დიდი გამარჯვება, არამედ საქართველოს გამარჯვებაც.

29 იანვარი, შაბათი
უკვე უიკენდია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ტელევიზია მუშაობას განაგრძობს. შაბათ-კვირას ახალი გუნდი გვყავს. მათ გამო ცოტას ვნერვიულობთ, რადგან დღეს პირველი დღეა წყვილისთვის, რომელსაც ახალი ამბები მიჰყავს. ისინიც ისე ღელავენ, როგორც სხვა ჟურნალისტები ღელავდნენ 25 იანვარს... თუმცა, ორი თვის განმავლობაში ტრენინგები ჰქონდათ და კარგად არიან მომზადებული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG