Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


აშშ-ში გამომავალი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ კვირის დასაწყისში აშშ-ს აკრიტიკებდა ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქისთვის მხარდაჭერის გამო. „დიქტატორები, რომლებსაც არაბულ სამყაროში მხარს ვუჭერთ ან ვეგუებით, ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ამუხრუჭებდნენ ეკონომიკურ განვითარებას, ზღუდავდნენ სიტყვის თავისუფლებას და ახშობდნენ სამოქალაქო საზოგადოების ყოველგვარ ფორმას. შედეგი ისაა, რომ ეგვიპტეს, ისევე როგორც სხვა არაბულ ქვეყნებს, ჰყავთ შეძლებული, კარგად შეიარაღებული ელიტა ზემოთ და კარგად ორგანიზებული ისლამისტური მოძრაობა ქვემოთ. მათ შორის არის არაორგანიზებული დიდი მასა ადამიანებისა, რომლებიც პოლიტიკურად არასოდეს იყვნენ აქტიური. მათი ეკონომიკური აქტიურობა კი იზღუდებოდა კორუფციითა და ნეპოტიზმით. დიდი არჩევანი არ არის, მაგრამ რაც გვაქვს, ახლავე უნდა გამოვიყენოთ: უნდა ვილაპარაკოთ ეგვიპტის მოსახლეობასთან და არა მის მმართველებთან. ეგვიტელებს უნდა მივულოცოთ, რომ ასე თამამად გავიდნენ ქუჩაში. უნდა მივესალმოთ სტაბილურობას. და უნდა გვიხაროდეს, რადგან ცვლილება რეპრესიულ საზოგადოებაში კარგი რამ არის“, წერდა „ვაშინგტონ პოსტი“. სხვა აზრზეა ჩინეთის გაზეთი „ჟემინ ჟიბაო“. მასში იმავე დღეს გამოქვეყნებული სტატიის ავტორი თვლის, რომ დასავლეთში სიამოვნებით ეძებენ არეულობის მიზეზს დემოკრატიისა და თავისუფლების ნაკლებობაში. მართალია, განაგრძობს ის, “ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, მაგრამ მხოლოდ თავისუფალი არჩევნებით ქაოსს ვერ დავამარცხებთ. მთავარი მიზეზი სახელმწიფოს ქმედობაუნარიანობაა. ეგვიპტის მთავრობამ, მუბარაქის ხელმძღვანელობით, ვერ მოახერხა გამკლავებოდა უმუშევრობას, განათლების ცუდ პირობებს და სოციალურ დაუცველობას. ეს არის პრობლემები, რომლებსაც ქვეყანამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს, რათა კრიზისიდან გამოვიდეს.“

არგენტინის გაზეთი „კლარინი“ კი კიდევ სხვა კუთხიდან განიხილავდა ეგვიპტის ამბებს: „ეგვიპტე ათწლეულების განმავლობაში იყო ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობის გარანტი. მუბარაქის დამხობა არაბული სამყაროს ყველა პოლიტიკურ სისტემას თავდაყირა დააყენებდა და ეს არის, რისიც ვაშინგტონს ყველაზე მეტად ეშინია. ისლამისტები ჯერ უკანა პლანზე მოქმედებენ, მაგრამ თუკი ვითარება ქაოსში გადაიზარდა, ყველაზე მეტად ისინი იხეირებენ.“ უკვე კვირის ბოლოსკენ, როცა ეგვიპტეში ვითარება ქაოტური გახდა და დაპირისპირება მუბარაქის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის ძალადობაში გადაიზარდა, საკუთრივ ეგვიპტეში გამომავალი გაზეთი „ეჯიპშიან გაზეტ“ წერდა: „ტაჰირის მოედანზე გამოსული დემონსტრანტები უარზე არიან, დაასრულონ აჯანყება და ახალ ვიცე-პრეზიდენტს, სულეიმანს მოელაპარაკონ. მათი მოთხოვნები სულ უფრო გაიზარდა, რადგან პრეზიდენტმა მუბარაქმა თავიდანვე ვერ შეძლო მათ პროტესტს გამოხმაურებოდა. ახლა მათ ან ყველაფერი სურთ, ან არაფერი. ამასობაში კი ყოველდღიური ცხოვრება ეგვიპტეში გაჩერდა. ამის გათვალისწინებით, ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, დაიწყოს მოლაპარაკება. პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ტაქტიკა და ამ ახალგაზრდებმა, როლებმაც დაიწყეს საპროტესტო გამოსვლები, უნდა ისწავლონ, როდის შეუტიონ და როდის დაიხიონ უკან.“

გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“ პარასკევს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას შესახებ წერდა, ეგვიპტის კრიზისის კონტექსტში: „ეს პირველი საგარეო პოლიტიკური კრიზისია, როცა აშშ-ს შეუძლია თავისი გავლენა აამოქმედოს. თუკი ეგვიპტე დემოკრატიაზე გადასვლას მოახერხებს, ეს აშშ-ში შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე იქნება საკმარისი. თუკი ეგვიპტეში დემოკრატიის კარიკატურა დარჩა, ეს ობამას მარცხი იქნება. ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაქი აშშ-ის ახლო მოკავშირე იყო, ისრაელთან ცივი მშვიდობა ჰქონდა და შინ მკაცრი ხელით მმართველობდა. ობამამ მისი კორუფციული და მომაკვდავი რეჟიმის შესახებ პოზიცია უნდა დაიკავოს. ამას ქაოსი არ მოჰყვება. ეგვიპტის არმია პროფესიულად მოქმედებს და შეეძლო მოწესრიგებული გარდამავლი პერიოდის გარანტად გამოსულიყო. მაგრამ მუბარაქის მიერ მოწყობილი თავისუფალი არჩევნები წარმოუდგენელია. პრეზიდენტს შეუძლია შარმ ელ შეიხში წავიდეს და იქ მოისვენოს. მან დაიმსახურა უფლება, ეგვიპტის მიწაზე მოკვდეს.“

ეგვიტეში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებს შეფასებას აძლევს სლოვაკეთის გაზეთი „სმე“, სადაც წაიკითხავთ: „ტუნისსა და ეგვიპტეში დემონსტრაციების შესახებ ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების გამოღვიძებასთან გვაქვს საქმე. ამის მსგავსი რამ არაბულ ქვეყნებში არ არსებობს და თუკი არის, ის შემოიფარგლება ქალაქებში მცხოვრები ინტელექტუალური წრეებით. დემონსტრანტთა უმეტესობას ტუნისში, ეგვიპტესა თუ იემენში არ სურს საბაზრო ეკონომიკა, ურომლისოდაც პოლიტიკური თავისუფლება არ გაგონილა. ამის ნაცვლად მათ სურთ სახელმწიფო, რომელიც მათზე იზრუნებს,“ ამტკიცებს ბრატისლავის გაზეთი „სმე“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG