Accessibility links

logo-print
პროექტი, რომელიც ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მხარდაჭერით გასული წლის მიწურულს განახორციელა ჟურნალისტმა თეონა ჯაფარიძემ და რომლის მასალები თითქმის სრული სახით განთავსდა ჟურნალ ”ტაბულას” ვებგვერდზე, ერთი შეხედვით, ჩვენს უახლოეს წარსულს ასახავს - პროექტი, სახელწოდებით ”ენერგოკრიზისის არტი”, 90-იანი წლების ქართულ სინამდვილეს აღადგენს. მაგრამ, ამავე დროს, ეს პროექტი მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული კულტურის (და არამარტო კულტურის) გააზრებისთვის. რა შეიცვალა მას შემდეგ? წავიდა თუ არა წინ თანამედროვე ქართული ხელოვნება? რატომ დააკლდა დღევანდელ ჩვენს კულტურას პროვოკაციის მუხტი? იქნებ ეკონომიკური სიდუხჭირე სტიმული ხდება კარგი ხელოვნებისთვის? - ეს კითხვები აუცილებლად დაგებადებათ, როცა ნახავთ თეონა ჯაფარიძის მიერ შეგროვებულ მასალას - 90-იან წლებში ქუჩაში, მუზეუმში, მხატვრების სახელოსნოებში მოწყობილ პერფორმანსებს. ეს კადრები სამოყვარულო კამერითაა გადაღებული. იმ წლებში სამოყვარულო ვიდეოკამერა ახლად შემოსული იყო ჩვენში, ძვირი ღირდა და ყველა ვერ ახერხებდა გადაღებას, ტელევიზია კი ასეთ პერფორმანსებს იშვიათად იღებდა. იმავე მამუკა და ნიკო ცეცხლაძეების, ოლეგ ტიმჩენგოს, ქუთაისელი როკერების გამოსვლების ჩვენება ჯერ კიდევ სახიფათოდ ითვლებოდა, რადგან ეს ხალხი, 90-იანი წლების კულტურული იდეოლოგების აზრით, რაღაც დესტრუქციულს, ”ქართული მენტალიტეტისთვის” უცხოს ქადაგებდნენ. მაგალითად, პროექტში ჩართულია ვიდეოკადრები, გადაღებული ტატო კოტეტიშვილის ფილმზე - ”ნოსტალგიაზე” - მუშაობის დროს, ქართველი რეჟისორის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე. ტატო კოტეტიშვილი, ავტორი 80-იანელების კინომანიფესტისა ”ანემია”, გვიამბობს ”გარდასულ” და ”დაკარგულ” ნატურაზე თითქმის სრულიად დანგრეულ, ომის დროს გაპარტახებულ უბანში. ეს ის ტატო კოტეტიშვილია, რომელიც თავისი ხმამაღალი, პროვოკაციული განცხადებებით მუდმივად აფრთხობდა ქართველ ობივატელს - და რა არის თანამედროვე ხელოვნება თუ არა შემგუებლობისა და ფარისევლობის მხილება?

მაგრამ პროექტის იდეა ასე რომ ჩამოვაყალიბოთ - ეკონომიკური გაჭირვება სტიმულია ხელოვანისთვის, მეტისმეტად ბანალურები ვიქნებით. თეონა ჯაფარიძის პროექტს ჰქვია არა ”90-იანი წლების არტი”, არა ”ქართული ნეორეალიზმი”, არა ”ეკონომიკური კრიზისი და კულტურა”, არამედ სწორედ ასე: ”ენერგოკრიზისის არტი”.. თუმცა, ეპატაჟურობის მხრივ, 90-იანი წლების თბილისური არტქრონიკა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. აბა, მეტი რაღა დარჩენოდათ სამოქალაქო ომებისა და ენერგოკრიზისის წყვდიადში ჩარჩენილ მხატვრებს - უნდა გამოსულიყვნენ ქუჩებში, აეთვისებინათ საზოგადოებრივი სივრცეები, დაენგრიათ დადგენილი სტანდარტები, გადაელახათ საზღვრები და ფართოდ გაეღოთ კარი დასავლეთისთვის. ყოველივე ეს პოსტსაბჭოთა პერიოდში მათი მისია იყო, - აღნიშნავს ავტორი. სხვათა შორის, მხოლოდ ქუჩაში არა - უნივერსიტეტშიც იკრიბებოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. 90-იანი წლების კიდევ ერთ - შეიძლება ითქვას -”არქივარიუსს”, მწერალ დათო ბარბაქაძეს, ასევე სამოყვარულო ვიდეოკამერით აქვს გადაღებული ეს კადრები - მაგალითად, პოეტ შოთა იათაშვილის გამოსვლა.

90-იანი წლების არტქრონიკაში, ძირითადად, მხატვართა ერთი ჯგუფი ფიგურირებს, მათი აქტივობიდან გამომდინარე. მათ ხელოვნების ისტორიკოსები ხან “მე-10 სართულის”, ხანაც “მარჯანიშვილის” სახელწოდებით მოიხსენიებენ. ეს მთლიანად პროექტის საზღვრებს ცოტა არ იყოს ზღუდავს. არ არის გამორიცხული, რომ სხვებიც იყვნენ - მაგალითად, ქართულ პროვინციებში. რა ხდებოდა ქართულ რეგიონებში იმ დროს, როცა მთელი თაობა სიბნელეში იზრდებოდა? რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში მწერალმა ნაირა გელაშვილმა ერთხელ გვითხრა, ნუკრიანში ცხოვრობდა 10 წლის ბავშვი, რომელსაც კინო არასდროს ენახა, რადგან ამ სოფელში სინათლე პრაქტიკულად არ ჰქონდათო. რას აკეთებდა ეს ხალხი, როგორ ერთობოდა, რაზე ოცნებობდა? სხვათა შორის, სწორედ ამ მხრივაცაა მნიშვნელოვანი პროექტში ჩართული რობი კუხიანიძის ”არტქრონიკა”. ქუთაისს 90-იან წლებში პანკ-როკ მუსიკის ძლიერმა ტალღამ გადაუარა. ამ მოძრაობის ლიდერი რობი კუხიანიძე იყო. იგი და მისი ჯგუფი,
„აუტსაიდერი“, დღემდე ალტერნატიული როკის ავანგარდში რჩებიან. პროექტში ჩართული ვიდეო 1997 წლის 27 სექტემბერსაა გადაღებული და იმ პერიოდისთვის ცნობილი რადიოს — FM 106,4 (პირველი რადიო) - ეთერში რობი კუხიანიძისა და ქუთაისური ჯგუფის მედპერსონალის ცოცხალ კონცერტს ასახავს.

დიახ, ენერგოკრიზისი ზოგიერთი ხელოვანისთვის ერთგვარ ”მადლადაც” კი იქცა - სიბნელეში უფრო აქტიურდებიან მუზებიო, ხშირად გაიგონებდით იმხანად ქართველი მხატვრებისგან, პოეტებისგან და, განსაკუთრებით, მუსიკოსებისგან. ფსიქოლოგიური სტრესები, რომელიც ენერგოკრიზისმა დაბადა, მართლაც საშიში იყი ადამიანთა ჯანმრთელობისთვის - ხელოვანთა (და არამარტო ხელოვანთა) ნაწილი მიიჩნევდა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო კრიზისის მიმართ ადამიანის დამოკიდებულება - შეძლებდა თუ არა იგი შეგუებას და, რაც მთავარია, რამდენად ეყოფოდა იუმორი იმისათვის, რომ სტრესს მთლიანად არ დაენგრია იგი, როგორც პიროვნება. საგულისხმოა, რომ ენერგოკრიზისმა ანსამბლიც კი შექმნა საქართველოში, სახელწოდებით ”შუქი მოვიდა”, ფრანგულ-ქართული ჯგუფი, რომელიც ასევე შეიძლება 90-იანი წლების ქართული ხელოვნების სიმბოლოდ წარმოვიდგინოთ.

90-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ კულტურას თავისი სიმბოლო-ადამიანებიც ჰყავს. „ენერგოკრიზისის არტში“ ამ ადამიანების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. თუმცა არსებობს სხვა ჩანაწერები - იმავე დავით ბარბაქაძის მიერ გადაღებული ვიდეო, მწერლის, მხატვრის, ხელოვნებათმცოდნის, კარლო კაჭარავას გამოსვლებით -სწორედ კარლოს შემოქმედება ამტკიცებს იმას, რომ ”კრიზისი” არა მარტო გაყინულობას, სიცარიელეს, არამედ გამოსავალსაც ნიშნავს. სწორედ კრიზისის დროს იწყებს ადამიანი ფიქრს და ე.ი. შემოქმედებასაც.

მაგრამ ქართული ალტერნატიული ხელოვნების აღორძინება არა 90-იან წლებში, არამედ უფრო ადრე, 80-იანებში, ე.ი. მაშინ დაიწყო, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ უძრაობის ხანაში იმყოფებოდა. ორშაბათს თბილისში, მარჯანიშვილის თეატრში, სწორედ მათ, ქართველ 80-იანელებს გაიხსენებენ. ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” ინიციატივით გამართული ამ ღონისძიების შესახებ ჩვენს შემდგომ კულტურულ მიმოხილვაში გიამბობთ.
XS
SM
MD
LG