Accessibility links

logo-print
7 თებერვლიდან თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა მოუწევს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, თუკი თბილისის მოსახლეობა წყლის ან დასუფთავების მომსახურების მიმდინარე თვის დავალიანებას არ გადაიხდის, მას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. რაც შეეხება დაგროვილ დავალიანებებს, კომპანია „თბილისის წყალში“ განმარტავენ, რომ ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შემოღების მიუხედავად, შესაძლებელი იქნება წყლის არსებული დავალიანების 36 თვეზე გადანაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება. კომუნალური გადასახადების ერთიან ადმინისტრირებას ქრისტიან-დემოკრატები აპროტესტებენ, თავად მოსახლეობა კი აღნიშნულ ცვლილებას მძიმე ტვირთად მიიჩნევს.

თუკი არ გადაიხდით მიმდინარე თვის წყლისა და დასუფთავების გადასახადს და მხოლოდ ელექტროენერგიის დავალიანებას გადაიხდით, ამ შემთხვევაში თქვენ განგესაზღვრებათ ხუთდღიანი ვადა იმისათვის, რომ დაფაროთ დავალიანება ...
7 თებერვლიდან თქვენს კარში შემოცურებული კომუნალური გადასახადის ქვითარი ერთი სიახლით იქნება მნიშვნელოვანი: თბილისის მოსახლეობას კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდა მოუწევს. ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შეიქმნა სამრგოლიანი ჯაჭვი და თუკი, მაგალითად, თქვენ წყლის ან დასუფთავების მომსახურების დავალიანება გაქვთ, ელექტროენერგიის მიწოდება შეგიწყდებათ, ანუ თქვენ მიერ სამრგოლიანი ჯაჭვის თუნდაც ერთი რგოლის ჩაშლა, ანუ წყლის ან დასუფთავების დავალიანების გადაუხდელობა გამოიწვევს იმას, რომ თქვენი 100 ვატიანი თუ 60 ვატიანი (ამას მნიშვნელობა არა აქვს) ნათურა ვეღარ აინთება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 2010 წლის ოქტომბერში ”ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონში“ ცვლილებების ნიადაგზე მიიღო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის დადგენილებით კი, მოსახლეობიდან კომუნალური დავალიანებების ამოღებას ელექტროგამანაწილებელი კომპანიები "თელასი" და "ენერგო პრო ჯორჯია" განახორციელებენ.

სიახლის მიზეზად საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი გადასახადების გადახდის ჰარმონიზაციის აუცილებლობას ასახელებს და ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში აკონკრეტებს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია წყლისა და დასუფთავების მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარე თვის დავალიანებებზე. გურამ ჩალაგაშვილი იმ სქემას განმარტავს, რომლის მიხედვითაც თბილისის მოსახლეობას თებერვლიდან გადასახადების გადახდა მოუწევს:

”თუკი არ გადაიხდით მიმდინარე თვის წყლისა და დასუფთავების გადასახადს და მხოლოდ ელექტროენერგიის დავალიანებას გადაიხდით, ამ შემთხვევაში თქვენ განგესაზღვრებათ ხუთდღიანი ვადა იმისათვის, რომ დაფაროთ დავალიანება და ამ ხუთდღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, რა თქმა უნდა, ”თელასს” უკვე ექნება ვალდებულება, რომ შეგიწყვიტოთ ელექტროენერგიის მიწოდება”, - აღნიშნავს გურამ ჩალაგაშვილი.

მისივე თქმით, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსახლეობას წლების განმავლობაში ჰქონდა დაგროვილი წყლის დავალიანება და, შესაბამისად, კომპანია ”თბილისის წყალს” მისცა რეკომენდაცია, დავალიანების დაფარვა 36 თვეზე გადანაწილდეს. მსგავს განცხადებას ავრცელებს თავად კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი". ერთიანი ადმინისტრირების სისტემის შემოღების მიუხედავად, კომპანიის მტკიცებით, შესაძლებელი იქნება წყლის არსებული დავალიანების 36 თვეზე გადანაწილება, რაც მიმდინარე გადასახადთან ერთად დაიფარება;

მე ვთვლი, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ წყლის კომპანიამ ფუნქციონირება შეძლოს და ჩვენ თბილისში ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს გამართული წყალმომარაგება ...
კომუნალური გადასახადების ერთიანი სისტემით ადმინისტრირებას აპროტესტებენ ქრისტიან-დემოკრატები. მათ გასული წლის 13 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს: ”სოციალურად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მხოლოდ მძიმე ტვირთად დააწვება თბილისის მოსახლეობას”, ამბობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” წევრი ინგა გრიგოლია:

”ჩვენი პირველი მოთხოვნაა სასწრაფოდ დაიწყოს სასამართლომ ჩვენი სარჩელის განხილვა და, მეორე, ხელისუფლებამ მიიღოს გადაწყვეტილება და ამ ერთიანი ქვითრიდან ამოიღოს წყლის გადასახადი, რადგან ქვეყანაში უმძიმესი სიტუაციაა, მოსახლეობის 80 პროცენტი უმუშევრად არის დარჩენილი. ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული, რომ მოსახლეობას ერთნაირი ქვითრით გადაახდევინო ყველა გადასახადი”, -
აღნიშნავს ინგა გრიგოლია.

როგორც ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, ისინი უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო სარჩელთან ერთად მოქალაქეთა ათასობით საჩივრით მიმართავენ ენერგოომბუდსმენსაც.

ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ ქალაქში წყალმომარაგების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია გადასახადის ამოღების მეთოდის გაუმჯობესება. მისი თქმით, ონკანიდან წამოსული წყლის მიღმა უამრავი სამუშაო მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის მხრიდან გადასახადის გადახდის აუცილებლობას საჭიროებს:

”მე ვთვლი, რომ ეს არის იძულებითი ნაბიჯი იმისათვის, რომ წყლის კომპანიამ ფუნქციონირება შეძლოს და ჩვენ თბილისში ერთხელ და სამუდამოდ გვქონდეს გამართული წყალმომარაგება. თუ მეორე მხრიდან შევხედავთ ამ პრობლემას, წყლის გადასახადი უნდა გადავიხადოთ. ვიხდით შუქს, ვიხდით გაზს, წყალი რატომ არ უნდა გადავიხადოთ?”, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.

თავად თბილისის მოსახლეობას კი კომუნალური გადასახადების ერთიანი ადმინისტრირებით გადახდის თაობაზე დაახლოებით ერთნაირი პასუხი აქვს:

- სულ სხვა არის დენი და სულ სხვა არის წყალი, დენს ძლივს ვიხდით... არ ვარ ამის მომხრე.

- ჯერ შუქს ვიხდიდით ხოლმე, მერე წყალს, ძლივს რაღაცას ვაგროვებდით და ახლა გაერთიანებული ქვითრით როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცი.

- რა შუაშია დენის გადასახადი წყლისა და დასუფთავების გადასახადებთან? იქნებ ამ გაჭირვებულ სიტუაციაში ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ ყველაფერი ერთად გადაიხადოს. ძლივს აგროვებს ადამიანი იმის ფულს, რომ ელექტროენერგიის დავალიანება გადაიხადოს, რომ მერე საჭმელი გააკეთოს ან გათბეს და ამ დროს საერთოდ უთიშავენ ყველაფერს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG