Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის დარბევის შესახებ


28 იანვარს ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევას სახალხო დამცველი განცხადებით გამოეხმაურა. ეკლესია, სადაც საკვირაო სკოლაცაა განთავსებული, ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ დაარბიეს. ადგილზე მისულ მრევლს შენობის კორიდორში ფეკალური მასები დახვდა. საეკლესიო ნივთები, ჯვარი, ასევე მოსწავლეების ნახატები და სხვადასხვა ტიპის ინვენტარი გადმოყრილი და დაზიანებული იყო. სახალხო დამცველი მოზარდებს, მათ ოჯახებს, სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგებს მოუწოდებს გააცნობიერონ, რამდენად დიდია შეუწყნარებლობის პროპაგანდის საფრთხე და რამდენად მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მოზარდებში განსხვავებულობისადმი ნეგატიური სტერეოტიპების აღმოფხვრას და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას.

სახალხო დამცველს თავის განცხადებაში სამოქალაქო განათლებაზე აქცენტი ტყუილად არ დაუსვამს. სკოლის პედაგოგებისა და მშობლებისადმი მიმართვასაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდა: ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის შენობის დარბევაში სწორედ სკოლის ასაკის მოზარდები მონაწილეობდნენ. ადგილზე მისული ევანგელისტურ–ბაპტისტური ეკლესიის ხელმძღვანელი, მარიკა ცხადაძე, 28 იანვრის სურათს ასე აღწერს:

”წიგნები, რვეულები, სათამაშოები - ყველაფერი გადმოყრილი დაგვხვდა. იქ საკვირაო სკოლის სამზარეულოც გვაქვს და იქაც ყველაფერი - არეული, შაქარი - დაბნეული, ფანჯარა - შენგრეული. ფეკალურ მასებზე აღარ ვლაპარაკობ, უხერხულია უკვე მაგაზე საუბარიც. არ ვიცი რამ გამოიწვია ასეთი აგრესია, თან ბავშვების... 12-13 წლის ბავშვები იყვნენ შესულები. თან ისინი საკმაოდ შორს ცხოვრობენ ჩვენი ეკლესიიდან. ვის მიერ იყვნენ წაქეზებულები, არ ვიცით. როდესაც მშობლებმა ჩვენთან მოიყვანეს ბოდიშის მოსახდელად, ვკითხეთ ასეთი საქციელის მიზეზი, მაგრამ არაფერს ამბობენ. ჩვენც ძალიან გვიკვირს, რატომ მოხდა ეს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში არავინ აგრესიას არ ამჟღავნებდა და არავინ გვერჩოდა.”

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში
სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში არასრულწლოვანების მიერ განმეორებით ჩადენილ დანაშაულს შემაშფოთებელ ფაქტად მიიჩნევს იმიტომაც, რომ ბოლო დროს რელიგიურ უმცირესობებზე თავდასხმის ფაქტებმა საგრძნობლად იკლო:

”არ შეიძლება, რომ 12 ან 14 წლის ასაკის ბავშვს თავისთავად გაუჩნდეს სურვილი რომელიმე შენობა დაარბიოს და გაანადგუროს იქ არსებული ნივთები. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მე მივმართე სკოლის პედაგოგებს, მშობლებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ამას, რადგან სწორედ მათ ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, როდესაც ბავშვი სჩადის ასეთ დანაშაულს.”

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალსოფლის ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია 2010 წლის დეკემბერშიც დაარბიეს და მაშინ საკვირაო სკოლიდან სათამაშოები და სხვა ნივთები წაიღეს. 2002-ში კი ეკლესია დღემდე დაუდგენელმა პირებმა გადაწვეს. საქმე გამოძიებული არ არის. ზოგადად ძალადობის ფაქტები კი, გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, გაცილებით მეტი იყო 2008-2009 წლებში. 2010 წლის სტატისტიკა ამ მხრივ საგრძნობლად შემცირებულია.

როცა რელიგიური დანაშაულის კლების ტენდენციაზე ვლაპარაკობთ, იქვე ჩნდება კითხვა: რა არის ამის მიზეზი - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება თუ გამკაცრებული მართლმსაჯულება?

”შესაძლოა გაჩნდა შიში, რომ ასეთი ქმედებისთვის ადამიანი დაისჯება, რადგან იყო რამდენიმე მსგავსი პრეცედენტი, და ამის გამო არ ამჟღავნებს ამ ძალადობას, თუმცა არ მგონია, რომ სიძულვილმა და შეუწყნარებლობის განწყობამ იკლო საზოგადოებაში. უბრალოდ, მგონია, რომ ზრდასრულებს ეშინიათ პასუხისმგებლობის და მოზარდებს აქეზებენ, რადგან იციან, რომ ბავშვებს არავინ დასჯის”, - გვეუბნება ექსპერტი რელიგიის საკითხებში ბექა მინდიაშვილი.

ის ვითარებას ასე აფასებს: იმის გამო, რომ უმრავლესობის რელიგიის ენით არის მოცული მთელი საჯარო სივრცე, მედია, ამ ენაზე ლაპარაკობენ პოლიტიკოსები და ა.შ., რელიგიური უმცირესობების არსებობა ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ იგრძნობა. შესაბამისად, არ არის მათზე ინფორმაცია, ხოლო სადაც ინფორმაცია ნაკლებია, იქ შეუწყნარებლობის გასაღვივებლად საუკეთესო კერა ჩნდება:

”ძალიან ხშირია, როდესაც ესა თუ ის პედაგოგი თავის მოვალეობად მიიჩნევს სარწმუნოების ქადაგებას სკოლაში - მართლმადიდებლობას ვგულისმობ, რაც ხშირად, პირობითად რომ ვთქვათ, ანტისექტანტურ პროპაგანდაში გადადის. ამიტომ სკოლა, ისევე როგორც ოჯახი, არის ის ადგილი, სადაც შემწყნარებლური ღირებულებების შესახებ გამუდმებით უნდა იყოს ლაპარაკი.”

რადიო თავისუფლებამ კითხვით მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც. გვაინტერესებდა, ბოლო პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაციის ამსახველი რამდენი საჩივარია შესული. კომენტარი კომიტეტის წევრს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ვთხოვეთ. მან გვითხრა, რომ მსგავსი საჩივრები მასთან არ შესულა. ევანგელისტურ-ბაპტისტურ ეკლესიაში მომხდარის შესახებ კი მან ასე გვიპასუხა:
”სიმართლე გითხრათ, ძალიან მაღიზიანებს ეგ საკითხი, იქიდან გამომდინარე, რომ მე სახალხო დამცველს, ახლანდელსაც და წინასაც, არაერთხელ გავუგზავნე 25 ფაქტი მართლმადიდებელთა უფლებების ხელყოფისა და დღემდე არც ერთ ფაქტზე არ ყოფილა რაიმე სახის ოფიციალური რეაგირება და ძალიან კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველი გააკეთებს განცხადებებს სწორედ ასეთ ფაქტებზე, რომლებიც არც ერთ მის ანგარიშში არ ხვდება, და ევანგელისტებზე და სხვებზე ამის შემდეგ ვიმსჯელოთ.”

გიორგი ტუღუში ადასტურებს, რომ ის იცნობს ამ განცხადებებს და მხოლოდ ერთ მათგანზე - ერთ-ერთი მართლმადიდებლური ეკლესიის ძარცვის ფაქტზე - შეუძლია პროკურატურიდან ინფორმაციის გამოთხოვა და რეაგირება. დანარჩენი ფაქტები, ტუღუშის თქმით, სახალხო დამცველის რეაგირებას არ საჭიროებს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG