Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში სკოლები იხურება და კარანტინი ცხადდება


ბავშვთა საავადმყოფო ცხინვალში
ბავშვთა საავადმყოფო ცხინვალში
ცხინვალში გრიპის ეპიდემიაა. ოსური მედიის ცნობით, სკოლები იხურება და კარანტინი ცხადდება. დაავადებულთა უმეტესობა ბავშვია. ნაწილი სახლში მკურნალობს, ნაწილი კი საავადმყოფოებს აკითხავს.

დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის ობიექტები ბოლო ხანებში გადატვირთულია. როგორც ადგილობრივი ექიმები აცხადებენ, მათ ყველაზე ხშირად 14 წლამდე ასაკის მოზარდები აკითხავენ. სკოლებში გაკვეთილების ჩატარებას საერთოდ აზრი არა აქვს, რადგან მოსწავლეები ავადმყოფობის გამო გაკვეთილებს აცდენენ.

ცხინვალის მე–6 სკოლაში ავადმყოფობის გამო გაკვეთილებს 180 ბავშვი აცდენს. მასწავლებლები იძულებულნი არიან ჯანმრთელებიც სახლში გაუშვან.

თავის და ყელის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა - ამ სიმპტომებით ცხინვალის ჯანდაცვის ობიექტებს ასობით მოქალაქე აკითხავს. ადგილობრივი ექიმები არაფერს ამბობენ H1N1-ის გავრცელების შესახებ. ისინი ყველა შემთხვევას მწვავე რესპირატორულ დაავადებას უწოდებენ.

ცხინვალის ბავშვთა პოლიკლინიკის ექიმი აზა გაზაევა ამბობს, რომ გრიპის შემთხვევების მატება იანვრის ბოლოდან დაიწყო. მძიმე მდგომარეობის გამო დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად საქმეში სანეპიდ სადგურის თანამშრომლებიც არიან ჩართულნი.

დე ფაქტო რესპუბლიკაში H1N1-ის დამდგენი ლაბორატორია არ არსებობს, ამიტომ ყველა საეჭვო შემთხვევის ანალიზს ცხინვალელი ექიმები ვლადიკავკაზის ლაბორატორიაში გზავნიან, რასაც არცთუ ცოტა დრო სჭირდება. ბოლო ხანებში ცხინვალში ახალშობილიც გარდაიცვალა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის ბოლო შეხვედრისას ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის გადაადგილების გამარტივებული რეჟიმის შემოღება და ავადმყოფებისთვის საქართველოს ჯანდაცვის ობიექტებში დაუბრკოლებელი გადაყვანა შესთავაზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ეს ინიციატივა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილეს მერაბ ჩიგოევს პირადად გააცნო, მაგრამ მისგან საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია.

ჯერჯერობით გაურკვეველია მისცემს თუ არა კოკოითის ხელისუფლება ცხინვალის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს თბილისში გადაადგილების უფლებას. მანამდე კი ადგილობრივი ექიმები მოქალაქეებს ურჩევენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დიდხანს არ გაჩერდნენ, ატარონ პირბადეები, ისეირნონ სუფთა ჰაერზე და ვიტამინებით იმუნიტეტის ამაღლებას შეუწყონ ხელი.
XS
SM
MD
LG