Accessibility links

logo-print

საპროტესტო აქციები ეგვიპტეში ქალების გააქტიურებას მოასწავებს


კაიროში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილენი

კაიროში გამართული ერთ-ერთი საპროტესტო აქციის მონაწილენი

ეგვიპტეში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალები, რასაც ბევრი იმის ნიშნად აღიქვამს, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში ქალები თავიანთ ისტორიულ, აქტიურ ფუნქციას იბრუნებენ.

როცა ახალგაზრდა ეგვიპტელმა ქალმა, სამერ ოსმანმა, სოციალური ქსლით - ფეისბუქით - კაიროს ცენტრში საპროტესტო აქციაზე პირველი მიწვევა მიიღო, ეს ხუმრობად მიიჩნია. მსგავსი შეტყობინებები ფეისბუქზე მანამდეც იყო, თუმცა მათ არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მაგრამ 25 იანვარს - იმ დღეს, როცა დედაქალაქში, ტაჰრირის მოედანზე, საპროტესტო აქცია იყო დანიშნული - ოსმანმა გადაწყვიტა ენახა რა ხდებოდა; იფიქრა, რომ არ შეიძლებოდა უარი ეთქვა მთავრობის მიმართ დაგროვილი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობაზე: „მომბეზრდა ეს დიქტატურა. მომბეზრდა იმის ყურება, როგორ იმსხვრევა ახალგაზრდების იმედები და ოცნებები“, - გვითხრა მან.

ტაჰრირის მოედანზე ოსმანის ყოფნა თავისთავადაა განაცხადი - ისეთივე ძლიერი, როგორიც ნებისმიერი ლოზუნგი ან პლაკატია. საპროტესტო აქციებში მონაწილეობით ეგვიპტის ქალები აშკარად არ ემორჩილებიან კონსერვატიულ გარემოს, რომელიც საზოგადოებრივ სფეროში მათ მონაწილეობას მკაფიო ზღვრებს უწესებს.

საზოგადოებრივი თუ კულტურული აკრძალვების დასუსტებას ოსმანი მკაფიოდ გრძნობს: „ეს უკვე ოჯახურ გარემოში იგრძნობოდა, როცა დედებმა ქუჩებში გასვლის ნება დაგვრთეს. არადა, ეგვიპტეში ისინი, ვინც საპროტესტო აქციებზე მიდიოდნენ, ბოლოს ციხეებსა და საპატიმროებში მიჰყავდათ. შესაბამისად, არც ერთი კარგი დედა არ დაუშვებდა, რომ თავის ქალიშვილს საპროტესტო აქციაში მიეღო მონაწილეობა. მაგრამ ამჯერად დედები თავად შემოგვიერთდნენ და ციხეში წასვლაზეც კი თანახმანი იყვნენ.“

ეგვიპტეში ხალხი ცოტა კონსერვატორია. გოგონები გარეთ უმიზეზოდ ვერ რჩებიან - მით უმეტეს, გვიანობამდე. მაგრამ ამ დღეებში ჩვენ, გოგონები, გარეთ ვატარებდით ღამეებს და დღეებს ...
აჰმედი, საპროტესტო აქციების მონაწილე მამაკაცი, რომელმაც რადიო თავისუფლებას გვარი არ გაუმხილა, ამბობს, რომ საპროტესტო აქციებში ქალებმა იმაზე დიდი როლი შეასრულეს, ვიდრე ამას ვინმე ელოდა.

„ქალების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ აქციებს ეთიკურობა შესძინეს და პირველ დღეებში მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნებაც შეძლეს“, - გვითხრა აჰმედმა და დასძინა: „მაგრამ მერე რამდენიმე გოგო შეტაკებების შედეგად დაშავდა კიდეც.“

აჰმედისა და ოსმანის შეფასებით, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების პირველ დღეებში ყოველი ოთხი დემონსტრანტიდან ერთი ქალი იყო.

ისინი საზოგადოების ბევრ ფენას წარმოადგენდნენ - ყველა ასაკს, სოციალურ კლასს და პოლიტიკურ თუ რელიგიურ შეხედულებებს. აქციებზე ნახავდით დასავლური სტილით ჩაცმულ ახალგაზრდა გოგონებს, რომელთა გვერდით ყველაზე კონსერვატიული რელიგიური სამოსით - ნიყაბით - მისული ქალები იდგნენ. პროტესტს ერთნაირად გამოთქვამდნენ მუსულმანები, ქრისტიანები და ათეისტები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ქალები მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ მიმართულ აქციებში არ აქტიურობდნენ - მთავრობის მომხრეთა რიგებშიც მრავლად იყვნენ წარმოდგენილნი.

მას შემდეგ, რაც აქციებზე ძალადობა გახშირდა, მთავრობის მოწინააღმდეგეებმა ქალებს და ბავშვებს მოუწოდეს დაეტოვებინათ ტაჰრირის მოედანი. თუმცა ოსმანს მაინც მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციების პირველ დღეებში ქალების აქტიურობა უპრეცედენტო იყო: „ეგვიპტეში ხალხი ცოტა კონსერვატორია. გოგონები გარეთ უმიზეზოდ ვერ რჩებიან - მით უმეტეს, გვიანობამდე. მაგრამ ამ დღეებში ჩვენ, გოგონები, გარეთ ვატარებდით ღამეებს და დღეებს. ქუჩებს კაცებთან ერთად ვალაგებდით. ქუჩაში ვცხოვრობით, რაც ძალიან, ძალიან უჩვეულოა.“

გენდერული როლები და საზოგადოებრივი შეხედულებები ეგვიპტის ისტორიის მანძილზე მუდმივად იცვლებოდა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ქვეყნის ისტორიაში ქალები ათასწლეულების განმავლობაში აქტიურ როლს ასრულებდნენ. ამის დასტურად უკვე ერთგვარ კლიშედ ქცეული ფიგურის - ეგვიპტის უკანასკნელი ფარაონის, კლეოპატრას გახსენებაც კმარა. ისლამურ პერიოდში ასევე ქალი - შაიარ ალ-დური - გახდა ეგვიპტის სულთანი და მამლუქების დინასტიის დაარსებაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

თანამედროვე ეპოქას რაც შეეხება, ეგვიპტის მეჯლისში, ანუ პარლამენტში, პირველი ქალი 1957 წელს გახდა დეპუტატი. თუმცა მას შემდეგ ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების როლი გაფერმკრთალდა. ყველაზე ცუდად საქმე 2005 წელს იყო, როცა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დეპუტატის მანდატი მხოლოდ 4-მა ქალმა მოიპოვა.

ვითარების გამოსწორების მიზნით, მმართველმა ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ კვოტების სისტემა აამუშავა. ქალები დაინიშნენ მოსამართლედ, უნივერსიტეტის რექტორად და მინისტრებად. კვოტები დაწესდა საპარლამენტო მანდატებზეც, რასაც ოპოზიციური ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

პოლიტიკის მიღმა, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ქალები ხშირად ჩივიან, რომ შევიწროებისა და შეურაცხყოფის ობიექტები ხდებიან ხოლმე. თუმცა, ოსმანის თქმით, მიმდინარე დემონსტრაციებზე ესეც კი არ იგრძნობოდა: „სიმართლე გითხრათ, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა, რომ ქუჩაში გავედი და არავინ შემაწუხა. მართლა საოცარი კვირა იყო - უტოპიას ჰგავდა. საპროტესტო აქციების დღეები უტოპია იყო, იმიტომ რომ ჩემთვის არც ერთ კაცს არ შემოუხედავს ვნებით. პირიქით, ისინი ჩვენ ძალიან ძლიერად გვიცავდნენ.“

კულტურული სტერეოტიპების გარდა, ეგვიპტეში ქალების პრობლემას ეკონომიკური გაჭირვებაც წარმოადგენს.

24 წლის ნურ ფადლი მენეჯერია და სამსახურიც აქვს, თუმცა, როგორც ამბობს, პრობლემები მაინც რჩება: „სამსახური, სადაც ახლა ვმუშაობ, კარგია - ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი სამუშაოა კერძო სექტორში, მაგრამ საკმარისი შემოსავალი მაინც არ მაქვს იმისათვის, რომ სახლი მქონდეს, ოჯახი შევქმნა და შვილები სკოლით, სამედიცინო მომსახურებით და ყველა ძირითადი საჭიროებით უზრუნველვყო. წინ რთული ცხოვრება მელის.“

და მაინც,ბევრი ეგვიპტელი ქალი ხაზგასმით ამბობს, რომ მათ იგივე მოთხოვნები აქვთ, რაც კაცებს.

ტაჰრირის მოედანზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, ლინა მარაჰმა, ეს ასე შეაჯამა: ჩვენს სიტუაციაში კაცებსა და ქალებს შორის განსხვავება აღარ არსებობსო.
XS
SM
MD
LG