Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაია ლომინეიშვილი - მოჭადრაკე


30 იანვარი, კვირა
დილით ბაკურიანში გავიღვიძე. გუშინ საღამოს ვახომ გადაწყვიტა, შაბათ-კვირას ჰაერი გამოგვეცვალა - ძალიან დაძაბული იანვრის თვე მქონდა. გამახსენდა განვლილი დღეები, ანაკლია.

...9-21 იანვარს ანაკლიაში საქართველოს ჩემპიონატში ვითამაშე ქალთა შორის. საკმაოდ დაძაბული ტურნირი იყო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტურნირისთვის სათანადოდ ვერ მოვემზადე: 8 იანვარს თსუ-ს კორპორაციული საღამოს ორგანიზება მევალებოდა და მთელი დღეები ამ საქმეზე დავრბოდი.

ანაკლიაში პირველად ვიყავი. ძალიან კარგი სასტუმრო დაგვხვდა: მზიანი, თბილი ამინდი და ირგვლივ მხოლოდ პლაჟი და ზღვა. ერთი სიტყვით, იდეალური პირობები ჭადრაკის სათამაშოდ!

ანაკლიის ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, ეგ იყო, რომ მოწინააღმდეგეები იცვლებოდნენ. დაძაბულ ბრძოლაში პირველი ადგილი დავიკავე და მეხუთედ მოვიპოვე ჩემპიონის ტიტული, რაც საქართველოსთვის რეკორდია. სიმართლე ვთქვა, არ ველოდი ასეთ წარმატებას, რადგან მეტოქეები ჩემზე გაცილებით უკეთ იყვნენ მომზადებული...

დილით მსუბუქად ვისაუზმეთ და სუფთა ჰაერზე გავისეირნეთ. ჩემდა გასაკვირად, ბაკურიანში ცოტა ხალხია. არადა, შუა სეზონია და ამ დროს ტურისტების ბუმი უნდა იყოს. სადილად „ტერემოკში“ შევიარეთ, მერე ისევ ვისეირნეთ, დიდ ველზე ავედით. სამწუხაროდ, თხილამურებზე არ ვდგავარ და ვერ ვისრიალე. არადა, ძალიან მინდოდა. კობა ხაბაზი ვნახე, დიდი ხანი არ მენახა. ოჯახთან ერთად არის ამოსული სასრიალოდ. ჩამოსრიალება მინდოდა რეზინის რგოლით და ვახომ დამცინა, ამ რგოლებით პატარა ბავშვები სრიალებენ, ამხელა ქალი მანდ არ დაჯდეო! სხვა რა გზა იყო, კაფეში შევედით და კაპუჩინო დავლიეთ.
თავისუფლების დღიურები - მაია ლომინეიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:08:22 0:00
გადმოწერა

ხო, მართლა, გუშინ სასაცილო მდგომარეობაში აღმოვჩნდით: დიდ ველზე საბაგიროთი ბოლომდე ავედით. ისე დაემთხვა, რომ ზედა საბაგირო იკეტებოდა, ბოლო მგზავრები ჩვენ ვიყავით. თურმე, ბოლო ხუთი წუთი საბაგირო მოძრაობს უკანა სვლით, რომ სავარძლები დააბინაონ და ჩვენც უკანა სვლით მოგვიწია ქვევით ჩამოსვლა!

საღამოხანს თბილისში წამოვედით, დავუბრუნდით ჩვეულ რუტინას.

31 იანვარი, ორშაბათი
დადგა ორშაბათი. ისევ დილით ადრე ადგომა, სამსახური... ისე სასიამოვნოა წარმატების მერე სამსახურის პირველი დღე, როცა ყველა გილოცავს! ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში ვმუშაობ.
შესვენების დროს ჩემს მეგობარ სოფო ხუციშვილს გავუარე და თეატრ „ნაბადში“ მოვინახულეთ ნინო ტურაბელიძე. დიდი ხანია, ერთად აღარ დავმსხდარვართ და სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია. არადა, ზუსტად შარშან ამ დროს დიდ გაწამაწიაში ვიყავით: კლუბ „ქალაქურში“ ვგეგმავდით 14 თებერვლის ღონისძიების მოწყობას, რომელშიც დიპკორპუსს უნდა მიეღო მონაწიელობა. საკმაოდ საინტერესო პროექტი იყო, მაგრამ სპონსორებმა ბოლო წუთს გვიმტყუნეს და ამდენი შრომა ჩაგვეშალა. ახლაც დავიწყეთ რაღაცების დაგეგმვა. ვნახოთ, რა გამოგვივა...

მოგვიანებით რაგბის ფედერაციაში ვიყავი გია ნიჟარაძესთან. გიას დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია, ნამდვილი ქალაქელი კაცი. რადიო „თავისუფლებიდან“ რომ დამირეკეს, ცოტა დავიბენი - დღიურები დიდი ხანია აღარ დამიწერია-მეთქი. გიორგი ჭანიშვილთან ავედი სპორტისა და ახალგაზრდული საქმეების დეპარტამენტში, ჩვენს შენობაში არიან. ვიცოდი, მასაც ჰქონდა დაწერილი დღიურები და ვთხოვე, ზუსტად ამიხსენი, რა დღიურები უნდა დავწერო-მეთქი. მის ოთახში რომ შევედი, ვნახე დიდი ხნის უნახავი სალომე ბენიძე (ადრე უნივერსიტეტში საახალწლო წვეულება მოვაწყვე და სალომე იყო ჩემი „სნეგუროჩკა“. სხვათა შორის, ტელეფონშიც ასე მეწერა: „სალო სნეგუროჩკა“).

მერე სავარჯიშოდ წავედი ბაგების აუზზე, ერთწლიანი პაუზა მქონდა გაკეთებული და აშკარად ძალიან მჭირდებოდა ფიზიკური ვარჯიში, ცურვა... დაძაბული დღის მერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვა, თან იქ იმდენად კარგი გარემოა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ ხოლმე.

რვა ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. დედაჩემს კარგი ვახშამი ჰქონდა მომზადებული, გემრიელად გეახელით და მერე გიბრალტარის ტურნირს „ლაივ“ რეჟიმში ვუყურებდი.

1 თებერვალი, სამშაბათი
როგორც ყოველთვის, მაღვიძარამ დარეკა 7 საათსა და 45 წუთზე, ცოტა ხანი კიდევ გავიხანგრძლივე დილის ძილი, მაგრამ ეს სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა. ნელ-ნელა გავემზადე სამსახურში წასასვლელად.

ახალი წლების მერე ნანახი არ მყავდა ლილიკო ნემსაძე. ჯერ მე ვიყავი ანაკლიაში წასული და მერე ის - ეგვიპტეში. ჩვენს ოთახს სწორედ ლილიკოს ხალისი აკლდა ამ დროის განმავლობაში.

დღეს კარგი ამბავი გავიგე! სავარაუდოდ, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის თბილისში ჩატარდება! 14-15 თებერვალს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი თბილისს ეწვევა, ნახავს არსებულ ინფრასტრუქტურას და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ დღეებში ყველაფერი ზუსტად გაირკვევა. ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ შემომთავაზა ჩემპიონატის „დაპიარება“, ამ შემოთავაზებას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ ჩემი ვიზიტი გიასთან: მას დახმარება შევთავაზე პიარის მიმართულებით.
სადილს კი „ტერემოკში“ გეახელით - ისე მომინდა ბორშჩი!..

ცოტა ხანში დამირეკეს „დღის შოუდან“ და მთხოვეს, ოთხშაბათს მათთან სტუდიაში მივსულიყავი. დავთანხმდი. საინტერესო თემაა: „30 წელს გადაცილებულების ქორწინება“. სახლში რომ გამოვაცხადე, ხვალ დღის შოუში მიმიწვიეს-მეთქი, ცოტა დაიბნენ.

ცოტა ადრე წავედი სახლში. ვიფიქრე, გზაში მაღაზიაში შევივლი, რამე ახალ ტანისამოსს შევიძენ-მეთქი. პეკინზე გავიარე, მაგრამ ვერაფერი ნორმალური ვერ ვნახე. ისევ ჩემი გარდერობიდან გავაკეთე არჩევანი.
საღამოს კვლავ გიბრალტარის ტურნირს ვუყურებდი ინტერნეტით (ინტერნეტი რომ არ მქონდეს, არ ვიცი, რა მეშველებოდა! ისე, უწინ როგორ ვცხოვრობდით კომპიუტერისა და ინტერნეტის გარეშე?!) სალომე მელიაზე გავბრაზდი: საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა და მოგებულ პოზიციაში ერთსვლიანი მუდმივი ქიში დასვა!!!

ამასობაში დუბაიდან მომივიდა მოწვევა - აპრილში დუბაიში მივდივარ! უფ, რა კარგია: კარგი სასტუმრო, კარგი ტურნირი, თან ცოტას ვიშოპინგებ.

მოგვიანებით ტელევიზორს ვუყურე და გავეშურე დასაძინებლად.

2 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს მარხვაა და ჩემი საყვარელი სოსისი ვერ მივირთვი საუზმეზე.
სამსახურში ყველაფერი ძველებურად არის. დღეს რაღაც შოპინგი მომინდა! შევედი ჩემს საყვარელ „გესში“ და რაღაცები ვიყიდე. ხანდახან ისე გავა რამდენიმე კვირა, შეიძლება თვეც, რომ არაფრის ყიდვა არ მომინდება, ხანდახან კი...

სამწუხაროდ, „დღის შოუში“ ვერ წავედი, რაღაც, შეუძლოდ ვგრძნობდი თავს.

მოგვიანებით სახლში წავედი. ისე, დღეს ნაკლებად სასიამოვნო დღე მქონდა...

3 თებერვალი, ხუთშაბათი
დღეს ცუდ გუნებაზე ავდექი. წავზოზინდი სამსახურში.

თენგომ მითხრა, უკრაინელები არიან ჩამოსულები და ერთ-ერთს თბილისში უნდა 50 წლის იუბილის გადახდაო. მათთვის სასურველი პროექტი გამაცნო, საკმაოდ ორიგინალურად სურთ 14-15 თებერვლის გადახდა. ამ ფულიან ხალხს რას გაუგებ?

მერე ნინოსთან წავედი „ნაბადში“, პროგრამის დეტალები გავიარეთ. რუსთაველზე შევიარე სუვენირების მაღაზიაში, უკრაინელ სტუმრებს აინტერესებთ ქართული სუვენირების ყიდვა, საკმაოდ ლამაზი ნაკეთობები ჰქონდათ. მოგვიანებით თსუ-ში დავბრუნდი.

ექვსი საათი ხდებოდა, სახლში რომ დავბრუნდი. ჩემი მეზობელი, ხატია იყო მოსული დედამისთან. რამდენი ხანია, არ მინახავს მისი პატარა სალუკა! რა მალე იზრდებიან ბავშვები!..

განსაკუთრებული მეტი აღარაფერი მომხდარა.

4 თებერვალი, პარასკევი
დილით, ჩვეულებისამებრ, სამსახურისკენ გავეშურე. 11 საათზე ნინო ხურციძესთან მივედი. ზურა სტურუა უნდა მოსულიყო სამეცადინოდ. ნაკრების შეკრება დაგვეწყო, დღეში ოთხსაათიანი ინტენსიური მეცადინეობები. არ ვიცი, ამდენს როგორ გავუძლებ: ჭადრაკში ასეთი ინტენსიური დატვირთვა, სამსახური, ცალკეული საქმეები, ოჯახი... თითქმის 4 საათამდე ვიმეცადინეთ. ცოტა კი დავიღალე ბოლოს.

იქიდან სამსახურში დავბრუნდი. 6 საათისთვის ერთ-ერთი უკრაინელი სტუმარი, დიმიტრი, უნდა მოსულიყო და იუბილის დეტალები გაგვევლო. ნამეტანი „იდეინი“ ხალხია, ისეთი ტორტი მინდა, ზედ ყაზბეგის მთები და ჩანჩქერი რომ იყოსო! დავრეკე „სტელა კეიკსში“ და... რა პრობლემაა, გავაკეთებთო! რაღაცებს ჰყვებოდა: გუდაურში ვიღაც გაუცვნია და ქართულ ტრადიციებზე რაღაცებს მომიყვაო; მაგალითად, ხინკალს როცა ახვევენ, ორ ხინკალში დებენ ფულსო! ერთი კაცს უნდა შეხვდეს, მეორე კი - ქალსო, და მერე ისინი წყვილებად ცხადდებიანო! ეს რა საინტერესო ტრადიცია გვქონია, არ ვიცოდი! მე მოვუყევი ჩვენი ტრადიციების და ქართული ელემენტების შესახებ. განსაკუთრებით მოეწონა ძველი ტრადიცია, ფიალებში ცეცხლი რომ ეკიდა და სერენადებს რომ უმღეროდნენ ქალბატონებს. ერთი სიტყვით, მგონი რაღაცებში გავერკვიეთ.

სახლში ცოტა გვიან მოვედი. დავრბოდი ამათი იუბილის ორგანიზების ამბებზე, ცოტა კი დავიღალე.

5 თებერვალი, შაბათი
დილიდან ისევ შევუდექი დღიურის წერას.

მერე - ჭადრაკი და მეცადინეობა. დღეს ვერ გავაცდენ.

მერე უკრაინელების იუბილის საქმეებზე ვზრუნავ. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების უამრავი დეტალი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. დილიდან ვრეკავ სასტუმროებში, 200 სტუმარი მყავს დასაბინავებელი.

ახლა რადიო თავისუფლებაში წავალ და მერე ისევ ჭადრაკს მივუბრუნდები. არც ვიცი, როდის დავბრუნდები სახლში...
XS
SM
MD
LG